ფეხბურთი

18:10 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მოდი, 10 ნომრის სახელი და გვარი დამიწერე. ამ ბიჭს უნდა ვუქომაგო მთელი ცხოვრება"

 

დრო იყო, თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზის ღობესთან აგურებსა თუ ქვებს ვალაგებდით, რათა ზედ შევმდგარიყავით და ვარჯიშისთვის გვეყურებინა. იმ დროს არც შუქი იყო, არც წყალი, არც გაზი, ავტობუსებს კარი ღია ჰქონდა და რამდენიმე მგზავრი ჩამოკიდებული, რისკის ფასად მგზავრობდა. დალხენილ უცხოელს რომ ჩამოევლო, დაგვცინებდა, რა გეფეხბურთებათო.

თუმცა, რაღაც სხვანაირი სიყვარული იყო... თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ის თაობა ქვაღორღზე ამოსულ ვარდს ჰგავდა. ორი გასართობი გვქონდა: ფეხბურთი და "პა სეანსი".

განა რაღაც საოცარი შედეგი ჰქონდათ? კარიერა ისე დაამთავრეს, დიდ ტურნირზე ვერ გავიდნენ, მაგრამ ისე ლაღად თამაშობდნენ, ისე ამღერებდნენ ბურთს, რომ უნდა გეყურებინა და დამტკბარიყავი.

იმ თაობას ჰყავდა თავისი გმირი და დღეს სწორედ მასზე დავწერთ: გიორგი ქინქლაძე! მას დღეს იუბილე აქვს, 40 წლის გახდა.

...ქინქლაძე ძლიერი იყო მინდორზე და მინდორს მიღმაც. ჩუმი პიროვნებაა, მოდი, ასე ვთქვათ, ჩუმი ლიდერია და ყოველთვის ასე იყო. არ უყვარს, როცა ეუბნებიან, შენი ნიჭის 50 პროცენტიც ვერ გამოავლინეო. ეტყობა, თავადაც იცის, რომ ასეა და გული სტკივა.

ბესო კირვალიძე - კაცი, რომელმაც გიორგი იმ დროს გაიცნო, თბილისის "მრეტებში" რეტს რომ ასხამდა მეტოქეებს. კირვალიძე გვერდიდან არ მოსცილებია "ქინქის", მისი დიდი ქომაგი იყო. აი, რას იხსენებს ბესო კირვალიძე: "ხომ გახსოვთ "დინამო"-"ლინფილდი"? ჩრდილოირლანდიელები გაშტერებულები უყურებდნენ. "ლინფილდის" მწვრთნელი ჩემთან მოვიდა, ფურცელი გამომიწოდა და მეუბნება: "მოდი, 10 ნომრის სახელი და გვარი დამიწერე. ამ ბიჭს უნდა ვუქომაგო მთელი ცხოვრება. აბა, ჩვენ სად გვაქვს მისი ყიდვის თავი".

კიდევ ერთი ისტორია კირვალიძისგან: "თბილისის "დინამოს" ბათუმში აქვს გასვლითი მატჩი. გივი ნოდია ორი ნომინალური მცველით თამაშობდა, რადგან სხვებს ტრავმა ჰქონდათ. დაიწყო თამაში და 10-15 წუთში ბათუმელებს სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ. ვზივართ სათადარიგოთა სკამზე და ვნერვიულობთ, რა უნდა ვქნათ. ფიზიკურად არ გვყავს მცველები, რომ შემოვიყვანოთ. 0:0-ია, მაგრამ ჩანს, სადაცაა, ბათუმელები გაგვიტანენ. მახსოვს, ერთი წუთით თამაში შეჩერდა, ქინქლაძემ უცებ მოირბინა სკამთან და ნოდიას ეუბნება: "მოდი, ლიბეროდ ვითამაშებ". დაიბნა ცხონებული გივი. ქინქლაძე ლიბეროდ? გივი თავისებური კაცი იყო და არ უყვარდა, როცა ფეხბურთელი სთავაზობდა რაიმეს, ყოველთვის თვითონ წყვეტდა ყველაფერს. მაგრამ ამ მომენტში თქვა: "კარგი, გიო. აბა, შენ იცი..." 3:0 მოვიგეთ, ცენტრალურმა მცველმა ქინქლაძემ კი მატჩში მხოლოდ ერთი "შეცდომა" დაუშვა, როცა საკუთარ საჯარიმოში... “მატაობა” დაიწყო და სამი კაცი მოატყუა".

ჩვენ ვწერთ კაცზე, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებშია შეყვანილი. კაცზე, რომლის "საუთჰემტონთან" გატანილი გოლი მსოფლიოს ყველა დროის ინდვიდუალური გოლების ათეულშია შეყვანილი. კაცზე, რომელსაც თანაგუნდელები ბურთს მიუტანდნენ და შეეძლოთ, დოინჯშემოყრილებს ეყურებინათ, რას გააკეთებდა მათი ლიდერი. კაცზე, რომლის გამოც "სიტის" ფანები სტადიონზე საქართველოს დროშას ჰკიდებდნენ. კაცზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო მანჩესტერში ჩასული და ფანებმა ლამის სასტუმრო დაარბიეს მის სანახავად.

"მსოფლიო სპორტმა" 9 ივნისს შემოგთავაზათ ინტერვიუ თემურ ლორთქიფანიძესთან (http://www.worldsport.ge/ge/page/temur-lortqifanidze-qinqladzis-bavshvobaze-19-wlamdelebze-ertian-sistemaze), ვინც გიორგის მწვრთნელი იყო 4 წლის განმავლობაში. იქ ნათლად ჩანს ფეხბურთელის პიროვნება - ისეთი ჩუმი და მორიდებული ყოფილა, რომ 16 წლის ასაკში უგუნდოდ დარჩენილა, არადა, საუკეთესო იყო თანატოლებში. ქინქლაძეს არასოდეს უცდია თვითრეკლამა, რაც ზოგადად ძალიან მოდურია საქართველოში.

ზურაბ ხიზანიშვილი: "გიორგი ქინქლაძესთან ერთად ვარჯიშიც კი დაუვიწყარია. ჩემი თაობის ფეხბურთელები ერთად რომ შეგვკრიბო, ქინქლაძის ნიჭს ვერ გადავწონით. მახსოვს, “ორკარას” დროს მწვრთნელი როცა გაგვყოფდა, გიოსთან ერთად თუ ვერ მოვხვდებოდი გუნდში, “ნაკიდკას” ვმალავდი. არ მინდოდა მის წინააღმდეგ მეთამაშა".

არ დამავიწყდება მისი ერთი გაელვება, როცა ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" თამაშობდა. ფეხში ჩაარტყეს და ცოტა ხანს ექიმები დასტრიალებდნენ, მაგრამ შემოვიდა და მალევე საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი, ოთხ თუ ხუთ კაცს ცეკვა-ცეკვით ჩაუარა, მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა.

...ეს ყველაფერი დიდუბეში, 155-ე სკოლასთან დაიწყო. რობინზონ ქინქლაძეს თავიდანვე სურდა, რომ ბიჭი ფეხბურთელი გამოსულიყო. რას აღარ აკეთებდა, თავად ავარჯიშებდა მოედანზე, თბილისის ზღვის გარშემო არბენინებდა, იოჰან კრუიფის (გიორგის საყვარელი ფეხბურთელი სწორედ კრუიფი იყო) თამაშის ვიდეოკასეტებს აყურებინებდა, წვენსაწური იყიდა და შვილს ნატურალურ წვენებს არ აკლებდა. დედა, ქალბატონი ხათუნა აბაშიძე კი 155-ე სკოლაში მასწავლებელი გახლდათ და ასევე დიდი როლი შეასრულა გიორგის ფეხბურთელად გაზრდაში.

ახლა გიორგი საფეხბურთო აგენტი გახლავთ, მისი პარტნიორები გოგა გახოკიძე და დავით ყენია არიან. გახოკიძემ ერთხელ მითხრა - ყოფილა შემთხვევა, გიოს ხმა არ ამოუღია ტრანსფერის საქმეზე, მაგრამ მისი გვარის ხსენებით მომხდარა გარიგებაო.

ცოტა ხანს ითამაშა კახა კალაძის გაცილების მატჩში და მგონი, სტადიონზე ყველაზე დიდი ხმაური სწორედ მის ფინტს მოჰყვა. დრო მიდის, ახალ-ახალი ვარსკვლავები ჩნდებიან, შეიხი კიდევ არაერთ მაგარ ბიჭს მიიყვანს "სიტიში", მაგრამ გიორგი ქინქლაძე ლეგენდად დარჩება.

საქართველოს ნაკრებში გატანილ გოლებზე აღარაფერს ვწერთ - კიდევ ერთხელ ვუყუროთ და დავტკბეთ.

https://www.youtube.com/watch?v=I7BuNzATQsw  

https://www.youtube.com/watch?v=glVD8heOQ5c

https://www.youtube.com/watch?v=aPcXpREvklk

https://www.youtube.com/watch?v=ozeq-EN9Fvk

https://www.youtube.com/watch?v=XtKeirsojRM

0.116351