საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას პეტრე ცისკარიშვილი 2014 წლამდე უთავკაცებს. დღეს, სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნები იყო და დელეგატებმა უკონკურენტო მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობაზე კიდევ 4 წლით დატოვეს. ფედერაციის ხელმძღვანელებთან და გამგეობის წევრებთან ერთად, ყრილობას სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტები დაესწრნენ.
სხდომა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა გახსნა. მან დამსწრეთ აუწყა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დაანონსება ჯერ კიდევ 3 თვის წინ დაიწყეს, მაგრამ ამ სამ თვეში კრივის სათავეში მოსვლის ერთი მსურველიც არ გამოჩნდა. ახალკაცმა ეს პასიურობა მოქმედი პრეზიდენტის, პეტრე ცისკარიშვილის წარმატებული მუშაობით ახსნა.
ყრილობის წამყვანმა, შალვა გოგოლაძემ დელეგატებს 5 ნაწილისგან შედგენილი დღის წესრიგი გააცნო. პირველი საკითხი 2006-2010 წლებში გაწეული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშის წაკითხვა იყო და ტრიბუნასთან პრეზიდენტი მივიდა.
“ქართულ კრივში ბოლო წლებში წინსვლა აშკარად რომ იგრძნობა, მგონი ვერავინ უარყოფს. ამას ჩვენი მოკრივეების მიერ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლებიც ადასტურებს. საერთო ჯამში, უკმაყოფილების საბაბი არ არსებობს, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. უნდა გვქონდეს ჯანსაღი ამბიცია, რათა სამომავლოდ მეტს მივაღწიოთ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღებული მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი რა თქმა უნდა სასიხარულოა, მაგრამ მიზნად უფრო მაღალი შედეგები უნდა დავისახოთ. სამომავლო წინსვლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბავშვთა სპორტის განვითარებაა. ბოლო პერიოდში ახმეტაში, დუშეთში, საჩხერეში, სოფელ დიღომსა და ავიამშენებელ ქარხანასთან კრივის დარბაზები გაიხსნა. ერთადერთი პრობლემა მაღალკვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობაა და სამომავლოდ თანხები ამ მიმართულებით უნდა ჩავდოთ. ალბათ სპეციალისტებს უცხოეთიდანაც მოვიწვევთ. მადლობა ყველას, ვინც საქართველოში კრივის განვითარებას ხელს უწყობს” – განაცხადა ცისკარიშვილმა.
პრეზიდენტის შემდეგ დამსწრეთ ისევ გენერალურმა მდივანმა მიმართა, გაცილებით სიტყვაუხვი მოხსენებით. ვლადიმერ ახალკაცმა გამოსვლა უახლესი ინფორმაციით დაიწყო და 4-წლიანი სამუშაო ციკლის შეჯამებით გააგრძელა.
“დღეს ბაქოში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ შეჯიბრი რამდენიმე დღით გადაიდო. ბოლო დღეებში ბევრი ავიარეისი გაუქმდა და მონაწილეთა უმრავლესობა აზერბაიჯანში ჩასვლას ვერ ასწრებდა. რაც შეეხება წინა წლებში გაწეულ სამუშაოებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი ფედერაციის ბიუჯეტი 100-ჯერ გაიზარდა. იყო დრო, საქართველოს ჩემპიონატის ჩასატარებლად რინგს ვნათხოვრობდით. ახლა კი იმდენი რინგი გვაქვს, დარბაზებს ვამარაგებთ. დავამყარეთ თბილი ურთიერთობა სხვა ფედერაციებთან და საერთაშორისო ფედერაციასთან. მაგალითის მოსაყვანად სომხეთის ნაკრები გამოდგება, რომელიც ერთ კვირაზე მეტია, საქართველოშია და ჩვენს ნაკრებთან ერთად გადის შეკრებას. არსებობს ერთი დიდი პრობლემა, რომელიც ზოგადად კრივს აწუხებს. საუბედუროდ, შეხვედრების 80 პროცენტში მოკრივის ბედი რინგს მიღმა წყდება. ამ სტერეოტიპის დანგრევას როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ. საერთაშორისო ფედერაციასაც 4 წელია, რაც ახალი ხელმძღვანელი ყავს და იმედია, პრობლემის მოსაგვარებლად ყველა რესურსს გამოიყენებს” – აღნიშნა ახალკაცმა და იქვე დასძინა, პეტრე ცისკარიშვილს დღეს ქართულ კრივში ალტერნატივა არ ჰყავს და ვისაც სახეობის წინსვლა ახარებს, ყველა მხარს დაუჭერსო.
დღის წესრიგის მორიგ საკითხზე გადასვლამდე, ფედერაციის გენმდივანმა გასულ ოთხწლეულში მომხდარი ნაკლებადგახმაურებული სკანდალიც გაიხსენა და ჩიკაგოში 2 მოკრივის გაუჩინარების გამო პრეზიდენტს სახალხოდ მოუბოდიშა.
ფედერაციის წესდებაში ცვლილების განხორციელებასა და საპრეზიდენტო არჩევნებს დელეგატებმა ხუთიოდ წუთი მოანდომეს. ჯერ იყო და 29-კაციანი გამგეობა 15 კაცამდე შეამცირეს. შემდეგ კი გამგეობის წევრებმა პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ახალი ვადით გაპრეზიდენტება ცისკარიშვილს თბილისში სტუმრად მყოფმა ევროპის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დერენიკ გაბრიელიანმაც მიულოცა, რომელიც ამავდროულად სომხეთის კრივის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიცაა.
პრეზიდენტმა მხარდამჭერთ ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და გამგეობას თანაშემწეები წარუდგინა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტობას შალვა გოგოლაძე, გია კოდუა და დავით წიკლაური გასწევენ. ვეტერანი სპორტსმენი ჯემალ რაზმაძე საპატიო ვიცე-პრეზიდენტი იქნება, ხოლო გენერალური მდივნის თანამდებობაზე კვლავ ვლადიმერ ახალკაცი იმუშავებს.
ოთარ მაღლაკელიძე







