კალათბურთი

13:25 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოგება ჩეხეთსაც შესძლებია

ესპანეთი დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს

ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელთან თამაშიც საქართველოს ეროვნულ გუნდს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს, მოსამზადებელ ციკლში პირველი გამარჯვება იზეიმა და თანაც, ეს საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ პაველ ბუდინსკის შეგირდებმა 16-17 აგვისტოს სტამბულში თურქებს საკმაოდ მედგრად დაუდგნენ, თუმცა, ორივე მატჩი დათმეს – 68:75 და 100:110. აი, გუშინ კი ჩეხები ვილნიუსში “ოთხთა ტურნირში” ჩაებნენ და გასული ევრობასკეტის ბრინჯაოს პრიზიორი რუსეთი 74:72 დაამარცხეს.

აღნიშნული შედეგი მით უფრო მოულოდნელი გახლდათ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ რუსები 10 ქულის სხვაობით იგებდნენ, მათთვის კატასტროფული მე-3 მეოთხედი კი 8:21 დათმეს და მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.

საინტერესოა, რომ ჩეხები ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს ყველა კომპონენტში ტოლსწორად დაუდგნენ და სასურველ შედეგს უფრო იოლად მიაღწევდნენ, 35 საჯარიმოდან ერთბაშად 13 რომ არ აეცილებინათ.

მათ რიგებში 15 ქულით, 5 მოხსნით და 6 პასით ესპანურ “კახასოლში” ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელი ტომაშ სატორანსკი გამოირჩა, ლუბოშ ბარტონმა კი 12 ქულას 5 მოხსნა წაამატა.

22 აგვისტოს ჩეხები ფინეთს ეთამაშებიან, რომელმაც მასპინძელ ლიტვას ასევე დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 2 ქულის სხვაობით – 76:78 წააგო. 23-ში ჩეხები ძალებს უკვე ლიტვასთან მოსინჯავენ, 28-29 აგვისტოს კი დასკვნითი საკონტროლო შეხვედრები ბელგიაში ელით.

ევრობასკეტისთვის მზადების ციკლში კვლავაც დაუმარცხებელია მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი. ხუან ანტონიო ორენგას შეგირდები მაკედონიას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ და თუკი კომპოსტელაში გამართულ შეხვედრაში არცთუ იოლად იმარჯვეს (66:61), ლეონში მეტოქისთვის შანსი აღარ მიუციათ – 77:55, თანაც ეს, ერთ-ერთ ლიდერის რუდი ფერნანდესის გარეშე მოახერხეს, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

სტუმრებმა ესპანელება სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რაც დიდწილად მათი ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის დამსახურება გახლდათ. ბო მაკკალებმა საწყის ათწუთეულში 9 ქულა ჩააგდო (სულ – 11), მაკედონიამ კი მეოთხედი 19:22 დათმო.

აღნიშნულის შემდეგ კი, მასპინძლების უპრატესობა აშკარა გახდა. ორენგას ბიჭები როგორ პერიმეტრიდან, ასევე სამწამიანი ზონიდან მაკედონიელებს უმოწყალოდ “ბომბავდნენ” და რომ მოენდომებინათ, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა.

ესპანელთა წარმატებას მაკედონიელთა ლიდერების უნიათო თამაშმაც შეუწყო ხელი. როგორც აღვნიშნეთ, მაკკალებმა საწყისი მეოთხედის შემდეგ მონაგარს მხოლოდ 2 ქულა შემატა, პერო ანტიჩმა კი შვიდივე სამქულიანი ააცილა და 26:18 წუთში 6 ქულას დასჯერდა.

მასპინძელთაგან საუკეთესო მარკ გასოლი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 10 მოხსნა. ისე კი, ესპანელები ჩინებული გუნდური თამაშით გამოირჩნენ. მათ რიგებში 5 და მეტი ქულა ერთბაშად 9 კალათბურთელმა მოაგროვა, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.

ესპანეთის ნაკრები 23 აგვისტოს მადრიდში საფრანგეთს მიიღებს, 26-ში “სამფეროვნებს” უკვე მონპელიეში ესტუმრება, 28-29-ში კი მურსიასა და სარაგოსაში დიდ ბრიტანეთს უმასპინძლებს და მოსამზადებელ ციკლსაც დაასრულებს.

 

რუსეთი – ჩეხეთი 72:74 (29:19, 12:11, 8:21, 23:23)

ჩეხეთი: პუმპრლა (18 წ. 4 ქ.), ჰრუბანი (27 წ. 8 ქ. 3 მ. 3 ჩ.), სატორანსკი (30 წ. 15 ქ. 5 მ. 6 პ. 4 ჩ.), პ.ჰოუსკა (4 წ. 4 ქ. 3 მ.), ვესელი (29 წ. 10 ქ. 5 მ.); ბალვინი (14 წ. 5 ქ. 4 მ.), ველში (22 წ. 8 ქ. 4 პ. 3 ჩ.), ბარტონი (22 წ. 12 ქ. 5 მ.), იელინეკი (19 წ. 8 ქ.), სვრდლიკი (3 წ.), ი.ჰოუსკა (4 წ.).

მწვრთნელი: პაველ ბუდინსკი.

 

ესპანეთი – მაკედონია 77:55 (22:19, 16:8, 24:17, 15:11)

ესპანეთი: რუბიო (26 წ. 11 ქ. 4 პ.), კლავერი (22 წ. 3 ქ. 6 მ.), ლული (21 წ. 8 ქ.), გასოლი (25 წ. 11 ქ. 10 მ. 3 პ.), მუმბრუ (17 წ. 7 ქ. 4 მ.); აგუილარი (13 წ. 7 ქ.), როდრიგესი (16 წ. 8 ქ. 5 პ.), რეი (15 წ. 6 ქ. 7 მ.), კალდერონი (20 წ. 5 ქ. 5 მ. 3 პ.), სან ემეტერიო (19 წ. 4 ქ. 3 მ.), გაბრიელი (4 წ. 7 ქ.).

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ორენგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114923