ფეხბურთი

20:24 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური ფრე ქუთაისში

 

ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ ქუთაისში შედარებით გამოიდარა და ადგილობრივ “ტორპედოს” და ბოლნისის “სიონს” ნორმალურ კლიმატურ პირობებში მიეცათ თამაშის საშუალება. ქვემოქართლური საფეხბურთო კოლექტივი იმ მეტოქეთა სიას განეკუთვნება, რომლებიც უბრძოლველად არცერთ მეტოქეს არ ნებდებიან. ბუნებრივია, ახალი ფორმაციის “ტორპედოსათვის” სანაკრებო შესვენების შემდეგ “სიონი” სერიოზული გამოცდა გახლდათ. თანაც,Yთუ გავიხსენებთ იმ ფაქტსაც, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში ბოლნისელებმა რიონისპირელები სათასო ასპარეზობიდან მოულოდნელად გამოთიშეს, ადვილი მისახვედრი იქნება თუ რა განწყობით გავიდნენ ქვემოქართლელებთან სათამაშოდ ტორპედოელები. აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ გარკვეულწილად სწორედ იმ სათასო ასპერეზობაში განცდილმა კრახმა განაპირობა ის ცვლილებები “ტორპედოში”, რომელიც გასული სეზონის ბოლოს განახორციელეს ქუთაისური კლუბის მესვეურებმა.        

ბოლნისურ კლუბში საკმაოდ თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც თავის დროზე “ტორპედოს” ღირსება დაუცვიათ. ამავე დროს “სიონის” თავკაცი გიორგი კიკნაძეც ხელმძღვანელობდა რამდენიმე წლის წინ რიონისპირელთა გუნდს. “ტორპედოს” ფანებმა განსაკუთრებული სიყვარული ვალერი აბრამიძის მისამართით გამოხატეს, რომელიც იმ “ტორპედოს” ღირსებას იცავდა, რომელიც ზედიზედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. “ლეგენდა უკვდავია, ვალერი აბრამიძე - #22” – ასეთი შინაარსის პლაკატი გამოფინეს ქუთაისელთა ფანებმა, რაც ვფიქრობთ მისასალმებელი ჟესტია და კარგი იქნება თუ ასე კარგად დახვდებიან ყველა ქალაქში ფეხბურთელებს.

შდეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო. საწყის 10 წუთში უფრო სტუმრები აქტიურობდნენ. ყოველ შემთხვევაში, მათ ორჯერ მოიპოვეს კუთხურის ჩამოწოდების უფლება. შედარებით სახიფათო გამოდგა მეორე სტანდარტული, როდესაც აფციაურის ჩაწოდებულ ბურთზე მიმართულების შეცვლას თოთაძე აპირებდა ქუსლით, მაგრამ ქვილითაიას სწორად ჰქონდა შერჩეული ადგილი და სიტუაციაც არ გართულებულა. ქუთაისელთა მხრიდან პირველი დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით საბანაძემ შეასრულა დაახლოებით 22 მეტრიდან, თუმცა ფორვარდის მცდელობას სიზუსტე საკმაოდ დააკლდა. საერთოდ, თვალშისაცემი გახლდათ ქუთაისელთა რიგებში გიგაურის არყოფნა, ურომლისოდაც მასპინძლებს უჭირდათ შეტევების ორგანიზება.

საგოლე მომენტების მხრივ მწირ მატჩში გოლი 25-ე წუთზე გავიდა ტორპედოელთა კარში. “სიონის” შეტევისას, სტუმრებმა რამდენიმეჯერ ჩაწოდება სცადეს ქუთაისელთა საჯარიმოში, რომლის შედეგადაც დასავლელთა საჯარიმოში ბურთი სამხარაძემ მიიღო, რომელმაც სიტუაცია სწორად განჭვრიტა და გამოზომილი, მოჭრილი დარტყმით ბურთი ქვილითაიასაგან მარცხენა “ცხრიანში” ჩასვა. მართალია, ქუთაისელთა კიპერმა თავგანწირული ნახტომი შეასრულა, მაგრამ სამხარაძის იდეალური დარტყმას ვერაფერი მოუხერხა – 0:1.

ანგარიშში ჩამორჩენისთანავე ქუთათურები შტურმზე არ გადასულან. ისინი უფრო ბურთზე კონტროლის დაწესებას შეეცადნენ. სწორედ ამის წყალობით გაუკეთეს ორგანიზება მასპინძლებმა გამათანაბრებელ გოლს. მე-40 წუთზე მეტოქის ნახევარზე დიდებულად ითამაშა კუხიანიძემ, რომელმაც ბურთიანად ირბინა, რამდენიმე მეურვე ჩამოიშორა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფ საბანაძეს ზუსტად ჩაუწოდა. ნიკა ოსტატურად დაუძვრა მეტოქის ცენტრალურ მცველებს და  მაღალ ნახტომში თავურით ულამაზესი გოლი გაიტანა. ბურთი ხარიხას შეეხო და ისე “შევარდა” “სიონის” კარში. დარტყმული მართლაც უზადოდ იყო შესრულებული, თორემ მერლანს, რომელიც ძელთან ახლოს იდგა გარჯა არ დაუკლია, მაგრამ საბანაძის მცდელობას ვერაფერი მოუხერხა – 1:1.

ანგარიშის გათანაბრებისთანავე ორივე გუნდის კართან შეიქმნა რეალური საგოლე მომენტები, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარეებმა ივარგეს. პირველად, კუხიანიძის დიდებული გადაცემის შემდეგ ფანცულაია ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, მაგრამ მერლანმა ნახტომში უკუაგდო ახალგაზრდა ფორვარდის მცდელობა. საპასუხო შეტევაში კახელიშვილი დარჩა “ტორპედოს” მეაკრესთან, ქვილითაიასთან პირისპირ, მაგრამ მაქსიმემ დროულად დატოვა დასაცავი ობიექტი და თავდამსხმელს დარტყმის კუთხე შეუმცირა. შესაბამისად, კახელიშვილს დარტყმა გაუჭირდა და ქვილითაიამ მისი მოგერიება შეძლო. პირველი ტაიმი ლოგიკურად 1:1 დასრულდა. 

 თამაში სტუმართა სახიფათო იერიშით განახლდა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან კახელიშვილი შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში და მიკუჩაძის მისამართით გადაცემა გააკეთა, მაგრამ ფორვარდს სანდოხაძემ დაასწრო და ბურთი კუთხურზე გადააგდო. ძალიან მალე მასპინძლებს მიეცათ ხელსაყრელი მდგომარეობა, როდესაც კუთხურის შემდეგ ფანცულაია ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა გიორგის მცდელობას ძალაც და სიზუსტეც დააკლდა. ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ აღმოსავლელთა გამთამაშებელი აფციაური იყო ახლოს მიზანთან, თუმცა გამოცდილ ფეხბურთელს ორივეჯერ მიზანმა უმტყუვნა. პირველ შემთხვევაში თორნიკემ ცაციათი 25 მეტრიდან “დააქუხა” და ბურთი მცირე მანძილით აცდა ქუთაისელთა კარს, მეორედ კი კახელიშვილმა ითამაშა დიდებულად, ტორპედოელთა საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი ფეხზე დაასვა აფციაურს, რომელსაც ბურთი ფეხზე აეჭრა და მასპინძელთა კარს ზემოდან გადაევლო.

67-ე წუთზე გოლის გატანის 100%-იანი შანსი გაუშვა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ დარჩა. გიორგის პირველ დარტყმულზე ბოლნისელთა ცენტრალურმა მცველებმა იყოჩაღეს და დარტყმულს საკუთარი სხეულით გადაეფარნენ. ბურთი ისევ ფანცულაიას მიუვიდა, რომელსაც შეეძლო პასი გაეკეთებინა უკეთეს მდგომარეობაში მყოფი მინიმუმ ორი თანაგუნდელისათვის, მაგრამ გიორგიმ თავად დაარტყა და ბურთი “სიონის” კარს ზემოდან გადაევლო. თითმის მაშინვე სახიფათო იერიშით უპასუხეს ამ მომენტს სტუმრებმა. მათი წინა მომენტის მსგავსად, ისევ კახელიშვილმა გააკეთა შესანიშნავი გადაცემა აფციაურის მისამართით, რომელიც ისევ პირისპირ რჩებოდა მეკარესთან. თორნიკემ ერთი შეხებით სცადა ქვილითაიასთვის ბურთის თავზე გადაგდება, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა და მომენტიც გაცუდდა.

მოედანზე საერთო სიტუაციის შესაცვლელად ორივე გუნდის მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანის გამოსვლას რაიმე რადიკალური ცვლილება მოჰყოლოდეს მოედანზე. გამოცდილი ბოლნისელები არაფერს უთმობდნენ ახალგაზრდა ტორპედოელებს, რომლებიც წინა მატჩებისაგან განსხვავებით აშკარად ვერ იყვნენ სათამაშო იშტაზე. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ეროვნულში “ტორპედომ” ერთერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. დასამახსოვრებელი იყო კაპანაძის შორეული დარტყმა, რომელიც მცირე მანძილით აცდა “სიონის” კარს.

მატჩის ეპილოგში, უამრავი მცდელობების მიუხედად, მასპინძლებმა ნორმალური შეტევების ორგანიზება ვერ მოახერხეს. სარაგოსას მიერ მოედანზე ბარაბაძის გამოყვანის შემდეგ ქუთათურებმა მაღალ ჩაწოდებებს უხშირეს, მაგრამ ვალერი აბრამიძის ჩინებული გარჯის გამო ქუთაისელებს შანსი არ მისცემიათ. თამაშის ბოლოს კი ბოლნისელებს მიეცათ მოგების შანსი, როდესაც სწრაფი კონტრშეტევის დროს აბრამიძემ ჩინებულად უპასა ლობჟანიძეს, რომელიც რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად მარტო იმყოფებოდა მასპინძელთა კართან. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბურთის დამორჩილებას დიდი დრო მოანდომა, რითაც ისარგებლა სანდოხაძემ და ზვიადს გატანის საშუალება არ მისცა. სილაგავას საფინალო სასტვენმა შეტევაში მოუსწრო ქუთათურებს, რითაც ადგილობრივი ქომაგები კი გაანაწყენა, მაგრამ ლოგიკური ფრე დააფიქსირა.             

“ტორპედო” – “სიონი” 1:1: (1:1)  

20 ოქტომბერი. 16:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1200 მაყურებელი

“ტორპედო”: ქვილითაია, სანდოხაძე, ცინცაძე, საბანაძე, კუხიანიძე (ბარაბაძე, 87), ფანცულაია, ხიდეშელი, გოროზია (ჯიქია, 46), მთივლიშვილი (ფირცხალავა, 67), კაპანაძე, უბილავა.

მთავარი მწვრთნელი: ჟერარ სარაგოსა მულეტი

“სიონი”: მერლანი, თოთაძე, აბრამიძე, სვანიძე, გოგობერიშვილი, ფოფხაძე (ბიბილეიშვილი, 70), პარუნაშვილი, სამხარაძე (განუგრავა, 85), იმედაშვილი, კახელიშვილი, აფციაური (ლობჟანიძე, 79.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე

გოლები: 0:1 სამხარაძე (25), 1:1 საბანაძე (40).  

გაფრთხილება: იმედაშვილი (29), პარუნაშვილი (44), ფანცულაია (75), მერლანი (83).       

არბიტრი:  ლაშა სილაგავა (თბილისი)


მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 6:1 (4:1)

გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (4), 2:0 რევაზ გეწაძე (9), 3:0 გოგი ფიფია (15), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (25), 4:1 ლუკა რაზმაძე (28), 5:1 დავით კირკიტაძე (89), 6:1 დავით საჯაია (90)

გაძევება: მიხეილ მახვილაძე (16, “მეტალურგი”); კიჭი მელიავა (38, “მერანი”)

 

დილა (გორი) – ზუგდიდი 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე (33), 1:1 ზვიად სიხარულია (77)

გაძევება: რომეო კანკია (65, “ზუგდიდი”) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვილი ისიანი (61) 

 

ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:1) 

გოლები: 1:0 საბა ლომია (16), 1:1 ლაშა კასრაძე (38) 

 

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 6:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჩისკო (1), 1:1 კვარაცხელია (ს.კ. 14), 2:1 ჩისკო (34), 3:1 დვალი (56), 4:1 ჩისკო (60), 5:1 ძარია (61), 6:1 დვალი (76). 

  

1    დინამო (თბილისი)                                          9          7           1           1           25:8         22    
2 ტორპედო          9 5 4 0 14:5 19
3 ჩიხურა              9 5 1 3 19:17 
16
4 გურია          9 5 0 4 9:9 15
5 მეტალურგი     9 4 2 3 15:15 14
6 ვიტ ჯორჯია            9 3 3 3 14:12 12
7 დილა              9 3 3 3 11:11 12
8 მერანი                   9 4 0 5 12:20 12
9 ზესტაფონი         9 3 2 4 10:8 11
10 სიონი   9 2 3 4 11:14 9
11 ზუგდიდი         9 1 3 5 4:14 6
12 სპარტაკი   9 1 0 8 4:14  3

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.112489