ყველაზე ძალიან რაც არ მიყვარს – ეს მორალისტობა და მორალისტი ხალხია. განსაკუთრებით ცუდია მორალისტობა მაშინ როდესაც ყველას აზრებით ერთმანეთს ემთხვევა და ვინმეს (თუნდაც დამნაშავეს) ცუდი საქციელი აშკარაა და თვალნათელი. ბოლო დღეები კი სწორედ მორალისტთა ქადაგებებით იყო გაჟღენთილი და ვერ ვიტყვი, რომ ამან კარგ ხასაითზე დამაყენა. ანდა რა იყო საერთოდ ამაში კარგი?
საჩხერეს “ჩიხურას” ახალგაზრდა ფეხბურთელის, დათო მუმლაძის საქციელი თურქულ კლუბთან მატჩის დროს მიუღებელი და სამარცხვინო იყო და ამას ბევრი ლაპარაკი უბრალოდ არ სჭირდება. მაგრამ ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, სადაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ასეთი უსიამოვნო ფაქტები და ფეხბურთის ხშირად მნახველ კაცს წესით არც ურცხვად მომქცევი ფეხბურთელების ხილვა უნდა უკვირდეს.
საქმე სწორედ ისაა, რომ მუმლაძე პირველ ყოვლისა ფეხბურთთან მწყრალად მყოფმა ადამიანებმა გააკრიტიკეს (და ახლაც აკრიტიკებენ) და მათი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში სხვასთან უპირატესობის გრძნობით აღვსილი ლაყაფისტების ბოდვა იყო და მეტი არაფერი. “ჩიხურა”-“ბურსას” თამაშს ტელევიზორში თუ სტადიონზე ალბათ იმ ხალხის მეათედმაც კი არ უყურა, რომლებმაც მერე ინტერნეტში წყევლა-კრულვა ატეხეს და მუმლაძის მიერ ისედაც ჩაშხამებული, მაგრამ გამარჯვებით დასრულებული შეხვედრა კიდევ უფრო მეტად ჩაგვიშხამეს. არადა ხომ მოვიგეთ? ხომ გვეღირსა თურქულ გუნდთან ესოდენ ნანატრი გამარჯვება? ხომ დაიმსახურეს საჩხერელებმა ეს გამარჯვება? მაგრამ ჩვენი ბედი და უბედობაც ისაა, რომ წესიერად სიხარულის გამოხატვაც კი არ ვიცით. ან ვინ გაცლის სიხარულს, გაიქცევა ვინმე წვერმოშვებული ტიპი მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებისკენ და...
ისევ მორალისტებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა... დათო მუმალაძის მოკრიტიკეებზე მეტად საშინელი და საზარელი წასაკითხი იყო იმ ხალხის ნააზრევი, რომლებიც საჩხერელ ფეხბურთელს მათი აზრით იცავდნენ და “კუდს უსწორებდნენ”. მათ ნაწერებსა და გამონათქვმებში უხვად ნახავდით ფაშისტურ ბუდვებსაც. მაგალითად ასეთებს: ”აბა რა ძმაო! ამ ტ...ანმა თურქებმა რომ გადაგვიარეს თავის დროზე ეგ კარგი იყო?! მიდი დათო, ეგრე უნდათ მაგათ!”, ანდა “მეამაყება მუმლაძისნაირი ვაჟკაცი ბიჭები რომ გვყავს. რამდენს გინდოდათ იგივეს გაკეთება? მაგრამ თქვენ ვერ გაბედეთ, რადგან ამის “ერთი ადგილი” არ გქონდათ, ამან კიდევ გაბედა! აეგრე!”. მოკლედ, ისეთი რამეები ითქვა და დაიწერა, რომ შეიძლება ფეხბურთი შეგაძულონ ადამიანს. როგორც ერთი კარგი კაცი ამბიბს ხოლმე: ბოროტება ისეთი რამეა, ერთმა თუ თქვა და გააკეთა, მერე კიბოსავით ედება ყველას და ყველაფერსო. ეს ამბავიც თავისი დაწყებიდან დასასრულამდე (იმედია დასრულდება ოდესმე და ისევე დაივიწყებენ, როგორც ბევრი კარგი თუ ცუდი საქმეების მკეთებელ პოლიტიკოსებს ივიწყებენ ხოლმე) ბოროტებითაა გაჟღენთილი.
ბოლოს, ქართველი და თურქი ჟურნალისტების ჩხუბზეც უნდა ვთქვათ. მართალ-მტყუანის გარჩევას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ფრთიანი ანგელოზები დედამიწაზე არ დადიან და მით უმეტეს ჟურნალსტობას არ იწყებენ. ისიც არ ვიცი, (თუმცა ვერსიები უხვად იყო) რეალურად ვინ-ვის პროვოკაციაზე წამოეგო. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჟურნალისტები, რომლებიც გარეგნულად მაინც უნდა ინარჩუნებდნენ ობიექტურობას და ელემანტარულ თამაშის წესებს მაინც უნდა იცავდნენ, ერთმანეთს საფეხბურთო კლუბის, ფან-კლუბის წევრი თინეიჯერებივით ეძიძგილავებოდნენ და ისე დაშხოშიანად ძველბიჭობდნენ, შორიდან მობერილი 90-იანი წლების სურნელმაც შეგვიღიტინა ცხვირში. მორალისტებმა კი ესეც ვაჟკაცობად და “ქართველობის დაცვად” ჩათვალეს. ამ მორალისტებს ნეტა წარმოდგენა მაინც ქონდეთ ქართველობაზე...