ფეხბურთი

21:28 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მომავალი ევროტურნირების წინ: ფორმატი და ქართული კლუბები

 

2014/2015 წლების სეზონის ევროტურნირების I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს, 23 ივნისს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ეტაპი შარშანდელისგან განსხვავებულია, რადგან გიბრალტარის ჩემპიონი დაემატა – კლუბი “ლინკოლნი”.

ეს ფორმატი წინასწარია. ჯერ დამტკიცებული არაა, თუმცა დიდი ალბათობით, აღარ შეიცვლება.

I ეტაპზე 6 უსუტესი საკლუბო რეიტინგის მქონე ქვეყნის ჩემპიონები ითამაშებენ: სომხეთის, ესტონეთის, სან-მარინოსი, ფარერების, ანდორისა და გიბრალტარის. გამოავლენენ 3 გამარჯვებულს. (მატჩები 1-2 და 8-9 ივლისს)

II ეტაპზე 31 ქვეყნის ჩემპიონს დაემატება I ეტაპზე 3 გამარჯვებული, ანუ სულ იქნება 34 გუნდი და 17 გამარჯვებული გამოვლინდება. (მატჩები 15-16 და 22-23 ივნისს)

III ეტაპზე 17 გამარჯვებულს დაემატება 3 ქვეყნის (დანია, ავსტრია, კვიპროსი) ჩემპიონი, ანუ 20 გუნდი შეიკრიბება და 10 გამარჯვებული გამოვლინდება. (წილისყრა 18 ივლისს, მატჩები 29-30 ივლისსა და 5-6 აგვისტოს)

პლეი-ოფში (ანუ, IV ეტაპზე)  10 გუნდი 5 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე გავლენ. (წილისყრა 8 აგვისტოს, მატჩები 19-20 და 26-27 აგვისტოს)

ეს ყველაფერი ჩემპიონთა გზაზე, ხოლო არაჩემპიონთა გზა ქართული კლუბებისთვის საინტერესო არაა.

პირდაპირ გასულები არიან: ესპანეთის, ინგლისისა და გერმანიის 3-3 კლუბი, იტალიის, პორტუგალიისა და საფრანგეთის 2-2 კლუბი, ასევე, უკრაინის რუსეთის, ჰოლანდიის, თურქეთის, ბელგიის, საბერძნეთისა და შვეიცარიის ჩემპიონები.

საქართველოს ჩემპიონი (დიდი ალბათობით, თბილისის “დინამო”) II ეტაპიდან დაიწყებს და დიდი ალბათობით, განუთესავთა შორის იქნება. იმისთვის, რათა განთესილში მოხვდე, II ეტაპის 34 გუნდს შორის 17-ეულში უნდა იყო უეფას რეიტინგის მიხედვით, “დინამო” კი მე-18 ადგილზეა.

თუ ვინც ახლა ცხრილში ლიდერობს, ჩემპიონები გახდებიან, მაშინ II ეტაპზე “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: “სტიაუა”(რუმინეთი), ბატე (ბელარუსი), “სელტიკი” (შოტლანდია), “სპარტა” (ჩეხეთი), “დინამო” (ზაგრები, ხორვატია), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “მაკაბი” (თელ-ავივი, ისრაელი), ”შერიფი” (მოლდოვა), “მარიბორი” (სლოვენია), “ლეგია” (პოლონეთი), “დებრეცენი” (უნგრეთი), “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი), “სლოვანი” (სლოვაკეთი), “აქტობე” (ყაზახეთი), “ვენტსპილსი” (ლატვია), “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი), ჰიკ (ფინეთი).  

რა უნდა მოხდეს საიმისოდ, რომ დინამოელები განთესილებში მოხვდნენ? უნგრეთში ჩემპიონი არა “დებრეცენი”, არამედ “დიორი” უნდა გახდეს. იქ 3 ტური დარჩა და “დებრეცენს” უკეთესი შანნსი აქვს. სხვა ალბათობებიც არის, მაგალითად, რუმინეთში “პეტროლული” რომ გახდეს ჩემპიონი, ან პოლონეთში “რუხი”, მაგრამ ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ სალაპარაკოდ არ ღირს: “სტიაუაც” და “ლეგიაც” დამაჯერებლად ლიდერობენ, ხოლო”ლეგიას” ნაცვლად “ლეხი” რომ გახდეს, ისიც უსწრებს “დინამოს”.    

 

აქვე, ევროპის ლიგაზეც, სადაც ქართული სამეული გარკვეულია: “ჩიხურა”, “სიონი” და “ზესტაფონი”. საჩხერელები მეორე ეტაპიდან დაიწყებენ, ხოლო ბოლნისელები და ზესტაფონელები პირველივედან ჩაერთვებიან.

I ეტაპზე 80 გუნდი დაიწყებს, ანუ 40 გამარჯვებული გამოვლინდება. მატჩები 3 და 10 ივლისს.

II ეტაპზე ასევე 80 გუნდი ითამაშებს. I ეტაპიდან 40 გადასულს იქ 40 გუნდი დახვდება. მატჩები 17 და 24 ივლისს.

III ეტაპზე 58 გუნდი იქნება, ანუ II ეტაპიდან 40 გადასულს 18 დაემატება. გამოვლინდება 29 გამარჯვებული. მატჩები 31 ივლისსა და 7 აგვისტოს.

პლეი-ოფში, ანუ IV ეტაპზე  62 გუნდი ითამაშებს. III ეტაპიდან გადასულ 29 კლუბს დაემატებიან ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი 17 კლუბი და კიდევ 16 გუნდი, რომლებიც მანამდე თავისუფალნი იყვნენ საკვალიფიკაციოდან. ანუ 62 გუნდი 31 გამარჯვებულს გამოავლენს. მატჩები 21 და 28 აგვისტოს.  

ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი იქნება. IV ეტაპიდან გადასულ 31-ს დაემატება ის 10 გუნდი, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდებათ. კიდევ საუკეთესო რეიტინგის მქონე ქვეყნის 6 კლუბი და ასევე, წლევანდელი ევროპის ლიგის გამარჯვებული. ხოლო თუ ევროპის ლიგას “ბენფიკა” მოიგებს (რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს), მაშინ რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი ქვეყნის კლუბი ჩაენაცვლება. ეს მომავალი ევროტურნირების დაწყებამდე გაირკვევა...

აქვე ვთქვათ, ევროპის ლიგის ფინალი 27 მაისს ვარშავაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 6 ივნისს ბერლინში გაიმართება.

შენიშვნა: ქართული კლუბების განხილვისას ნაგულისხმევია ის ვარიანტი, თუ ჩემპიონი თბილისის ‘დინამო” გახდება, რაც თითქმის გადაწყვეტილია.  

0.113399