ფეხბურთი

1:27 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი მადრიდული გასეირნება და პირველი დერბი ფინალში

 

ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების გათამაშებას უკვე შეგვიძლია მადრიდული გუნდების ტრიუმფი ვუწოდოთ. ევროტურნირების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ფინალურ მატჩში ერთმანეთს ერთი ქალაქის 2 გუნდი შეხვდება. მადრიდელებმა ნახევარფინალის განმეორებითი მატჩები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს და გადამწყვეტ მატჩში თამაში დაიმსახურეს.

სამშაბათს “რეალმა” მიუნხენში გაისეირნა, რასაც ლონდონში “ატლეტიკოს” დამაჯერებელი გამარჯვება მოჰყვა.

ერთი კვირის წინათ, “ატლეტიკომ” და “ჩელსიმ” უსახური თამაში ჩაატარეს. “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი საათიც საკმაოდ უინტერესო იყო, მაგრამ გატანილმა გოლმა თამაში გამოაცოცხლა.

მიმდინარეობდა 36-ე წუთი, როდესაც მასპინძელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე, ვილიანის კარგი თამაშის შემდეგ, ბურთი ასპილიკუეტასთან მივიდა, რომლის გადაცემის შემდეგაც ანგარიში ფერნანდო ტორესმა გახსნა. ესპანელმა თავდამსხმელმა თავისი მშობლიური გუნდის კარში გოლის გატანა არ აღნიშნა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საზეიმოდ საქმე არც მის თანაგუნდელებს ჰქონდათ.

გაშვებული გოლის შემდეგ “ატლეტიკო” გატანის აუცილებლობის წინაშე დადგა. სიმეონეს შეგირდებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. ტიაგომ საჯარიმოში ჩააწოდა, ხუანფრანმა თითქმის გადასული ბურთი შემოაბრუნა, ტერიმ და კოულმა მოგერიება ვერ მოახერხეს და ადრიანმა გამათანაბრებელი გაიტანა.

დაფიქსირებულ ანგარიშს ფინალში “ატლეტიკო” გაჰყავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ “ჩელსის” გატანა მართებდა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, მოურინიომ მოედანზე ეტოო შეუშვა, რომელმაც გოლი კი შექმნა, მაგრამ საკუთარ კარში. თამაშში ჩართვიდან მალევე, კამერუნელმა თავდამსხმელმა დიეგო კოსტა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და გაესპანელებულ ბრაზილიელს 11 მეტრიდან “ატლეტიკოს” წინ გაყვანის საშუალება მისცა.

კოსტას გოლი ნიშნავდა, რომ “ჩელსის”, ფინალში გასასვლელად, 2 ბურთის გატანა მართებდა. ლონდონელებმა გატანა ვერა, მაგრამ კიდევ ერთის გაშვება მოახერხეს. 72-ე წუთზე, არდა თურანის თავურის შემდეგ “ჩელსის” კარი ხარიხამ იხსნა, მაგრამ დამატებაზე კვლავ თურქმა ფეხბურთელმა ითამაშა და ცხადი გახდა, რომ 24 მაისს, ლისაბონში, ერთმანეთს მადრიდული გუნდები დაუპირისპირდებიან.

 

ჩელსი-ატლეტიკო 1:3 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): შვარცერი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, კოული (ეტოო 54), რამირესი, ლუისი, ვილიანი (შიურლე 77), აზარი, ასპილიკუეტა, ტორესი (ბა 67).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე, კოკე, ტიაგო, სუარესი, თურანი (როდრიგესი 84), კოსტა (სოსა 76), ადრიანი (გარსია 66).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

გოლები: 1:0 ტორესი (36), 1:1 ადრიანი (44), 1:2 კოსტა (60, პენ), 1:3 თურანი (72).

გაფრთხილებები: კეჰილი 31 – კოსტა 60, ადრიანი 65.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 17 (10)-14 (10), კუთხური: 4-9, თამაშგარე: 0-1, სეივი: 7-9, ჯარიმა: 12-18.

0.230547