იანვრის ბაშოს მე-12 დღეს სამივე ქართველმა სუმოისტმა მარცხი განიცადა, მთავარ მოვლენად კი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს მარცხი იქცა, რომელმაც თანამემამულე ჰარუმაფუჯისთან წააგო და კიდევ ერთ მონღოლ ასაშორიუს გალიდერების საშუალება მისცა.
25 წლის ჰარუმაფუჯიმ “თეთრ ფენიქსად” წოდებულ ჰაკუჰოს გასული წლის სასტარტო ტურნირზეც მოუგო და “იმპერატორის თასის” მფლობელიც გახდა, მას შემდეგ კი სახელოვან თანამემამულესთან წლის ხუთივე შერკინებაში დამარცხდა.
ჰარუმაფუჯიმ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და წელი იოკოძუნას ძლევით გახსნა. ოძეკის სტატუსის მქონე მონღოლმა ჰაკუჰოს ოკურიდაშით აჯობა და მე-9 გამარჯვება იზეიმა, რითაც დღევანდელ მოწინააღმდეგეს ერთ გამარჯვებამდე დაუახლოვდა.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად კი იოკოძუნა ასაშორიუ იქცა, რომელმაც 37 წლის იაპონელი ოძეკი კაიო იორიკირით დაამარცხა და 12 ბრძოლაში 11 მოგება მოუგროვდა. ხვალ კაიო ჰაკუჰოს შეერკინება, ასაშორიუ ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს დაუპირისპირდბა, ხოლო ჰარუმაფუჯი ძალებს რიგით მაეგაშირა კაკიძოესთან მოსინჯავს.
უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის დარად, უარყოფითი ბალანსი ანუ მაკეკოში გაიფორმა ქართული სუმოს პიონერმა ლევან გორგაძემ. კოკაიდ წოდებულმა 28 წლის ქართველმა მე-8 მარცხი მე-13 მაეგაშირა ტამანოშიმასთან განიცადა. 32 წლის იაპონელმა ჩვენებური ჰიკიოტოშით დაამარცხა.
აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტულის მქონე კოკაის წოდებაში დაქვეითებისგან ყველა დარჩენილი ბრძოლის მოგებაც არ იხსნის, თუმცა, სასურველი ფინიშის შემთხვევაში, ქართველის ვარდნა შედარებით მცირემასშტაბიანი იქნება.
ლევან ცაგურიას შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა იოშიკაძე იქნება, რომელსაც 5 მოგება და 7 მარცხი მოეძევება. 2009 წლის იანვრისა და მარტის ბაშოებზე იაპონელმა ქართველის ძლევა ორჯერ მიახერხა, ივლისსა და სექტემბერში კი კოკაიმ რევანშის აღება შეძლო.
მძიმე სიტუაციაში იმყოფება დასავლეთის პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე, რომელმაც ტოკიოში ზედიზედ – მე-6, სულ კი მე-10 მარცხი განიცადა. მარჯვენა მხრის ტრავმით მოასპარეზე 22 წლის ქართველი სეკიტორი ამჯერად პირველ მაეგაშირა ტოიონოშიმას ვერ დაუდგა და იორიკირით წააგო.
დადებითი ბალანსის მიღწევის შემთხვევაში, ტოჩინოშინის კომუსუბის ტიტულის მიღების შანსი ჰქონდა, ახლა კი, სერიოზული უკუსვლა არ ასცდება. გორგაძის მორიგი მოწინააღმდეგ იაპონელი მე-3 მაეგაშირა ჰოკუტორიკი იქნება, რომელსაც ქართველის დარად, 12-დან 2 გამარჯვება მოეპოვება. შარშან ლევანმა მეტოქესთან ორივე შერკინება ჰიკიოტოშით წააგო.
ერთპიროვნული ლიდერობა დათმო რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა, რომელსაც პროფესიული სუმოს სამყაროში გაგამარუს შიკონათი იცნობენ. მე-13 რეიტინგით მოასპარეზე ქართველი სეკიტორი იაპონელ ვაკაკოიუს (მე-4) მედგრად ეკვეთა, თუმცა, მეტოქემ ერთი ნაბიჯი უკან გააკეთა და თეიმურაზმაც წონასწორობა ვეღარ შეიკავა.
22 წლის გაგამარუს 9 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და მისდარი ბალანსის მქონე საკაიზავასთან (მე-12) ერთად ლიდერობს. ტოკიოს ბაშოს მე-13 დღეს ჯუღელი 25 წლის იაპონელ მასაცუკასას შეერკინება, რომელიც ჩვენებურის ერთი გამარჯვებით ჩამორჩება.
დათო მანჯავიძე







