ძიუდო

10:52 | 11.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოხვდება თუ არა მიხაილინი თბილისის განაცხადში?

რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების ვარსკვლავი, მძიმეწონოსანი, ალექსანდრ მიხაილინი ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ტატამს შესაძლოა, თბილისის მსოფლიოს თასზე დაუბრუნდეს. ინფორმაცია ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტ-ფორუმზე ამ დღეებში გავრცელდა, მაგრამ მის ოფიციალურობაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონი დიდ სპორტს შარშან გაზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე მიღებულმა ჯვარედინი მყესების ტრავმამ ჩამოაშორა. სარეაბილიტაციო პერიოდი თითქმის 3 თვე გაიწელა, შემდეგ კი, მიხაილინი მშობლიურ კლუბს, “სამბო-70”-ს დაუბრუნდა და ინდივიდუალური გრაფიკით – შეზღუდული დატვირთვებით განაახლა ვარჯიში, შემოდგომიდან კი, დაბალი რანგის ტურნირებშიც გამოჩნდა და საკმაოდ წარმატებულადაც. დეკემბრის ბოლოს რუსეთის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჩვეულად ჭიდაობა ვერ შეძლო – გულშემატკივრები მხოლოდ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოპოვებული ვერცხლის მედლით გაახარა.
“დაახლოებით ნახევარი წელი გამიცდა. ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ ძალიან ბევრი მიკლია. უმთავრესი პრობლემა კი ისაა, რომ იძულებითმა პაუზამ ტატამის გრძნობა დამაკარგვინა. საამისოდ რაც შეიძლება ბევრი ტურნირი მჭირდება და შევეცდები უარი არც ერთ შეჯიბრზე არ ვთქვა. იმედია, ნაკრების ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შემიწყობს ხელს. მზად ვარ სტაბილურად, თვეში ორ ტურნირზე ვიჭიდავო. უმთავრესი ოცნება – ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა აუცილებლად უნდა ავიხდინო. ამ შანსის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლება. წინ უმნიშვნელოვანესი სეზონია, რომელზეც რაც შეიძლება მეტი სარეიტინგო ქულა უნდა დავაგროვო” – განაცხადა ამასწინათ მიხაილინმა, ერთ-ერთი რუსული სპორტული გამოცემისთვის გაკეთებულ კომენტარში.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უხვტიტულა მძიმეწონოსანს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აქამდე არასოდეს მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არენაზე მაშინდელ უშუალო კონკურენტთან, ტამერლან ტმენოვთან შედარებით, გაცილებით შედეგიანად გამოდიოდა, ამ უკანასკნელთან ოლიმპიადისწინა გადამწყვეტი საკონტროლო შეხვედრის მოგება ერთხელაც ვერ შეძლო. ტმენოვმა სპორტული კარიერა დაასრულა და მიხაილინისთვის ერთი წინაღობა თავისთავად მოიხსნა, თუმცა, მიზნის მიღწევა მაინც რომ არ იქნება ადვილი, რუსეთის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. სახელოვანმა ძიუდოისტმა, მძიმე და აბსოლუტურ წონებში ერთსა და იმავე მეტოქესთან - ანდრეი ვოლკოვთან წაიფორხილა.
“მსოფლიო სპორტმა” საქართველოს ძიუდოს ფედერაციიდან შეიტყო, რომ რუსეთის ფედერაციას, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილე ნაკრების წინასწარი განაცხადი უკვე გამოგზავნილი აქვს და იგი მიხაილინის გარეშეა შევსებული, თუმცა, ტურნირამდე ჯერ 3 კვირა რჩება. რუსთა იტალიელი დამრიგებელი, ეზიო გამბა შემადგენლობაში არაერთ ცვლილებას განახორციელებს და იქნებ სიაში სახელოვანი მძიმეწონოსანიც შეიყვანოს.
ალექსანდრ მიხაილინი, მსოფლიოს რეიტინგსიაში 278 ქულით, 29-ე ადგილზეა. ქართველ ძიუდოისტთაგან მასზე წინ დგანან ზვიად ხანჯალიაშვილი (21-ე ადგილი, 348 ქულა) და ადამ ოქრუაშვილი (26-ე ადგილი, 308 ქულა), ხოლო ლაშა გუჯეჯიანი 18 სარეიტინგო ქულით და 2 პოზიციით ჩამორჩება. აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც, ბოლო წლებში გუჯეჯიანმა და ხანჯალიაშვილმა რუსი ვარსკვლავი რამდენიმეჯერ დაამარცხეს.  
 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168076