ფეხბურთი

17:06 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მნათობიშვილი ბელარუსულ ამინდს შეეჩვია

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპთა მონაწილე კლუბები კარგა ხანია გაირკვა. საკვალიფიკაციო ეტაპებზე პოსტ-საბჭოთა სივრციდან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ბელარუსის კლუბებმა აჩვენეს. ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთხელ ითამაშებს ბორისოვოს “ბატე,” ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტი ექნება მინსკის “დინამოს.” ჩვენც რაც სანატრელი გვაქვს, ბელარუსში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

წლის დასაწყისში ახალგაზრდა ქართველი მცველი ნიკოლოზ მნათობიშვილი პირველად დაადგა უცხოეთის გზა. “ზესტაფონისა” და გორის “დილას” შემდეგ, 21 წლის მნათობიშვილმა მოგილიევის “დნეპრის” მაისური მოირგო. ხუთი ტურის შემდეგ ჩემპიონატის ახალწვეულთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და დღემდე ადგილობრივი პრესა დადებითადაა განწყობილი მის მიმართ.

მაშინ როცა “ბატე” საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამარჯვებას აღწევდა და ლიგისკენ გზას იკაფავდა, ქართველის გუნდი ჩემპიონატის შეხვედრაში ბორისოვოს ეწვია. მატჩის ყურების საშუალება ქართველ გულშემატკივარს ინტერნეტის საშუალებით მიეცა. მნათობიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და კომენტატორი ქართველის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. ჩამოთვლილი მიზეზების გამო გადავწყვიტე ფეხბურთელს გავსაუბრებოდი. ამჟამინდელი ვითარების გარდა მის განვლილ კარიერასა და საქართველოში გატარებულ პერიოდსაც შევეხეთ.

  - გვიამბე  ფეხბურთში შენი პირველი ნაბიჯების შესახებ. 

- ფეხბურთის თამაში 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავიწყე, სადაც მურად კუპრეიშვილი მავარჯიშებდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. ეს ის ადამიანია, ვინც შემაყვარა ბურთი და მოედანი და არა მარტო ბურთი და მოედანი. მადლობის გარდა არაფერი მეთქმის.

გურამ ასპინძელაშვილის და მურად კუპრეიშვილის საშუალებით  მოვხვდი “ზესტაფონში”. იმ პერიოდში ასპინძელაშვილი “ზესტაფონის” დუბლებს ავარჯიშებდა. აკვირდებოდა ჩვენს თამაშებს, რის შემდეგაც მე და ჩემი თანაგუნდელი მიხეილ სარდალიშვილი წაგვიყვანა. ეს ბედნიერი წუთები არასდროს დამავიწყდება. მოგეხსენებათ, იმ დროისთვის “ზესტაფონი” ძლიერი კლუბი იყო, რაც შედეგებზეც აისახა ეროვნულ ჩემპიონატსა თუ ევროტურნირებზე. გურამ ასპინძელაშვილი ძალიან კარგი მწვრთნელია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რაც შემდგომში გამომადგა. მურად კუპრეიშვილის მსგავსად, გურამ ასპინძელაშვილის მიმართაც მხოლოდ სამადლობელო სიტყვა მეთქმის.

- როგორც მახსოვს, “ზესტაფონის” ძირითად გუნდშიც ვარჯიშობდი.

ძირითად გუნდში ვარჯიშთან ერთად ამხანაგურებშიც ვითამაშე, მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. გია გეგუჩაძე უმაღლესი დონის მწვრთნელია და ამით ახალს არაფერს ვამბობ. თამაშით კი უმეტესად დუბლებში გამოვდიოდი. იმ პერიოდში “ზესტაფონმა” ხუთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, რაც დიდ დროდ მივიჩნიე და კონტრაქტისთვის ხელი არ მომიწერია. ეს უკვე მას შემდეგ მოხდა, რაც კლუბიდან გია გეგუჩაძე წავიდა, მის წასვლას კი დუბლების მწვრთნელის შეცვლა მოჰყვა.

- გორის “დილაში” გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდი?

კარგად მაგონდება. უმაღლეს ლიგაში დებიუტი “დილას” შემადგენლობაში მქონდა. კლუბში ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლიტველი ვალდას ივანაუსკასი იყო. თავდაპირველად დუბლებში გიორგი ტუღუშთან ვვარჯიშობდი, ხოლო მალე ვალდასმა ნდობა გამომიცხადა. Mმწვრთნელებს, ლევან სილაგაძესა და მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი.

- ბელორუსიაში როგორ მოხვდი?

ბრაზილიაში მოღვაწე გოჩა ალადაშვილის დახმარებით, თუმცა იქამდე გია ელიაშვილისა და პაატა კირთაძის ნდობა დავიმსახურე, რის შემდეგაც სწორედ გოჩა ალადაშვილის დახმარებით გავემგზავრე მოგილიევში. გია ელიაშვილმა და პაატა კირთაძემ კარგად მომამზადეს. შედეგად სინჯები წარმატებით გავიარე.

- გარემოსთან ადაპტაციამ როგორ ჩაიარა.

კარგად. როცა ჩამოვედი ამინდის გრადუსი -20 დამხვდა, თბილისში კი ამ დროს +8,+10 გრადუსი იყო, თუმცა მალე შევეჩვიე ამინდს. საწყისი ტურების შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო ახალწვეულთა სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი. შემდეგ საკუთარ მოედანზე “ბელშინასთან” ვითამაშეთ და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.  გაზეთებში რამდენიმე სტატიაც დაიწერა ჩემს შესახებ, ამას გარდა, მუდმივად სასტარტოში ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე არ მსურს ლაპარაკი. სიტყვის გაგრძელებისგან თავს შევიკავებ.

- შეადარე საქართველოსა და ბელარუსის ჩემპიონატები.

მათ ჯგუფურ ეტაპზე ორი გუნდი ჰყავთ. ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. გარდა ამისა, ფინანსური თავსალზრისით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა ქართველი ფეხბურთელები ბევრად უფრო ტექნიკურები არიან და ამ თვალსაზრისით ჯობნიან ფიზიკურად ძლიერ ბელარუსებს. რაც შეეხება ინსფრასტუქტურას, ყველა გუნდს კარგი, მოვლილი სტადიონი აქვს. ძნელია ქართულ მოედნებს შეადარო. არადა, აქ უფრო ხშირია სიცივე, თუმცა მინდვრის საფარს ყველგან ძალიან კარგად უვლიან.

დიმა შარიქაძე

0.132491