ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უმთავრესი მეტოქე ჩეხეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელთანაც იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა გასულ ევროპის ჩემპიონატზე 79:95 წააგეს. მიუხედავად ამისა, გასაკვირი არაა, რომ ჩეხებიც ყველაზე მეტად საქართველოს უფრთხიან.
მომავალ მატჩებზე კომენტარი ჩეხეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონენ გინზბურგმა (ისრაელი) გააკეთა, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე პაველ ბუდინსკი ჩაანაცვლა:
“წილისყრით უკმაყოფილო არ ვარ. შეიძლებოდა, უფრო იოლი ჯგუფიც შეგვხვედროდა და უფრო რთულიც. თუკი მომავალ მატჩებს ტრავმების გარეშე შევხვდებით, ფინალური ეტაპის საგზური უნდა მოვიპოვოთ. ძირითადი ბრძოლა საქართველოს ნაკრებთან გვექნება, რომელსაც გასულ ევროპასკეტზე კი მოვუგეთ, თუმცა, მაშინ ამჟამად “მილუოკის” წევრ ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია. ქართველებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ”.
გინზბურგმა საკუთარი აზრი ჯგუფში ნაკრებთა რაოდენობასა და კალენდარზეც გააკეთა: “ჩემი აზრით, კარგია, რომ ოთხგუნდიან ჯგუფში მოვხვდით. მატჩების რაოდენობა იზრდება და ეს, შეთამაშებითვის კარგია. ცუდი ისაა, რომ პირველი შეხვედრა თბილისში გვაქვს. ძალიან რთული მატჩი იქნება, თუმცა, თუ ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, იქ მოგებაც არ იქნება შეუძლებელი”.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში საქართველოს და ჩეხეთის გარდა, პორტუგალია და უნგრეთიც ითამაშებენ. ქართველი კალათბურთელები ჩეხეთს გახნის მატჩში, 10 აგვისტოს უმასპინძლებენ, საპასუხო თამაში კი 20 აგვისტოს შედგება.