“ენფილდზე” ისევ თრილერი გათამაშდა. “სუონსიმ” მასპინძლებს სამი გოლი გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც ქულის მოსაპოვებლად.
“გედების” ახალ დამრიგებელ გარი მონკს, უშუალო კავშირი აქვს ბრენდან როჯერსთან. ის გუნდის კაპიტანი გახლდათ, იმ დროს როცა როჯერსი “სუონსის” წვრთნიდა და ბევრი რამ ისწავლა მისგან. ბოლო დროს გარიმ გუნდს ლაუდრუპის დროს დაკარგული ენერგია დაუბრუნა, ეს თუნდაც ორიოდ დღის წინათაც გამოჩნდა “ნაპოლისთან” ევროპის ლიგის მატჩში. კვირას კი პრემიერლიგის ყველაზე ენერგიულ გუნდს ესტუმრა და ამიტომ 4:3-იც რაღა გასაკვირია?
სამი დუბლი ერთ მატჩში - ასეთი ამბავიც იშვიათად ხდება. სტარიჯს კი ჩინებული დროება უდგას, დენიელს ბილო 7 მატჩია მინდორი უგოლოდ აღარ დაუტოვებია. ამჯერადაც ორჯერ გამოირჩა. უკვე მე-3 წუთზე, სტერლინგმა მოედნის სიღრმიდან გამოზომილი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და სტარიჯს გატანა არ გასჭირვებია. აქ არ შეიძლება სტერლინგის შესახებაც არ ვთქვათ. 19 წლის, წარმოშობით იამაიკელმა ნიჭიერმა შუახაზელმა, სეზონი სათადარიგოთაAსკამზე დაიწყო, ეს ბოლო თვე კი დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს.
მე-20 წუთზე მასპინძლებმა ისევ გაიტანეს. სტარიჯმა მარჯვენა ფრთაზე ორი მცველი თავისკენ შეიტყუა და ბურთი საჯარიმოსთან მდგარ ჰენდერსონს მიაწოდა, ამანაც ერთი შეხებით დაარტყა მაღალ კუთხეში. ლამაზი გოლი გამოვიდა. მაგრამ სადაც ჯონჯო შელვია, იქ წყნარად ყოფნა არასოდეს შეიძლება. მალევე ექს-ლივერპულელმა ჰენდერსონის მსგავსი, თუმცა უფრო ეფექტური გოლი გაიტანა. ალბათ ყველა მომენტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ერთს დავამატებთ, რომ 4:3-ზე “ლივერპულს” კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ კაპიტან ჯერარდის დარტყმული ბურთი უელსელთა კარის ძელს მოხვდა.
“შესანიშნავი გამარჯვებაა. აღფრთოვანებული ვარ ჩემი გუნდის მედგარი ხასიათით. შეტევების დასრულებისას ჩინებულად გავისარჯეთ და მჯერა, რომ დაცვაშიც შეგვიძლია უკეთ თამაში,” - უთხრა მერე როჯერსმა Sky Sports-ს.
ფაბრისიო კოლოჩინისა და ლოიკ რემის გამოჩენამ “ნიუკასლს” თითქოს სიცოცხლე დაუბრუნა. ზედიზედ 4 საშინაო წაგების შემდეგ, მწვრთნელი ალან პარდიუც და ფეხბურთელებიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. ხუმრობა ხომ არ არის, ბოლო 3 მატჩში მათ 10 გოლი გაუშვეს. “კაჭკაჭებს” ამჯერადაც გაუჭირდათ, მაგრამ ბოლოსკენ, მეორე წამატებულ წუთზე რემიმ მაინც გაიტანა და თავის გუნდს ძალიან საჭირო 3 ქულა მოუტანა.
“ტოტენჰემმა” კი შუა კვირაში ევროპის ლიგაზე ჯაბა კანკავას “დნიპროსთან” წაგებას კვირას ნორვიჩში უსახური თამაში მიაყოლა და ისევ დამარცხდა. მასპინძელთაგან თავი მეორე ტაიმის დასაწყისში შოტლანდიელმა რობერტ სნოდგრასმა გამოიჩინა.
ლივერპული – სუონსი 4:3 (3:2)
ლივერპული. “ენფილდი.” 44 731
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, აგერი (კოლო ტურე 63), შკრტელი, ფლენაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტონიო, სტერლინგი (ალენი 58), სუარესი, სტარიჯი (მოზესი 79)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
სუონსი: ვორმი, ტეილორი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დე გუზმანი (პაბლო ერნანდესი 73), რუტლიჯი, დაიერი (ნ’გოგი 78), ბრიტონი, შელვი (კანიასი 46), ბონი
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 1:0 სტარიჯი (3), 2:0 ჰენდერსონი (20), 2:1 შელვი (23), 2:2 ბონი (26), 3:2 სტარიჯი (36), 3:3 ბონი (47), 4:3 ჰენდერსონი (74)
გაფრთხილება: შკრტელი (26)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 5(6)-5(6), ჯარიმა: 8-11, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2:0, სეივი: 2-6
ნიუკასლი – ასტონ ვილა 1:0 (0:0)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 50 417
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, უილიამსონი, დამეტი, ტიოტე (გოსლინგი 89), სისოკო, ანიტა, რემი, გუფრანი, სისე (დე იონგი 72)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი (ბენეტი 76), ბეიკერი, ელ აჰმადი, დელფი, ვესტვუდი (სილა 61), ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი
მწვრთნელი; პოლ ლამბერტი
გოლი: 1:0 რემი (90+2)
გაფრთხილება: ტიოტე (69), რემი (90+2); ვლაარი (43), ელ აჰმადი (70)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 7(10)-6 (5), ჯარიმა: 11-11, კუთხური: 10-1, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-4
ნორვიჩი – ტოტენჰემი 1:0 (0:0)
ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 834
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, იობო, ბასონგი, მარტინი, ტეტი, ფერი, სნოდგრასი, ჯონსონი, რედმონდი (ჰულაჰანი 86), ვან ვოლფსვინკელი (ჰუპერი 72)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, როუზი (თაუნსენდი 82), ნოგტონი, ლენონი, დემბელე, პაულინიო (სოლდადო 65), კაპო (შადლი 13), ბენტალები, ადებაიორი
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლი: 1:0 სნოდგრასი (47)
გაფრთხილება: რადი (90+2); დემბელე (32), ვერტონგენი (79), დოუსონი (88)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 2(7)-2(5), ჯარიმა: 7-13, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-2
ბომბარდირები:
23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
18 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)