რაგბი

22:26 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორაგბედ დაბადებული

რამდენიმე დღის წინ, ქართულმა სარაგბო თემმა უდიდესი დანაკლისი განიცადა. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მისი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ნუგზარ ძაგნიძე.

ვფიქრობთ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება  სახელოვანი მორაგბის სპორტული კარიერის გახსენება.

ნუგზარ ძაგნიძე 1967 წლის 19 ივნისს, ქუთაისში დაიბადა. რაგბის თამაში ცნობილი მორაგბის, ბუკუჩი შვანგირაძის რეკომენდაციით, 10 წლის ასაკში რამაზ სვანიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. გამოცდილმა სპეციალისტმა  მალევე  ჩაუნერგა ბიჭს  რაგბის სიყვარული და მის დაოსტატებაზე იზრუნა. 16 წლისაც არ იყო, როდესაც „სახლმშენის“(იგივე „მშენებლის“ და „აიას“) მთავარმა მწვრთნელმა შაკო ქურციკიძემ, ნუგზარი თავის გუნდში აიყვანა. საკავშირო უმაღლეს ლიგაში  ნუგზარ ძაგნიძის  დებიუტი, 1983 წლის 7 ივნისს, უკრაინულ კრასნოგრადში შედგა.“სახლმშენმა“ იმ დღეს მონინოს „ვვა“ 9:0 დაამარცხა. ნუგზარმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მე-2 ნახევარში იგი მიხეილ ხარშილაძემ შეცვალა. ჭაბუკმა მორაგბემ უპრობლემოდ დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში. 1984 წლის საკავშირო ჩემპიონატში, ქუთაისელმა მორაგბეებმა პირველ მაღალ შედეგს მიაღწიეს - ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამ წარმატებაში მართლაც დიდი იყო ნუგზარ ძაგნიძის წვლილი. იგი 59 ქულით( 1 ლელო, 8 რეალიზაცია, 12 საჯარიმო, 1 არეკნი) შეეწია თავის გუნდს.

მომდევნო ჩემპიონატში, ქუთაისელები ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ნუგზარ ძაგნიძის მონაგარი 49 ქულა( 1 ლელო, 6 რეალიზაცია, 11 საჯარიმო) იყო. 1986 წლის სეზონი,  სამხედრო სამსახურის გამო, მან  ტაშკენტის არმიელთა გუნდში, “ზვეზდაში“ გაატარა.

1987-1989 წლები - ოქროს ხანა  ქართული, კერძოდ,  ქუთაისური რაგბის ისტორიაში. რიონისპირელი ბიჭები, დუგლას კავთელაშვილის მეთაურობით, ზედიზედ 3 -ჯერ ავიდნენ   საბჭოური რაგბის ოლიმპზე. ასეთი წარმატებისთვის, სპორტის სათამაშო სახეობებში არცერთ ქართულ გუნდს არ მიუღწევია. ამას გარდა „აიამ“ 2-ჯერ( 1987,90 წწ) საკავშირო თასი მოიგო . ეს პერიოდი გამორჩეული იყო ნუგზარ ძაგნიძის კარიერაშიც. ქუთაისური გუნდის ლიდერს, საბჭოეთის ერთ-ერთ უძლიერეს მორაგბედ, საუკეთესო 15 ნომრად მიიჩნევდნენ. იგი გამოირჩეოდა  დიდი ფიზიკური ძალით, უბადლო ტაქტიკური აზროვნებით, სწრაფი დრიბლინგით, საჯარიმოების მიზანში დარტყმებით, - 60-70 მეტრიდანაც ბევრჯერ გაუტანია.

1987 წლის საკავშირო ჩემპიონატში, ძაგნიძემ 130 ქულა შესძინა თავის გუნდს და ეს მიუხადავად იმისა, რომ  გათამაშების გადამწყვეტი ეტაპი მთლიანად გამოტოვა. ძაგნიძის სნაიპერული თვისებები,  უფრო მეტად,  მომდევნო წელს გამოვლინდა. 187 ქულა(!) - ასეთი იყო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის შედეგი.  ამ მაჩვენებლით, ნუგზარმა ბევრად აჯობა  მთავარ კონკურენტს მონინოს სამხედრო-საჰაერო აკადემიის გუნდიდან, იგორ მირონოვს. 3 ლელო, 23 რეალიზაცია, 37 საჯარიმო, 6 არეკნი - ეს ციფრები  თვალნათლივ მეტყველებდნენ მის შასაძლებლობებზე. ნუგზარ ძაგნიძემ  “აიას“ მესამედ გაჩემპიონებაშიც დიდი წვლილი შეიტანა - 85 ქულა( 2 ლელო, 13 რეალიზაცია, 12 საჯარიმო, 5 არეკნი) მიითვალა.

1983-1984 წლებში,  ქუთაისელმა მორაგბეემა( მწვრთნელები რამაზ სვანიძე, ალეკო ნიქაბაძე) საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული პირველობა მოიგეს. ნუგზარ ძაგნიძის გარეშე არც ეს გამარჯვებები მოსულა. ამავე პერიოდში , ქუთაისელი მორაგბეები ნუგზარ ძაგნიძე და მამუკა ლოსაბერიძე, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ნუგზარ ძაგნიძეს გარანტირებული ჰქონდა ადგილი ჯერ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ, მოგვიანებით კი, ეროვნულ გუნდშიც. საბჭოური ნაკრების  შემადგენლობაში, ძაგნიძე 3-ჯერ (1987,88,90წწ) დაეუფლა „ერთა თასის“  წინამორბედი შეჯიბრის - „ფირას პირველობის“ ვერცხლის მედლებს. ამას გარდა,  ნაკრებთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ნუგზარ ძაგნიძე რეგულარულად სახელდებოდა საბჭოთა კავშირის 45 საუკეთესო მორაგბის სიაში. 1988 წელს, საბჭოთა მორაგბეებმა მსოფლიო უნივერსიადაზე ახალი ზელანდიის გუნდთან 9:0 გაიმარჯვეს და ცხრავე ქულა ძაგნიძისა გახლდათ.

1989 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა  ქუთაისში  პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა ზიმბაბვესთან. ჩვენმა ბიჭებმა აფრიკელებს 16:3 მოუგეს, 16-ვე ქულა  ნუგზარის ანგარიშზე იყო.  ძაგნიძემ სულ 7 თამაშში უკაპიტნა საქართველოს ნაკრებს და 105 ქულით შეეწია. ჯამურად, საბჭოთა და საქართველოს ნაკრებებში თამაშისას, მან 273 ქულა მიითვალა.

ნუგზარ ძაგნიძე საქართველოს 4-გზის ჩემპიონი გახლდათ „აიას“ (1990,91,95) და ბათუმის „დათვების“ (1999) შემადგენლობაში, ხოლო ჩოხატაურის "ჯანის" შემადგენლობაში პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ამ პერიოდში, ნუგზარი მოედანზე  ძმასთან, ემზართან ერთად გადიოდა. მამის კვალს გაჰყვა თორნიკე, ნუგზარის ვაჟი ახლა „აია“-შია.

რაგბთან კავშირი ნუგზარს არც სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ გაუწყვეტია. წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებდა, ჭირისა თუ ლხინის ჟამს, მუდამ გვერდში ედგა მშობლიურ გუნდს, იყო მისი მთავარი მწვრთნელი. ბოლო დროს ქუთაისის მერიის სპორტის სამსახურში მუშაობდა, საქმეს უნარიანად უძღვებოდა. ბევრი სიკეთის გაკეთება ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ არ დასცალდა...

ულმობელია წუთისოფელი. ვინ წარმოიდგენდა, თუ ნუგზარ ძაგნიძეს ავადმყოფობა  მოერეოდა...

იუზა კაციტაძე

0.217217