ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატიმ დაადასტურა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდის კარლოს ტევესის შეძენას აპირებს.
29 წლის ფეხბურთელს “ქალაქელებთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და იტალიელები მზად არიან მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. მორატიმ შესაძლო ტრანსფერზე შკყ შპორტს-თან ისაუბრა.
“ტევესი გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც ბრწყინვალე თვისებები აქვს და ჩვენ ერთადერთი არ ვართ, ვისაც მისი შეძენა სურს. თავად ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტიში” დაკარგული წლების ანაზღაურება უნდა. მას “სიტიში” საუკეთესო პერიოდი სულაც არ ჰქონდა და ახლა სიტუაციის გამოსწორებას ეცდება. მიუხედავად ამისა, მომავალ ტრანსფერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური წინადადება არ გაგვიმზადებია. ამ ეტაპზე მხოლოდ აგენტები აქტიურობენ, რადგან მალე სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს დღეებში ტევესის წარმომადგენლებს შევხვდე.
იგუაინი უფრო ახალგაზრდაა და მისი სატრანსფერო ღირებულება უფრო დიდი იქნება. ტევესთან შეთანხმება კი უფრო ადვილია, რადგან მას მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი შეტევის ხაზის გაძლიერება. თავდამსხმელად მხოლოდ იმას დავიმატებთ, ვისი შეძენის სურვილიც გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ექნება” - თქვა მორატიმ.