სამხრეთაფრიკულ დურბანში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკში მე-7 ტურის პარტიები ჩატარდა.
10-წლამდე ბიჭების ტურნირში ნიკოლოზ კაჭარავამ შავი ფიგურებით ინგლისელი ლეისა ბინ-სუჰაის სძლია და 5.0 ქულით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, არადა, რეიტინგით მხოლოდ 23-ეა. შეჯიბრების ლიდერი ინდოელი სარინ ნიჰაი გახლავთ, რომელსაც 6.5 ქულა მოუგროვდა.
16-წლამდელთა ტურნირში გიორგი სიბაშვილმა ასევე შავებით სომეხ მანუელ პეტროსიანთან (2397) წააგო და 4.5 ქულით 25-ე პოზიციამდე დაქვეითდა. პირველ საფეხურზე ინდოელი ჩიტამბარამ არავინდია (2496) 6.5 ქულით.
მსოფლიო პირველობა 11 ტურად მიმდინარეობს, 26 სექტემბერს კი მე-8 ტურის პარტიები ჩატარდება. ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. სიბაშვილი ნორვეგიელ იოჰან-სებასტიან კრისტიანსენს (2233) გაეჯიბრება, კაჭარავა კი – აშშ-ს სახელით მოთამაშე აიდინ ტურგუტს (1851).