ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე რამდენიმე საათიღა დარჩა. დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, ევროპის 8 ქალაქში, სტარტს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი აიღებს.
პირველ ტურში, ევროპული ფეხბურთის გრანდები ერთმანეთში არ თამაშობენ, მაგრამ ისეთი გუნდები, როგორებიც “მანჩესტერი”, “რეალი”, “იუვენტუსი”, “ბაიერნი” და “სიტი” არიან, პირველ სათამაშო დღეს არაერთ გულშემატკივარს მიიზიდავენ. დასახელებული 5 გუნდიდან 4 ახალ ევროსეზონს ახალი მწვრთნელით ხვდება.
A ჯგუფი
მანჩესტერი-ლევერკუზენი
“მანჩესტერის” ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის მატჩში მონაწილეობას პირველად მიიღებს. მისი დებიუტი “ლევერკუზენის” წინააღმდეგ, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება.
ეს იქნება ევროტურნირის პირველი მატჩი 1985 წლის 20 მარტის შემდეგ, რომელშიც “მანჩესტერს” სერ ალექს ფერგიუსონი არ გაუძღვება. 1985 წლის 20 მარტს, რონ ატკინსონის გაწვრთნილმა “წითელმა ეშმაკებმა” “ვიდეოტონთან” 0:1 წააგეს.
გუნდები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან. 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ორივე თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ფინალში “ლევერკუზენი” გავიდა. მომდევნო სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, “მანჩესტერმა” ორივე თამაში მოიგო, შინ 2:0 და სტუმრად 2:1.
“მანჩესტერი” გერმანელ სტუმრებს ფლეტჩერისა და ნანის გარეშე დაუხვდება. საეჭვოა რაფაელისა და ჯონსის თამაში. “ლვერკუზენს” კორი და ლომბი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლარს ბენდერის საკითხი.
- დევიდ მოიესი მე-2 მწვრთნელია, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან) უთავკაცებს. აქამდე, ამ სახელწოდების ტურნირზე, “წითელ ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ყოველთვის სერ ალექს ფერგიუსონი იყო;
- “მანჩესტერს”, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 2 საშინაო თამაში წაგებული აქვს;
- ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 4 მატჩიდან “მანჩესტერმა” 3 წააგო და 1 ფრედ ითამაშა;
- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 13 გასვლითი თამაშიდან “ლევერკუზენმა” 10 წააგო და 3 ფრედ დაასრულა. გერმანელებმა, ამ ტურნირზე, სტუმრად, ბოლოს 2002 წელს იმარჯვეს;
- “ლევერკუზენს” ინგლისში არასდროს მოუგია.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი: დე ხეა, ფაბიო, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, კერიკი, გიგზი, ვალენსია, იანგი, ვან პერსი, რუნი.
ლევერკიზენი: ლენო, დონატი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, რაინარტცი, კასტრო, როლფესი, სამი, სონი, კისლინგი.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
სოსიედადი-შახტარი
ბოლო წლებში ევროტურნირებზე სტაბილურად და არცთუ წარუმატებლად მოთამაშე “შახტარი” ჩემპიონთა ლიგაზე ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ “სოსიედადს” ეწვევა.
მიუხედავად ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილების არქონისა, “სოსიედადმა” მიმდინარე სეზონში დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. სან სებასტიანელებმა, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, “ლიონს” ორი მატჩის ჯამში 4:0 მოუგეს. ცნობისთვის, 2004 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან, ესპანური გუნდი სწორედ “ლიონმა” გამოთიშა.
სავარაუდო შემადგენლობები
სოსიედადი: ბრავო, ესტრადა, გონსალესი, მარტინესი, დე ლა ბელა, ელუსტონდო, სურუტუსა, პრიეტო, გრანერო, გრიზმანი, ველა.
შახტარი: კანიბოლოცკი, კობინი, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი, ჰრეჩიშიკი, კოსტა, სტეპანენკო, ტეიშეირა, ტაისონი, ადრიანო.
მსაჯი: ოვიდუ ჰატეგანი (რუმინეთი).
B ჯგუფი
გალათასარაი-რეალი
ეს გუნდები ერთმანეთს გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს განახლებულ “რეალს” ვიხილავთ. მადრიდელებმა მთავარი მწვრთნელი გამოცვალეს და გარდა ამისა, სატრანსფერო ბაზარზეც საკმაოდ იაქტიურეს. მარტო ის რად ღირს, რომ გარეთ ბეილში 100 მილიონის გადახდით “რეალმა” მსოფლიოს რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა.
დღსე, ერთმანეთის პირისპირ არაერთი ნაცნობი სახე ითამაშებს. “გალათასარაის” შემტევი ნახევარმცველი უესლი სნაიდერი “რეალში” 2 წლის განმავლობაში თამაშობდა. მადრიდულ გუნდს ერთი სეზონი დაჰყო ჰამით ალთინთოფმა. რაც შეეხებათ დიდიე დროგბასა და კარლო ანჩელოტის, ისინი ერთმანეთს “ჩელსიდან” იცნობენ. თავისთვის სასიამოვნოდ გასახსენებელ გუნდს დაუპირისპირდება ფელიპე მელო. 2005 წელს, როდესაც ბრაზილიელი ესპანურ “რასინგში” თამაშობდა, სანტანდერელებმა “რეალი” მადრიდში 2:1 დაამარცხეს. მასპინძელთა კარში მე-2 გოლი სწორედ მელომ გაიტანა.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 5 მატჩს ითვლის. პირველიად “რეალი” და “გალათასარაი” ერთმანეთს 2000 წელს, ევროპის სუპერთასზე შეხვდნენ, როდესაც თურქებმა 2:1 იმარჯვეს. 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალში, “გალათასარაიმ” შინ 3:2 მოიგო, ხოლო განმეორებით მატჩში “რეალმა” მეტოქე 3:0 გაანადგურა. გასულ სეზონში, იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე, ზუსტად იგივე განმეორდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პირველ თამაშს მადრიდმა უმასპინძლა.
ტრავმების გამო, “რეალს” თურქეთში ჩაბი ალონსოს, რაფაელ ვარანის, მარსელოსა და ფაბიუ კოენტრაუს გარეშე თამაში მოუწევს. კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს დაუბრუნდა ალვარო არბელოა.
- მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლ ანჩელოტი პირველი სპეციალისტი გახდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 გუნდს უთავკაცებს. აქამდე, უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე, იტალიელს სათამაშოდ “პარმა”, “იუვენტუსი”, “მილანი”, “ჩელსი” და “პარი სენ ჟერმენი” გაუყვანია;
- ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან “გალათასარაიმ” 7 მოიგო (მათ შორის ერთი “რეალთან”) და ერთიც ფრედ დაასრულა;
- “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 გასვლითი შეხვედრა წაგებული აქვს, აქედან ერთი “გალათასარაისთან”;
- თუ დღეს “გალათასარაიმ” 2 გოლი გაიტანა, თურქებს ევროტურნირებზე 350 ბურთი დაუგროვდებათ. აქედან პირველი გოლი “რეალის” მიერ ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გაშვებული რიგით მე-400 ბურთი იქნება;
- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 19 თამაშში კრიშტიანუ რონალდუმ 21 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი: ისჩანი, ბალთა, კაია, ებუე, შეჯუ, მეკო, ინანი, ბაითარი, სნეიდერი, ილმაზი, დროგბა.
რეალი: კასილიასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, ნაჩო, მოდრიჩი, ილიარამენდი, ბეილი, ისკო, რონალდუ, ბენზემა.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
კოპენჰაგენი-იუვენტუსი
დღეს მოთამაშე გრანდთაგან ერთადერთი, რომელსაც გასული სეზონის შემდეგ მწვრთნელი არ გამოუცვლია, “იუვენტუსია”. ტურინელები ახალ სეზონს იტალიის ბოლო ორგზის ჩემპიონის რანგში ხვდებიან და პირველ ტურში მათი მეტოქე დანიის ჩემპიონი “კოპენჰაგენი” იქნება. გასულ სეზონში, “იუვე” ამავე სტატუსის მატარებელ გუნდს ეწვია. მაშინ, დანიის ჩემპინი “ნორშელანი” იყო, რომელმაც ტურინელებთან ქულა მოიპოვა.
დანიურ გუნდში ვეტერანი შვედი მცველი ოლოფ მელბერგი თამაშობს, რომელიც “იუვენტუსში” 2008-09 წლებში გამოდიოდა. მისი ყოფილი თანაგუნდელებიდან დღეს “იუვენტუსში” ბუფონი, კიელინი, ჯოვინკო, მარკიზიო და დე ჩილიე არიან შემორჩენილნი.
მიმდინარე სეზონში, “კოპენჰაგენს” ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ახალი გათამაშების პირველი 3 მატჩი ჩააგო, ხოლო 8 ტურის შემდეგ, გუნდს მხოლოდ 1 მოგება აქვს. “კოპენჰაგენს” გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს.
- შიდა ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან “კოპენჰაგენმა” 4 ფრედ დაასრულა და 1 მოიგო. საკუთარ კედლებში, დანიელებმა უკანასკნელი 3 თამაში ერთი და იგივე ანგარიშით, 1:1 დაასრულეს.
სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი: ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენტსონი, კირსტენსენი, კლაუდემირი, ბოლანიოში, იორგენსენი, ვეტოკელე, ადი.
იუვენტუსი: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ვიდალი, პოგბა, ლიხტშტაინერი, პირლო, ასამოა, ტევესი, ვუჩინიჩი.
მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).
C ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-პსჟ
“პარი სენ ჟერმენი” ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა, პირველ ტურში, პარიზელებს იოლი მატჩი არ ელით, რადგან ისინი საბერძნეთში ჩადიან.
პსჟ-მ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. ლორან ბლანის გუნდმა, ლიგა ერთის საწყის ორ ტურში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა. მომდევნო სამ შეხვედრაში, პარიზელებმა ქულების მაქსიმუმი მოაგროვეს, თუმცა ეს მათთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა. საპირისპირო სიტუაცია გვაქვს “ოლიმპიაკოსის” შემთხვევაში. ამ გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონატის ოთხივე თამაში მოიგო.
“ოლიმპიაკოსს” საფრანგეთის ჩემპიონ გუნდთან დაპირისპირება გასულ სეზონშიც მოუხდა. ჯგუფურ ეტაპზე, ბერძნებმა “მონპელიეს” ორივე თამაში მოუგეს. თუმცა, იმ გუნდიდან, “ოლიმპიაკოსში” მხოლოდ 8 ფეხბურთელი დარჩა.
პსჟ-ს ახალ მთავარ მწვრთნელს, ლორან ბლანს, “ოლიმპიაკოსის” სტადიონზე გოლი აქვს გატანილი. 2002 წელს, ის “მანჩესტერ იუნაიტედს” 3:2 მოგებაში დაეხმარა.
პსჟ საბერძნეთში დანაკლისით ჩადის. ბლანს ტრავმირებული პასტორე და მენეზი არ ეყოლება.
- პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა;
- პარიზულ გუნდს, ჩემპიონთა ლიგაზე, 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ფრანგებმა აქედან პირველი 5 თამაში მოიგეს, ხოლო ბოლო 3 ფრედ დაასრულეს;
- “ოლიმპიაკოსის” მიერ ევროტურნირებზე ჩატარებულ ბოლო 25 თამაშში ფრე არაა დაფიქსირებული;
- მიმდინარე სეზონში, “ოლიმპიაკოსს” 12 გოლი აქვს გატანილი. აქედან 6 შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებზე მოდის, ხოლო 7 ბერძნებმა სტანდარტის გათამაშებას მოაყოლეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი: რობერტო, სალინო, მანოლასი, მეჯანი, ბონგი, სამარისი, ფუსტერი, ვაისი, მაჩადო, სავიოლა, მიტროღლუ.
პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, დინე, ვერატი, მოტა, ლუკას მოურა, მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).
ბენფიკა-ანდერლეხტი
დღევანდელ წყვილებს შორის ურთიერთშეხვედრების ყველაზე დიდი ისტორია “ბენფიკასა” და “ანდერლეხტს” აქვთ. ეს გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან. ორივე მათგანმა 3-ჯერ მოიგო, ხოლო ორმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პორტუგალიაში ჩატარებული სამივე თამაში მასპინძლებმა მოიგეს.
დღევანდელ შეხვედრას ის სტადიონი უმასპინძლებს, რომელზეც 2014 წლის 24 მაისს, მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართება.
სავრაუდო შემადგენლობები
ბენფიკა: არტური, პერეირა, გარაი, ლუიზაო, სიკეირა, მატიჩი, რუბენ ამორიმი, პერესი, მარკოვიჩი, ლიმა, კარდოსო.
ანდერლეხტი: კამინსკი, ჟილე, კუიატე, მბემბა, ნ’საკალა, მილივოიევიჩი, კლიესტანი, ბრუნო, აშემპონი, სუარესი, მიტროვიჩი.
მსაჯი: მანუელ გრეფე (გერმანია).
D ჯგუფი
ბაიერნი-ცსკა
მოქმედი ჩემპიონი, რომელსაც სეზონის სტარტს უწუნებენ, ახალ გათამაშებას მოსკოვის ცსკა-სთან საშინაო მატჩით დაიწყებს.
მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში ყველაფრის მომგები “ბაიერნი” პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა, ბევრი ფიქრობდა, რომ კატალონიელი გუნდს ისეთივე კარგ ფეხბურთს ათამაშებდა, როგორც ეს იუპ ჰაინკესის დროს ხდებოდა, მაგრამ “ბარსას” ყოფილ დამრიგებელს კრიტიკოსები მიუნხენური კლუბის შიგნითაც კი გამოუჩნდნენ. დღეს, გვარდიოლას შანსი აქვს, კრიტიკოსებს პასუხი გასცეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენური გუნდი ცსკა-სთან წარმატების მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.
გვარდიოლას ცსკა-სთან არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებს. 1992 წელს, პეპი იმ დროისთვის ჩემპიონთა თასის მოქმედ მფლობელ გუნდში, “ბარსელონაში” თამაშობდა. კატალონიელებმა ცსკა-ს უმასპინძლეს და საკუთარ კედლებში 2:3 წააგეს. გვარდიოლა იმ თამაშში ძირითად შემადგენლობაში იყო.
გვარდიოლა, როგორც მწვრთნელი, ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში 2-ჯერ დამარცხდა. ერთხელ, მისი “ბარსელონა”, რომელიც უმოტივაციო იყო, უქულოდ “შახტარმა” დატოვა, ხოლო ერთხელაც, უკვე მოტივირებული კატალონიელები რუსულმა “რუბინმა” დაამარცხა.
“ბაიერნი” მეტოქეს დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, მარიო გიოტცე, ჰოლგერ ბადშტრუბერი და იან კირხოფი. რუსებს რასმუს ელმი დააკლდებათ. საეჭვოა სეიდუ დუმბიას თამაში.
- ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “ბაიერნს” ბოლო 10 საშინაო შეხვედრა მოგებული აქვს;
- ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენელებმა მეტოქეს ბოლო 5 თამაშში აჯობეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, შვაინშტაიგერი, მიულერი, კროოსი, რობენი, რიბერი, მანჯუკიჩი.
ცსკა: აკინფეევი, ნაბაბკინი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი, ვემბლუმი, კაუნა, ზუბერი, ჰონდა, ვიტინიო, მუსა.
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).
პლზენი-სიტი
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, კლუბის გაძლიერებაში დიდძალი ფულის ჩამდებმა არაბმა შეიხებმა “სიტის” მთავარი მწვრთნელი გამოცვალეს და ჯერ “ვილიარეალში”, ხოლო შემდეგ “მალაგაში” წარმატებული მუშაობით სახელგანთქმული მანუელ პელეგრინი მიიწვიეს. თუმცა, ჩილელი სპეციალისტის მიერ გაწეული სამუშაო, ჯერჯერობით, არცთუ დამაკმაყოფილებლად მოსჩანს. პრემიერლიგის პირველ 4 ტურში, “ქალაქელებმა” უკვე 5 ქულა დაკარგეს.
ინგლისური გუნდი ჩეხეთში დაცვაში არსებული პრობლემებით ჩავიდა. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ დემიკელისი და რიჩარდსი, ხოლო კომპანის მოედანზე გამოჩენა საეჭვოა.
- ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან “პლზენმა” 12 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა;
- ჩეხებმა ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 3 თამაში მოიგეს, გაიტანეს რა 13 და გაუშვეს 6 გოლი;
- “პლზენმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 თამაში მოიგო, თუმცა ყველა მათგანი საკვალიფიკაციო ეტაპზე;
- “სიტიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად ჩატარებული ბოლო 4 თამაში წააგო;
- “ქალაქელებს,” ჩემპიონთა ლიგაზე, 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები
პლზენი: კოზაჩიკი, პროჩაზკა, ლიმბერსკი, ჰეიდა, რაიტორალი, კოლარი, ჰორავა, პეტრზელა, ჰორვატი, კოვარიკი, ბაკოში.
სიტი: ჰარტი, საბალეტა, ნასტასიჩი, ლესკოტი, კოლაროვი, ტურე, ფერნანდინიო, ნავასი, ნასრი, აგუერო, ნეგრედო.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).