სხვა

15:09 | 19.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

მონღოლმა უკადრებელი იკადრა

ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის წარმატებული სვლა მონღოლმა კომუსუბი კაკურიუმ შეწყვიტა. დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ლევან გორგაძეს, 25 წლის მეტოქესთან შერკინების წინ 11-დან 10 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი, ოშიდაშით წააგო. კაკურიუს გამარჯვებაში სუმოს სამყაროში ძალიან არაპოპულარული ილეთი ჰენკა წაეხმარა. მონღოლმა ქართველთან სასტარტო შეჯახებას თავი აარიდა, წონასწორობა დაკარგულ მოწინააღმდეგეს კი უკვე იოლად გაუმკლავდა.
 ტოჩინოშინის 10 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და ოძეკი ბარუტოსთანა და მე-16 მაეგაშირა კაისეისთან ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ესტონელმა სეკიტორმა ამჯერად ოძეკი კაიოს სძლია (იორიკირით ), ხოლო ბრაზილიელმა პირველ მაეგაშირა გოეიდოსთან შიტატეჰინერით წააგო.
ხვალ, დღის ერთ-ერთ ცენტრალურ შერკინებაში, ერთმანეთს ტოჩინოშინი და ბარუტო დაუპირისპირდებიან. ლევან გორგაძე კაიდო ჰოოველსონს ზედიზედ მეექვსე ბაშოზე გადაეყარა, უწინდელი ბრძოლებიდან კი ყველა 26 წლის ბალტიისპირელს აქვს მოგებული – ჰატაკიკომით, უვატენაგეთი, ოშიდაშითა და ორჯერ იორიკირით.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ასპროცენტიანი შედეგით “მიმავალი” იოკოძუნა ჰაკუჰო, ძალებს ოძეკი ჰარუმაფუჯისთან მოსინჯავს, კაისეი კი ტოჩინოშინის გამამწარებელ კაკურიუს შეერკინება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ჰაკუჰომ მეთორმეტე გამარჯვება რუს არანთან იზეიმა და ეს უკანასკნელი მაკე-კოშისთვის გასწირა.
მე-8 მაეგაშირა შოტენროსთან ჭიდილი ელის თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, რომელმაც ამჯერად, მონღოლ მე-9 მაეგაშირა ასასეკირიუს იორიკირით აჯობა და ჯერჯეროობით, უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) დაფიქსირებას გადაურჩა.
გასული წლის მარტიდან მოყოლებული, 200-კილოგრამიან ქართველს მონღოლი შოტენრო ორჯერ – იორიკირითა და ოშიდაშით ჰყავს დამარცხებული, თავად კი სამჯერ – კატასუკაშით, სუკუინაგეთი და ჰიკიოტოშით დამარცხებულა. გაგამარუს წოდებაში დასაწინაურებლად, სამივე დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდება.
მცირედით გამოასწორა მდგომარეობა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ, რომელიც რანგით მეორე ძურიოს დივიზიონში ირჯება. მე-6 რეიტინგის მქონე 30 წლის ქართველმა, იაპონელი ტაკარაფუჯი ცუკიოტოშით დაამარცხა და 8 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა. “შავი ზღვა” უარყოფით ბალანსს ვეღარ გადაურჩება, თუმცა, თუკი დარჩენილ ორ ბრძოლაში იმარჯვა, იქნებ საგრძნობ ვარდნას გადაურჩეს. კოკაის შემდეგი მეტოქე ძურიოს მე-9 ნომერი მასუნოიამა გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167403