ლა ლიგის ბოლო ორ ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირებას მასპინძელი „დეპორტივო“ ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა. ბოლო 9 მატჩში, ლა კორუნიელებს მხოლოდ 2 ქულა ჰქონდათ აღებული. იმის გათვალისწინებით, რომ მე-17 პოზიციამდე გუნდს 9 ქულა აშორებდა, ფერნანდო ვასკესის შეგირდებს აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ და გალისიურ დაპირისპირებაში მათ ეს მოახერხეს.
„სელტასთან“ გამართულ შეხვედრაში, „დეპორტივოს“ ფეხბურთელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და 3 მათგანი გოლადაც აქციეს. ანგარიში ეფექტური გოლით გაიხსნა. მარცხენა ფლანგიდან ვალერონის ჩაწოდების შემდეგ, რიკიმ ბურთი კარგად გაიჩერა და მიწაზე დაუშვებლად, მას ადგილი ვიგოელთა კარში მიუჩინა. 64-ე წუთზე, 10 კაცით მოთამაშე „სელტას“ კარში, კიდევ უფრო ეფექტური გოლი გავიდა. სტუმართა მიერ მოგერიებულ ბურთს, საჯარიმოს გარედან, სილვიომ ფეხი ისე დაჰკრა, რომ იდეალური ტრაექტორიით, ის მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში მოათავსა. დაახლოებით 15 წუთში, მეკარესთან პირისპირ გასულმა სალომაომ ანგარიში 3:0 გახადა და მართალია, საპასუხო შეტევის დროს, პარკმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ამან „დეპორტივოს“ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა.
დეპორტივო-სელტა 3:1 (1:0)
ლა კორუნია, “რიასორი” 31000
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია, პაბლო, აიტამი, მარჩენა, სილვიო, ლამასი, აგილარი, გამა, ვალერონი (ბერგანტინიოსი 85), პიცი, რიკი (სალომაო 77).
მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი.
სელტა (4-2-3-1): ვარასი, კასტრო, ტუნიესი, დემიდოვი, ლაგო, უბინა, პრანიიჩი, ფერნანდესი (კრონ დელი 79), ბერმეხო (პარკი 69), დე ლუკასი (ორელიანა 56), ასპასი.
მწვრთნელი: აბელ რეზინო.
გოლები: 1:0 რიკი (9), 2:0 სილვიო (64), 3:0 სალომაო (79), 3:1 პარკი (80).
გაფრთხილებები: აიტამი 43, პიცი 82 - ტუნიესი 6, დემიდოვი 13, კრონ დელი 90.
გაძევება: ასპასი 29.
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 16 (8)-10 (3), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 10-5, სეივი: 2-5, ჯარიმა: 12-19.