ფეხბურთი

0:00 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მოუმ” ბრენდანს “ხეზე ასვლა” არ ასწავლა

 

მართლაც ბედის ირონიაა, “ლივერპულმა” სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო 

“ჩელსისთან.” წააგო დიდებული კაპიტნის, სტივენ ჯერარდის შეცდომის გამო. ლამის მთელი ინგლისი ქომაგობდა სტივი ჯის, ეგებ ერთხელ მაინც მოიგოს პრემიერლიგაო, მაგრამ სწორედ კაპიტნის შეცდომამ გააფუჭა ყველაფერი. თუმცა მთლად თავისი ბრალიც არ ყოფილა. პირველი ტაიმის დამატებული წუთები მომდინარეობდა, მსაჯი ატკინსონი სტუმრებს მიუნიშნებდა დრო ნუ გაგყავთო და ამ დროს ჯერარდს ცენტრის სიახლოვეს ფეხი დაუსრიალდა, იქვე მყოფმა დემბა ბამ ბურთი “გაიტაცა” და მეკარესთან პოირისპირ გასულს გატანა აღარ გასჭირვებია. ეს, არცთუ მწყობრად მოთამაშე მასპინძლებისთვის განაჩენის გამოტანას ჰგავდა. მეორე ნახევარში როჯერსის შეგირდები ცდილობდნენ, მაგრამ ქაოსურად უტევდნენ და რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე თითქმის არ მიდიოდა. “ჩელსი” დიდი ძალებით იცავდა თავს და საჯარიმოში შესვლა ჭირდა, ამიტომ მასპინძლებმა შორიდან დარტყმებით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს კი მეორე ბურთიც მიიღეს. საერთოდ “ლივერპული” თითქოს საკუთარ თავს არ ჰგავდა, მნიშვნელოვანი მატჩის წნეხს ვერ უმკლავდებოდა. მოურინიუმაც დააბნია. მთელი კვირის მანძილზე იმეორებდა “ენფილდზე” მეორე შემადგენლობით ვითამაშებო, საბოლოოდ ლიდერები კი დაასვენა, მაგრამ მთლად “დუბლები” არ ეთქმოდა. შესაძლოა, ამანაც მოადუნა მერსისაიდელები. მაგრამ რაც მთავარია, მოურინიუმ ტაქტიკურად მოუგო როჯერსს. ძალიან კარგად ითამაშეს უკანა და შუა ხაზებმა. ლივერპულელები წლეულს არცერთ მატჩში არ ყოფილან ერთმანეთისგან ასე იზოლირებულნი. მოგეხსენებათ, მოურინიუ და როჯერსი კარგად იცნობენ ერთმანეთს, როჯერსი “მოუს” გარკვეულწილად თავის მასწავლებლადაც მიიჩნევს. ამჯერად კი ის შემთხვევა იყო, როცა მოძღვარმა აჯობა შეგირდს.

Mმოკლედ, ლივერპულური ზღაპარი დამთავრდა. ზედიზედ 11 გამარჯვება ხუმრობა არ არის და სადღაც უნდა შეწყვეტილიყო. თუმცა საჩემპიონო ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და დარჩენილ სამ ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომაცაა პრემიერლიგა მიმზიდველი.

ამით ისარგებლა “მანჩესტერ სიტიმ.” ნახსენები მატჩის შედეგი უკვე იცოდნენ და ხომ წარმოგედგინიათ როგორი მოტივაცია ექნებოდათ. “ქალაქელებმა” ბოლო დროს კარგად ათამაშებულ “კრისტალ პალასს” 2:0 მოუგეს და “დაკარგული ქულებით” “ლივერპულს” დაეწივნენ, თუმცა პელეგრინის ბიჭებს ის გამოტოვებული მატჩი კიდევ მოსაგები აქვთ.

თანაც სტუმრებისთვის ყველაფერი ჩინებულად დაიწყო. უკვე მე-4 წუთზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა იაია ტურემ საჯარიმოს გარედან შორეულ ძელთან ჩაჰკიდა ბურთი და იქ ჯეკომ თავით ყველას დასწრო. მასპინძლები პატიოსნად ცდილობდნენ მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ტაიმის ბოლოს იმავე ტურემ ულამაზესი ბურთი გაუტანა ცხრიანში სპერონის და ამით, ფაქტობრივად, დაამთავრა საქმე. ტონი პულისის შეგირდებს არც მეორე ნახევარში დაუკლიათ ცდა, მაგრამ “სიტი” შეუვალი იყო.

დღის ადრეულ მატჩში კი აუტსაიდერმა “სანდერლენდმა” უშუალო კონკურენტი “კარდიფ სიტი” 4:0 გაანადგურა და გასავარდნ ზონაში მყოფ სამეულს თავზე მოექცა.

სანდერლენდი – კარდიფ სიტი 4:0 (2:0)

სანდერლენდი. “ლაითი.” 42 397

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ვერგინი, მარკოს ალონსო, ჯონსონი (გარდნერი 84), კატერმოლი, ლარსონი (ჯაკერინი 73), კოლბექი (ბრიდკატი 84), უიქემი, ბორინი

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

კარდიფ სიტი: მარშალი, თეოფილე კეტრინი, ხუან კალა, ფაბიო (ჯონსი 64), კოლკერი, უითინგემი, კოუვი (ზაჰა 46), მედელი, მატჩი, დელი, კემპბელი (ბელამი 74)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

გოლები: 1:0 უიქემი (26), 2:0 ბორინი (45+1 პენალტით), 3:0 ჯაკერინი (76), 4:0 უიქემი (86)

გაფრთხილება: ვერგინი (37), ლარსონი (54), ჯაკერინი (76), ბორინი (83), გარდნერი (90+4); მატჩი (36), მედელი (39), ფაბიო (53),

გაძევება: ხუან კალა (45)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 4(6)-1(4), ჯარიმა: 10-9, კუთხური: 11-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-3

 

ლივერპული – ჩელსი 0:2 (0:1)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 726

ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლენაგანი (იაგო ასპასი 81), ჯერარდი, ლუკას ლეივა (სტარიჯი 58), ალენი, ფილიპე კოუტინიო, სტერლინგი, სუარესი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ჩელსი: შვარცერი, ეშლი კოული, იავანოვიჩი, ასპილიკუეტა, კალასი, ლამპარდი, ობი მიკელი, მატიჩი, მუჰამედ სალა (ვილიანი 60), ბა (ფერნანდო ტორესი 84), შურლე (კეჰილი 77)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

გოლები: 0:1 ბა (45+4), 0:2 ვილიანი (90+4)

გაფრთხილება: მუჰამედ სალა (21), ლამპარდი (43), ეშლი კოული (90+3), ფერნანდო ტორესი (90+3)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 9(11)-3(2), ჯარიმა: 9-8, კუთხური: 14-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-8

 

კრისტალ პალასი – მანჩესტერ სიტი 0:2 (0:2)

ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 24 769

კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, დელანი, დენი, უარდი, იედინაკი, ლედლი, პანჩონი, ბოლასიე (ინსი 73), შამახი (გეილი 69), ჯერომი (მიურეი 69)

მწვრთნელი: ტონი პულისი

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი, მილნერი, ხავი გარსია, იაია ტურე (ფერნანდინიო 66), აგუერო (იოვეტიჩი 78), ჯეკო (ნეგრედო 88)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 ჯეკო (4). 0:2 იაია ტურე (43)

გაფრთხილება: დელანი (24), დენი (56), უარდი (69); საბალეტა (33)

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 2(1)-6(6), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 4-8, თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-2

 

მეგოლეები:

30 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

19 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)

17 - უეინ რუნი (3, “მანჩესტერ იუნჰაიტედი”)

16 – სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), ვილფრიდ ბონი (4, “სუონსი”)

15 – ჯეი როდრიგესი (საუთჰემპტონი”)

0.24339