საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ჩატარებულ საარჩევნო ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოჭიდავე, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონი და 2-გზის ოლიმპიური პრიზიორი ლუკა კურტანიძე აირჩიეს.
დაახლოებით 70-ადგილიანი დარბაზი 110 დელეგატს რომ თავისუფლად ვერ დაიტევდა, თავიდანვე ცნობილი იყო. სკამების ჩამატების შემდეგ, იქ ისეთი სიმჭიდროვე იყო, რომ დამსწრეთ, თავისუფლად სასუნთქად, დროდადრო, ფოიეში გასვლა უწევდათ.
დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელშიც ერთმანეთს კურტანიძე და თამაზ გეგეშიძე დაუპირისპირდნენ. თუმცა, არჩევნებამდე მისვლას, დაახლოებით სამსაათნახევარი დასჭირდა.
ჯერ იყო და, ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა კახა გეწაძემ წაიკითხა მოხსენება და დამსწრეთ, მისი მუშაობის პერიოდში გაწეული სამუშაო დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს. შემდეგ კი, დელეგატებმა ფედერაციის წესდებაში შესატან მცირე ცვლილებებსა და ჭიდაობის მთელ რიგ საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს. მათ შორის, ლევან თედიაშვილის სახელობის დიღმის დარბაზზე, რომელიც სახელმწიფომ ძიუდოისტებს გადასცა და ამჟამად, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიად იწოდება.
ვეტერანმა მოჭიდავეებმა ამ საკითხზე პასუხი გეწაძეს მოსთხოვეს. ყოფილმა პრეზიდენტმა გულახდილად აღიარა: სამწუხაროდ, მაშინ პოზიციები მართლაც დავთმეთ, ძიუდოისტებს სათანადოდ არ დავუპირისპირდით და შედეგად, მოვლენები ასე განვითარდაო.
შემდეგ, დამსწრეთ პრეზიდენტობის კანდიდატებმა მიმართეს და მხარდაჭერის სანაცვლოდ, ჭიდაობის წინსვლისთვის მაქსიმალური ზრუნვის პირობა დადეს. ფარულმა კენჭისყრამ, პრეზიდენტთან ერთად, სამი ვიცეპრეზიდენტი და გენერალური მდივანიც გამოავლინა.
თავისიფალი სტილით მოჭიდავეთა ქვოტით, ვიცეპრეზიდენტი დიმიტრი გელაშვილი გახდა; ბერძნულ-რომაული სტილის ქვოტით - თემურ ყაზარაშვილი, 67 ხმით. სათათბიროს ქვოტით კი, ედიშერ მაჩაიძეს მხარი 87-მა დელეგატმა დაუჭირა.
ყველაზე დაძაბული, გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლა გამოდგა, სადაც მოქმედმა გენდმივანმა მალხაზ ჯორბენაძემ, ერთადერთი ხმით წააგო გიორგი ლომიძესთან - 47:48.
რაც შეეხება უმთავრეს კენჭისყრას, არჩევანი 103-მა დელეგატმა გააკეთა. მათგან 56-მა, ბიულეტენში კურტანიძე შემოხაზა, 45-მა გეგეშიძე. შედეგების გამოცხადებისას, დარბაზში ნემსი არ ჩავარდებოდა.
"მადლობა დელეგატებს მხარდაჭერისთვის და ამ დიდი პასუხისმგებლობის მონიჭებისთვის. პირობას გაძლევთ, რომ დღეიდან, ყველა პროფესიონალი დაფასებული იქნება და მათ გამოცდილებას სათანადოდ გამოვიყენებთ. ჭიდაობა გახდება ისეთივე საამაყო, როგორც ადრე იყო. მოჭიდავეები საკუთარი ქვეყნის და ერის სამსახურში ჩადგებიან და მხოლოდ გულშემატკივრის გასახარებლად იბრძოლებენ. კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველას, მხადაჭერისთვის და დაფასებისთვის, მჯერა, ერთიანობით ბევრს მივაღწევთ", – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
გეგეშიძემ კი აღნიშნა, რომ წილისყრა ორ ღირსეულ კანდიდატს შორის შედგა. დელეგატთა რჩეულს გამარჯვება მიულოცა და იქვე დასძინა, ახლა მთავარია, ყველამ ერთად, გაისად თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ვიფიქროთ და ასეთ დიდ შეჯიბრებას ღირსეულად ვუმასპინძლოთო.
ოთარ მაღლაკელიძე







