ფეხბურთი

13:56 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოტივაცია

ხშირად გაგვიგია, ფეხბურთში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მოტივაციააო და ეს სამშაბათსაც დადასტურდა. რუსთაველთა დამრიგებელმა გიორგი ყიფიანმა ადრევე თქვა, პირველ ექვსეულში ვერ მოვხვდით და ევროპის ლიგაში გასასვლელად თასზე წარმატებით თამაში გვჭირდება, ამიტომ აქცენტს სწორედ თასის გათამაშებაზე ავიღებთო. ისიც გასაგებია, რომ ევროთასზე მოხვედრას კლუბისთვის უპირველესად კარგი ფინანსური შემოსავალი მოაქვს და ამიტომაცაა ასეთი სასურველი. მაგრამ “ფოლადის” სტადიონზე “მეტალურგს” მეტად სწყუროდა გამარჯვება და მოიგო კიდეც. მართალია, პირველი საპასუხო გოლი მასპინძლებმა თამაშგარედან გაიტანეს, მაგრამ ჯამში მაინც დამსახურებულად გაიმარჯვეს, რადგან სწორედ ზემოთ ნახსენები მოტივაცია ჰქონდათ უფრო მეტი. მერე დინამოელთა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა თქვა: ჩვენს ცუდ თამაშს უფრო ქარს დავაბრალებ, ისეთი პირობები იყო, რომ ფეხბურთს ვერც დავარქმევდიო. ვეთანხმებით ბატონ დუშანს, ქარი მართლაც ძალიან ძლიერი იყო და ასეთ პირობებში თამაში მართლაც არაა კომფორტული, მაგრამ მეტოქეც ხომ იმავე ვითარებაში გახლდათ, მეტალურგებისთვისაც ხომ უბერავდა ეს, როგორც ამბობენ ხოლმე, მარტისგან ნასესხები ქარი? რუსთაველთა თამაშში გარდატეხა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა რომან ახალკაცმა შეიტანა, რომელიც სულ ახლახან შეუერთდა მეტალურგებს გორის “დილადან”. გოლი და საგოლე პასი ამის დასტურია. ანუ, რომანმა ილიდერა. “დინამოში” კი დისკვალიფიცირებული ჩისკოს არყოფნაში ასეთი კაცი ვერ გამოიძებნა. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც თბილისელებმა მეორე ნახევარში ითამაშეს, ასეთი ფინანსური შესაძლებლობების გუნდს ნამდვილად არ ეკადრება. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ იმ პირობებში, რომელიც დინამოელებს აქვთ და ბევრი ევროპული კლუბისთვისაც კი სანატრელია, ალბათ ოდნავ მეტი ფანტაზია და სილაღე მართებდათ. ანუ ის, რისთვისაც მაყურებელი მიდის სტადიონზე. “გლადიატორები” კი ქარბუქის მიუხედავად, რუსთავშიც მხურვალედ ქომაგობდნენ მათ და ვინძლო, მეტი პატივისცემა ეკუთვნოდათ. თასი დინამოელთათვის პრიორიტეტი რომ არ არის, წინა რაუნდში “გურიასთანაც” გამოჩნდა, როცა ლანჩხუთელთა მეკარის, ძაძამიას საოცარი შეცდომის წყალობით მოხვდნენ ნახევარფინალში. თუმცა ერთიცაა, თბილისელებმა სტუმრად გოლი გაიტანეს, რაც საპასუხო შეხვედრაში გარკვეულ უპირატესობას აძლევთ.

გაცილებით უარესი ამინდი იყო ივანწმინდაში, სადაც “ჩიხურა” “სიონს” მასპინძლობდა. იქ ძლიერ ქარს გადაუღებელი წვიმაც დაემატა, მაგრამ ისევ და ისევ, მოტივაციამ სხვა ყველაფერი გადაფარა. საჩხერელები ისტორიულ სეზონს ატარებენ, გულში ევროპის ლიგაში მოხვედრა ამოუჭრიათ და გაორმაგებული მოტივაციაც ამის ნაყოფია. უმოტივაციოდ არც ბოლნისელები იყვნენ, “ტორპედოს” ძლევის შემდეგ მიუღწეველი მათთვისაც თითქოს აღარაფერი ჩანს, მაგრამ ამჯერად მასპინძლებმა აჯობეს და საპასუხო მატჩის წინ ორბურთიანი მარაგი შეიქმნეს. “ბიჭებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლეს, – თქვა მერე “სიონის” დამრიგებელმა არმაზ ჯელაძემ. ხოლო საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, – ორბურთიანი სხვაობა არცთუ მცირე ფორაა საპასუხო მატჩისათვის, მაგრამ დამშვიდებას ნამდვილად ვერ მივეცემით, საბოლოო წარმატების მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი ბრძოლა გვმართებს”.

მოკლედ, ნახევარფინალის პირველი რაუნდი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. საპასუხო მატჩები კი 8 მაისს გაიმართება.

 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური მატჩები. 23 აპრილი

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 2:1 (0:1)

რუსთავი. “ფოლადი”. 16:00

მეტალურგი: ალავიძე, გავაშელიშვილი, ინწკირველი, ჯაფარიძე, სუხიაშვილი, ლობჟანიძე (ახალკაცი, 57), დავით საჯაია, რაზმაძე (კ), დობროვოლსკი, მენთეშაშვილი (მიქაბერიძე, 77), ფიფია.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

დინამო: ლორია, გივი კვარაცხელია, გველესიანი, გლიშიჩი, მენდი, ხმალაძე, მერებაშვილი (ალვარო, 56), პაპავა, გრაიციარი (სეთურიძე, 78), კოტო (ტატანაშვილი, 85), დვალი.

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი

გოლები: 0:1 დვალი (23), 1:1 ახალკაცი (68), 2:1 საჯაია (85)

გაფრთხილებ: სუხიაშვილი (65), ახალკაცი (90+1)

მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო (სირია).

 

ჩიხურა (საჩხერე) - სიონი (ბოლნისი) – 2:0 (2:0)

სოფ. ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00

ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე, საჯაია, რეხვიაშვილი, კაშია, დიღმელაშვილი, ლომაშვილი, ბოლქვაძე, დეკანოიძე, კირკიტაძე(გოცირიძე, 74), ნ. კვასხვაძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სიონი: ბობღიაშვილი, ქემოკლიძე, სვანიძე, უგრეხელიძე, ორბელაძე, კლიმიაშვილი, ბიბილეიშვილი(ელიავა, 46), ჰაიდუჩეკი, ახალაია(მიკუჩაძე, 80), ცხადაია, მანწკავა (ლექვთაძე, 70)

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლებ: 1:0 ოდიკაძე (17 პენ.), 2:0 რეხვიაშვილი (20)

გაფრთხილება: ჰაიდუჩეკი (7), ქემოკლიძე (28), ლომაშვილი (48), ახალაია (76), საჯაია (84), ბოლქვაძე (87)

მსაჯი: თ. გვანცელაძე

0.136221