ჭიდაობა

10:29 | 21.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა მსოფლიოს განაცხადი თითქმის შეავსეს

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს, მსოფლიოს ჩემპიონატამდე თითო შეკრებაღა დარჩათ გასავლელი. ზაზა თურმანიძის და ბეგი დარჩიას გუნდები, მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ვარჯიშებს დუშეთის სპორტულ ბაზაზე ჩაატარებენ. საბოლოო შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არც ერთ მწვრთნელს არ დაუსახელებია, მაგრამ როგორც ჭიდაობის ეროვნული ფედერაციიდან შევიტყვეთ, თავისუფალთა გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, ხოლო ბერძენ-რომაელებს, შვიდეულის მეშვიდე წევრიღა დარჩათ სათქმელი.
სეზონის უმთავრეს ტურნირს, 6-12 სექტემბერს მოსკოვი უმასპინძლებს. პირველი-სამი დღე კლასიკოსებს დაეთმობათ. 6-ში მედლები 55, 66 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს სახელით ხალიჩაზე ლაშა გოგიტაძე (55 კგ), მანუჩარ ცხადაია (66 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) გავლენ. 7 სექტემბერს, ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქმეში რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) ჩაერთვებიან, წერტილს კი, 8-ში, 74-კილოგრამი დასვამს. ამ წონაში ბეგი დარჩია ლიდერს, სავარაუდოდ, 23 აგვისტოს დაასახელებს. არჩევანი მანუჩარ კვირკველიასა და გიორგი ცირეკიძეს შორის გაკეთდება. მწვრთნელის თქმით, კვირკველიას კოჭის მცირე ტრავმა აწუხებს.
ტრავმის გამო, ადრიანადვე გამოირიცხა მსოფლიოს პირველობაზე რამაზ ნოზაძის (96 კგ) გამგზავრება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკურნალობს და საერთაშორისო არენას, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში დაუბრუნდება.
ზაზა თურმანიძის შეგირდები 10-12 სექტემბერს ჩაერთვებიან ჩემპიონატში. პირველ დღეს, მხოლოდ უმსუბუქეს წონაში გათამაშდება მედლები და საქართველოს სახელით ბესიკ გუჩაშვილი იჭიდავებს. ბოლო-ორ დღეს კი სამ-სამ წონაში გამოვლინდებიან ჩემპიონ პრიზიორები. 11-ში – 60, 84 და 96 კილოგრამებში, ხოლო 12-ში – 66, 74 და 120 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრების ღირსებას კი მალხაზ ქურდიანი (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და ლევან ბერიანიძე (120 კგ) დაიცავენ.  

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09773