7 აგვისტოს, მაიამიში, “გინესის ჩემპიონთა თასის” ფინალში, ჟოზე მოურინიო პირისპირ შეხვდება მადრიდის “რეალს”, გუნდს, საიდანაც ახლახან წამოვიდა. ასევე თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება მადრიდელთა ახალი თავკაცი - კარლო ანჩელოტიც.
“არისტოკრატებმა” ნიუ ჯერზიში მეორე მილანური კლუბიც დაამარცხეს (1 აგვისტოს, ინდიანაპოლისში მათ “ინტერს” 2:0 მოუგეს). ამჯერად მათი მსხვერპლი” “მილანი” გახდა. “ლურჯებს” აკლდათ ტრავმირებული დავიდ ლუისი, რომელსაც მუხლის ტრავმა ჰქონია. სხვათა შორის, Daily Mail-ის ცნობით, ბრაზილიელით “ბარსელონა” ყოფილა დაინტერესებული. “ჩელსი” მასში დაახლებით 45 მილიონ გირვანქას ითხოვს, კატალონიელები კი 35 მილიონს იძლევიან. “ბარსას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამაც დაადასტურა, რომ ლუისის შეძენა მათთვის პრიორიტეტული საქმეა.
არ იყო ფრენკ ლამპარდიც, რომელსაც აქილევსის მყესი აწუხებს და ამ მიზეზით გუნდის წინასასეზონო შეკრება გაუცდა. მოურინიო იმედოვნებს, რომ ფრენკი ფინალში მაინც ითამაშებს. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ მას სეზონის დასაწყისი გაუცდება.
“გინესის ჩემპიონთა თასი” მაინც ამხანაგური ტურნირია და მოთამაშეები, ცხადია, ტრავმიანობას ერიდებიან. ამისდაკვალად, ჟინიც ისეთი ვერ არის, როგორც ნამდვილ ჩემპიონთა ლიგაშია ხოლმე. ამ მატჩში “ჩელსიმ” უფრო გუნდური ფეხბურთი ითამაშა, მილანელები კი ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ წარმატების მიღწევას.
პირველი გოლი 28-ე წუთზე გავიდა. აზარმა მარცხენა ფრთაზე ოსკართან “კედელი” გაითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა და იქ ყველას 22 წლის ბელგიელმა კევინ დე ბრიუინმა დაასწრო. შემდეგ სახიფათო მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა ბოლოს ისევ ლონდონელებმა იყოჩაღეს. მსაჯის მიერ დამატებული დრო მიმდინარეობდა, როცა მოზესმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ანდრე შურლე შეამჩნია და ექს-ლევერკუზენელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 0:2.
“ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და სეზონის წინ ეს ძალიან სასარგებლოა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს. თუ მეკარე მარკ შვარცერს არ ჩავთვლით, რომელიც 40 წლის ასაკშიც ინარჩუნებს ჩინებულ ფორმას, შესანიშნავი საშუალო ასაკი გამოვა, რომელიც ახლო მომავალში კიდევ მოუმატებს, - თქვა მატჩის შემდეგ მოურინიომ, - დღევანდელი შეხვედრის ბედი დიდწილად ნიჭიერმა და სწრაფმა ნახევარმცველებმა გადაწყვიტეს: ედენ აზარი, ანდრე შურლე, ვიქტორ მოზესი და კევინ დე ბრიუინი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. ახლა მოთამაშეებს არა მარტო წლევანდელი სეზონისთვის, არამედ მომავალზე გათვლითაც ვამზადებ. რაც შეეხება ფინალს, მადრიდის “რეალის” ამ ტურნირში მონაწილეობა სწორედ მე დავადასტურე (იცინის), თუმცა უკვე ვიცოდი, რომ “ჩელსიში” უნდა გადავსულიყავი. ეს იქნება სასარგებლო მატჩი განსაკუთრებულ გუნდთან. აქ მთავარი გამარჯვება არ არის, მთავარია სეზონის დასაწყისს მომზადებული შევხვდეთ.”
მილანი – ჩელსი 0:2 (0:1)
მილანი: აბიატი, ანტონინი (ძაკარდო 46), საპატა (პოლი 68), სილვესტრე, ემანუელსონი (კონსტანტი 68), დე იონგი, მუნტარი, მონტოლივო (ნოჩერინო 55), ბოატენგი (პასიფიკო 75), ბალოტელი (პენტანია 46), ელ შაარავი (ნიანგი 55)
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
ჩელსი: ჩეხი (შვარცერი 46), ასპილიკუეტა (ტერი 46), ივანოვიჩი, კეჰილი, ბერტრანი (ეშლი კოული 46), ვან გინკელი (მიკელი 65), ესიენი (რამირესი 46), დე ბრიუინი (მოზესი 46), ოსკარი (მატა 46), აზარი (შურლე 65), ბა (ტორესი 46, ლუკაკუ 85)
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 დე ბრიუინი (28), 0:2 შურლე (90+2)
გაფრთხილება: ანტონინი (41), სილვესტრე (68); ივანოვიჩი (18)