საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრებმა 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მოსკოვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდური მე-4 ადგილი დაიკავა. უფროსებში ევროპის ჩემპიონები გენადი კვიკვინია (110 კგ. მარცხენა) და ვილენ გაბრავა (60 კგ. მარცხენა) გახდნენ, ვასილ დაუთაშვილი (100 კგ. მარჯვენა) მეორე ადგილზე გავიდა. ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალს ნიკოლოზ წერეთელი (60 კგ. მარჯვენა) დაეუფლა, ხოლო ვახტანგ ბერიძე (80 კგ. მარჯვენა) და მერაბ კაკაბაძე (80 კგ. მარცხენა) კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ. მასტერკლასში გამართულ შეჯიბრში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ამავდროულად აქტიურმა სპორტსმენმა ერეკლე გურჩიანმა (100 კგ) ოქრო-ვერცხლი ირგუნა. მარჯვენა მკლავით გაჩემპიონდა, მარცხენათი მეორე ადგილი დაიკავა.
დღეს სპორტის დეპარტამენტში ევროპირველობისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს რუსეთმოვლილი დელეგაციის წევრები შეხვდნენ. ჩემპიონატი ნაკრების თავკაცმა და ოქრო-ვერცხლის მფლობელმა შეაჯამა.
“მოსკოვში უძლიერესი შემადგენლობა მოგროვდა. ერთი კვირის განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები გადავიტანეთ. საკმაოდ რთული იყო საპრიზო ადგილზე გასვლა, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენი გავიტანეთ და საკმაოდ კარგადაც გამოვედით. 11 სპორტსმენი გვყავდა განაცხადში და მიუხედავად იმისა, რომ ყველა წონით კატეგორიაში არ გამოვდიოდით, გუნდურ ჩათვლაში მაინც საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენეთ - 22 მონაწილე ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დავიკავეთ. სამწუხაროდ, მსაჯებმა დაგვჩაგრეს, თორემ 2 ოქროს მედალი კიდევ უნდა აგვეღო” – განაცხადა ერეკლე გურჩიანმა და იქვე დასძინა, 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე ლას-ვეგასში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. იქამდე საერთაშორისო ტურნირებზეც გავემგზავრებით, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად მომზადებული გუნდით ჩავიდეთ.
სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია გალდავამ მკლავჭიდელებს წარმატებული გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთო. პრესკონფერენციის მიწურულს კი მცირე კომენტარი მძიმეწონოსანმა ჩემპიონმა, გენადი კვიკვინიამაც გააკეთა: “ნაკრები კარგად გამოვიდა. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ 11-კაციანი შემადგენლობით 100-კაციან გუნდებსაც კი გავუსწარით. მე ევროპის ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოვიპოვე. წინ მსოფლიოს პირველობაა და ვეცდები მასზეც წარმატებას მივაღწიო”.
ოთარ მაღლაკელიძე







