სხვა

16:34 | 23.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

მონღოლი გამრავლებაზე მუშაობს – თასებს შვილები ენაცვლება

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დასრულებულ 2011 წლის პირველ სუპერტურნირს სუმოში მოულოდნელი დასასრული ნამდვილად არ ჰქონია. მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ “იმპერატორის თასი” კარიერაში მეთვრამეტედ ასწია, თანაც, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არც ამჯერად დაუყენებია – უახლოესი მდევრები, სეკივაკე კოტოშოგიკუ და რიგითი მაეგაშირები – გოეიდო და ოკინოუმი მას სამ-სამი მოგებით ჩამორჩნენ.
“თეთრმა ფენიქსმა” დამსახურებული ჯილდო სუმოს ასოციაციის პრეზიდენტის, ოიაკატა ჰანარეგომას ხელიდან მიიღო, მანამდე კი, ჰაცუ ბაშოს დასკვნით დღეს, ვეტერან (38 წლის) იაპონელ ოძეკი კაიოს უპრობლემოდ აჯობა. იოკოძუნამ სახელოვანი მეტოქე “მოკრძალებით” აიტაცა და დოჰიოს მიღმა ოკურიდაშით გაიყვანა.
თუმცა, ჰაკუჰოს ყველაზე სასიხარულო ამბავი ჯერ კიდევ ბოლო შერკინების დაწყებამდე ელოდა. როგორც ცნობილი გახდა, ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში, დიდი ჩემპიონის მეუღლე საეკომ, მონღოლს მე-3 შვილი გაუჩინა და მომავალი გმირობებისთვის მეტი სტიმული მისცა. ქალიშვილისთვის, რომელიც 3400 გრამს იწონის, სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, ის კი ცნობილია, რომ დედა უკვე მოინახულეს იოკოძუნას სხვა შვილებმა სამი წლის გოგონა იურენცო ამიუმა და ორი წლის ვაჟმა მუნჰჟარგალ მაჰატომ.
თუმცა, ისევ წმინდა სუმოს ამბებს დავუბრუნდებით და მოგახსენეთ, რომ იანვრის ტურნირზე სანახაობრივი ასპარეზობისთვის, პრიზი იაპონელ სეკივაკე კისენოსატოს გადაეცა. მან ჰაკუჰოს ზედიზედ მეორე ბაშოზე აჯობა და თანაც 10 ბრძოლის მოგება მოახერხა. მასპინძლებს ერგოთ სხვა ჯილდოებიც. ტექნიკური რიკიშისთვის დაწესებული პრიზით ფუკუოკელი კოტოშოგიკუ დასაჩუქრდა, ხოლო მე-13 მაეგაშირა ოკინოუმი, რომელმაც მონღოლ გოლიათს ტურნირის ბოლოსწინა დღემდე სდია, მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის გამოარჩიეს.
ჰაცუ ბაშო ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა ქართველი სუმოისტებისთვის. ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ თავიდანვე ცუდად დაიწყეს და საბოლოოდ, დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოშის დასიქსირების რეალური შანსი არც ჰქონიათ. ქართველთაგან ყველაზე მაღალი წოდებით (აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა) მოასპარეზე ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ, მობილიზება მხოლოდ ტურნირის მიწურულს მოახერხა, როდესაც ზედიზედ სამი შერკინება მოიგო, მანამდე კი, 12 ბრძოლაში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.
იანვრის ბაშოს დასკვნით დღეს, ტოჩინოშინი ოს არანს გადაეყარა და მარჯვენამხრიან დგომა მიგი-იოცუში ჰიდარი-უვატე (მეტოქის მავაშის დაჭერა მარჯვენა ხელიდან) დააფიქსირა, რის შემდეგაც, იორიკირის განხორციელება არ გასჭირვებია. ცნობისთვის, რუსმა სუმოისტმა ქართველზე ერთით მეტი, ხუთი მოგება კი მიითვალა, თუმცა, მე-3 მაეგაშირობიდან ისიც საკმაოდ ჩამოქვეითდება.
ქართული ტრიოდან ყველაზე უკეთესი შედეგი – 5 მოგება და 10 მარცხი ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (198 კგ.) სეკიტორ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს აღმოაჩნდა, რომელმაც ტურნირის მე-15 დღეს კომუსუბი ტოჩიოძანთან ოშიდაშით წააგო. 23 წლის ქართველი, ტოკიოში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით ირჯებოდა, თებერვლის ბანძუკეში კი, უკუსვლას უნდა ელოდეს.
ყველაზე გულდასაწყვეტი, ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას გარშემო არსებული სიტუაციაა. 29 წლის კოკაი მაკუუჩიში 7 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და 302 შერკინების მოგებაც მოახერხა, ჰაცუ ბაშოს “ჩაგდების” შემდეგ კი, მარტში დაგეგმილ შეჯიბრს უკვე რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში შეხვდება. იანვრის ტურნირის დასკვნით ტურში, მე-8 მაეგაშირა ტოკიტენკუ მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველის კორპუსში შევიდა, რის შემდეგაც, იორიკირის განხორციელება ტექნიკის საქმე გახლდათ. “შავმა ზღვამ” ჰაცუ ბაშოზე 15-დან მხოლოდ 3 შერკინება მოიგო.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ განახლებული რეიტინგი იგივ ბანძუკე 28 თებერვალს გამოქვეყნდება, ხოლო მომავალი სუპერტურნირი 13-27 მარტს, ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმში შედგება.

 

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155927