საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროკავშირის ქვეყნების ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა და გამოსვლა 3 მედლით დაასრულა.
ვერცხლის მედლები გუნდს ლევან გულედანმა (91 კგ.) და ოთარ ერანოსიანმა (60 კგ.) მოუტანეს, ბრინჯაოს სინჯის ჯილდო კი მიხეილ ბახტიძეს (+91 კგ) ერგო. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ტურნირი 8 აგვისტოს დაიწყო და გუშინ ფინალური ორთაბრძოლებით დასრულდა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მებრძოლმა ერანოსიანმა ფინალში ირლანდიელი დევიდ ოლივერის წინააღმდეგ იასპარეზა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი რაუნდის შემდეგ მეტოქეს ჯობნიდა, საბოლოოდ, სამივე მსაჯის ვერსიით, მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ახალქალაქელმა მოკრივემ ფინალამდე სლოვაკ, ბულგარელ და იტალიელ მეტოქეებს აჯობა.
რაც შეეხება გულედანს, მან ფინალური დაპირისპირება ქულებით (1:2) პოლონელ იგორ იაკუბოვსკისთან წააგო. ფინალამდე ქართველმა მოკრივემ ფინელ ტომი ჰონკას, სლოვაკ ერიკ ტლკანეცს და ლიტველ ტადას ტამასაუსკასს სძლია.
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების აქტივში კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც მიხეილ ბახტიძეს ერგო. ქუთაისელმა სპორტსმენმა გამოსვლა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც ხორვატი მოწინააღმდეგე დაამარცხა, შემდეგ კი ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში იტალიელ მეტოქესთან წააგო და შეჯიბრება მესამე ადგილზე დაასრულა.