ჭიდაობა

22:57 | 23.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელი ფინიში – ცხადაია სამეულს მიღმა დარჩა

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ხობელი მანუჩარ ცხადაია საქართველოს პირველობაზე სამეულს მიღმა დარჩა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი სპორტკომპლექს “არენაში” ჩატარებულ საქართველოს პირველობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, თბილისელ გენადი გოგიშვილთან სამპერიოდიან შეხვედრაში (2:0, 0:1, 0:4). მალე კი გოგიშვილს ფინალის გზა გარდაბნელმა უშანგი ჩიტიაშვილმა ჩაუკეტა და ცხადაიამ დამამშვიდებელ ეტაპზე გადასვლის შანსიც დაკარგა.
არადა ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, თითქმის ყველა მანუჩარ ცხადაიასა და საქართველოს ნაკრების წევრის, თბილისელი ზურაბ დათუნაშვილის ფინალურ დაპირისპირებას ელოდა. პირველ ნომრად განთესილმა დათუნაშვილმა თავის მხრივ მოლოდინი გაამართლა – ფინალის გზაზე აჭარელი დავით ჩიტაძე, თბილისელი ილია გულბათაშვილი, გარდაბნელი შმაგი გულიაშვილი და ადიგენელი გოგა აფრიამაშვილი ჩამოიშორა. ქულა და პერიოდი მხოლოდ აფრიამაშვილთან დაკარგა. გადამწყვეტ სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში კი უშანგი ჩიტიაშვილს აჯობა.
ბრინჯაოს მედლები გულიაშვილმა და გოგიშვილმა მოიპოვეს. განსაკუთრებით დაძაბული გულიაშვილისა და აფრიამაშვილის “ბრინჯაოს ფინალი” აღმოჩნდა, რომლის მესამე პერიოდიც ლამის 15 წუთი გაიწელა. მრავალგზის პროტესტებისა და სადავო ეპიზოდების ვიდეოგანხილვების შემდეგ სამეულში გულიაშვილი შევიდა, მაგრამ ყველაფერი ამითაც არ დამთავრებულა. ჭიდაობა და ხელჩართული ჩხუბი უკვე ხალიჩის პირას გაგრძელდა და გახარებული და გაბრაზებული მხარეების დაშოშმინებას რამდენიმე წუთი დასჭირდა. არადა რომ არა ეს ერთი ეპიზოდი, საქართველოს ჩემპიონატი თავიდან ბოლომდე უჩვეულოდ წყნარ გარემოში ჩაივლიდა.
დღესვე მედლები 60 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. 60-ის ფინალში ქუთაისელმა ლაშა გოგიტაძემ აჭარელ ქემალ ხარაბაძეს დაძაბულ სამპერიოდიან დაპირისპირებაში სძლია. გადამწყვეტ შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მსუბუქწონოსანმა ოზურგეთელი თეიმურაზ ღლონტი და აჭარელი რამაზ სურმანიძე ჩამოიორა.
ნაკრების ყოფილმა წევრმა, თბილისელმა ირაკლი ჭოჭუამ ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე წრეში დაკარგა, ხარაბაძესთან წაგებით, მაგრამ შემდეგ დამამშვიდებელ ეტაპზე ჩვეულად იჭიდავა და საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა, რამაზ სურმანიძესთან ერთად.
96 კილოგრამში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მთავარი ფავორიტი ავიდა. ბაღდადელი სოსო ჯაბიძე ფინალამდე ისე მივიდა, პერიოდი არ წაუგია. შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც თბილისელ დათო კალაძეს აჯობა. შემდეგ თბილისელი გია მორჩილაძე და წყალტუბოელი მიშა ქაჯაიაც დაამარცხა. ფინალი კი ამ წონაშიც სამი პერიოდი გაგრძელდა. პირველ-მეორეში მოჭიდავეებმა მომგებიანი თითო ქულა ჩოქბჯენში თავის დაცვით აიღეს. გადამწყვეტ ორწუთეულში კი ჯაბიძემ ჩემპიონის ტიტული მეტოქის ხალიჩის გარეთ გაყვანით მოიპოვა.
შვიდივე წონითი კატეგორიის საპრიზო სამეულების გარკვევის შემდეგ “მსოფლიო სპორტისთვის” საქართველოს პირველობის შემაჯამებელი კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ გააკეთა:
“შიდა პირველობამ საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. რამდენიმე სიურპრიზიც მივიღეთ. განსაკუთრებით 84 კილოგრამში რობერტ ქობლიაშვილის გამარჯვებას გამოვარჩევ. 18 წლის ბიჭმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე უფროსებში მოიგო და რაც მთავარია, მშვენივრად იჭიდავა.
ბრწყინვალე იყო საჩინო დავითაიაც (66 კგ). მოგეხსენებათ, საქართველოს შარშანდელ ჩემპიონატში ამ წონაში ჩემპიონი რევაზ ლაშხი გახდა. ამჯერად იგი სამეულს მიღმა დარჩა და ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი სათანადო ფორმაში არყოფნა უნდა იყოს. თუმცა არის კიდევ ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი მიზეზიც – დავითაიამ ბოლო ერთ წელიწადში ძალიან მოუმატა.
55 კილოგრამიც ახალგაზრდული და შესაბამისად, პერსპექტიული წონაა, +120 კილოგრამთან ერთად, ოღონდ საერთაშორისო არენაზე წარმატებულად გასასვლელად ამ ბიჭებს გამოცდილების დაგროვება ჰაერივით სჭირდებათ.
ყველაზე დიდი კონკურენცია კი დღესდღეობით 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში გვაქვს. მანუჩარ ცხადაიას უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ ამ ბიჭმა 66 კილოგრამში თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა და 74-ში დასამკვიდრებლად უნდა იბრძოლოს. ეს რომ რეალურად შეუძლია, ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. დღეს მან გენადი გოგიშვილთან წააგო, რომელიც ცხადაიასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. თავის საფირმო ილეთს ყველასთან აკეთებს, გოგიშვილის გარდა. არ მახსენდება მათი არც ერთი შეხვედრა, გამარჯვება მანუჩარს რომ მოეპოვებინა.
რაც შეეხება ნაკრების სამომავლო გეგმებს, იანვრის შუა რიცხვებში ბორჯომში შეკრების დაწყებას ვგეგმავთ. იანვრის ბოლოს კი სტამბოლის გრან-პრი გაიმართება და მასზე თითო წონით კატეგორიაში მინიმუმ ორი სპორტსმენი უნდა ჩავიყვანოთ”, – განაცხადა ბეგი დარჩიამ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
23 დეკემბერი

60 კგ

1 ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი)
2 ქემალ ხარაბაძე (აჭარა)
3 რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3 ირაკლი ჭოჭუა (თბილისი)

74 კგ
1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2 უშანგი ჩიტიაშვილი (გარდაბანი)
3 შმაგი გულიაშვილი (გარდაბანი)
3 გენადი გოგიშვილი (თბილისი)

96 კგ
1 სოსო ჯაბიძე (ბაღდადი)
2 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
3 მიშა ქაჯაია (წყუალტუბო)
3 ჯონი მინაძე (თბილისი)
 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100524