იტალიური “მილანის” ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო ტრავმირებულია. მას ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. არაა გამორიცხული, 28 წლის შუახაზელმა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.
“მილანის” ოფიციალური ვებგვერდი მონტოლივოს ტრავმას ადასტურებს, მაგრამ ფეხბურთელის მკურნალობისთვის საჭირო დროს არ აკონკრეტებს. Sky Sport Italia-ს ცნობით, მონტოლივოს “ტორინოსთან” და “პესკარასთან” თამაში გამორიცხულია. დიდი ალბათობით, ის ვერც სერია A-ს 37-ე ტურში, “რომას” წინააღმდეგ ითამაშებს და შესაძლოა, ფეხბურთელმა ვერც “სიენასთან” გასამართ სეზონის ბოლო დაპირისირებაში მიიღოს მონაწილეობა.
ამჟამად, “მილანი” მონტოლივოს ყოფილ გუნდთან, “ფიორენტინასთან” ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და “როსონერისთვის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გამოკლება კარგი ამბავი ნამდვილად არაა.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, მონტოლივომ მოედანზე საერთო დროის 85% დაჰყო. ჩატარებულ 31 თამაშში (30 სასატარტო შემადგენლობაში), მან 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.