ქართული ფიგურული ციგურაობა 50 წლისაა. ნახევარსაუკუნოვანი იუბილის აღსანიშნავად დღეს, თბილისის საციგურაო სკოლაში საჩვენებელი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის საციგურაო სკოლების აღსაზრდელებმა მიიღეს. საზეიმო ღონისძიებას ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენები და ქართული სპორტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
“ეს სახეობა საქართველოში დღითიდღე პოპულარული ხდება. ბოლო წლებში გაიხსნა ყინულის სასახლეები და მოედნები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და მესტიაში. გამოჩნდა ახალი თაობა, რომელსაც სამომავლოდ საქართველოსთვის წარმატების მოტანა შეუძლია. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, იანვარში ევროპის ჩემპიონატი გველის, რომელზეც ინდივიდუალურ პროგრამაში ელენე გედევანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო წყვილებში – ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის დუეტი”, – განაცხადა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაკა გიორგობიანმა.
საქართველოში ფიგურულ ციგურაობას საფუძველი 1960 წელს ჩაეყარა. პირველი ეროვნული ჩემპიონატი კი 1961 წელს ჩატარდა. ამ 50 წლის განმავლობაში, ქართველმა მოციგურავეებმა საკავშირო თუ საერთაშორისო მასშტაბით არაერთი გამარჯვება მოიპოვეს. ყველაზე დიდ წარმატებას კი წლეულს, ელენე გედევანიშვილმა მიაღწია – ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობათა ისტორიაში პირველად, მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.







