27 ნოემბერს, ბელგრადში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 39-ე გენერალურ ასამბლეაზე, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქალაქის ასარჩევი დასკვნითი წილისყრა შედგა და გამარჯვება თბილისმა მოიპოვა. ქართული დელეგაცია სერბეთიდან დღეს გამთენიას დაბრუნდა და შუადღისას, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში, საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, პრეზენტაციის მონაწილე მომღერლები და მოცეკვავეებიც შეხვდნენ.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, დამსწრეთ ბელგრადული გამარჯვება მიულოცა, შემდეგ კი, ჟურნალისტების ყველა შეკითხვას კონკრეტულად უპასუხა.
“გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას. მიზანი მიღწეულია, ახლა კი დაძაბული და რთული მოსამზადებელი პროცესი იწყება. დასკვნით არჩევნებამდე დახურულ რეჟიმში ვმუშაობდით. ლამაზი პრეზენტაცია გვქონდა გასაკეთებელი, რომელიც ბევრი ისეთი დეტალისგან შედგებოდა, რომლებითაც კონკურენტის პრეზენტაციას ვაჯობებდით. ამიტომაც მოვერიდეთ წინასწარ გახმაურებას, რაიმე გზით ინტერნეტ-სივრცეში რომ არ გავრცელებულიყო და ყველასთვის სიურპრიზად დარჩენილიყო. ასამბლეამდე ერთი დღით ადრე წინასწარი პრეზენტაცია მოვაწყვეთ, რომელზეც დელეგატებზე პირველი დიდი შთაბეჭდილება მოვახდინეთ. ალაფურშეტი და ქართული ღვინოების პრეზენტაცია ანსამბლ “კავკასიონის” პატარა მოცეკვავეების ბრწყინვალე გამოსვლებით იყო გაჯერებული. უმთავრეს პრეზენტაციაზე კი, ცეკვის გარდა, დარბაზში მყოფთ კიდევ ბევრი დაუვიწყარი რამ შევთავაზეთ. ორგანიზატორთა მოთხოვნით, პროგრამა მაქსიმუმ 10-წუთიანი უნდა ყოფილიყო და იძულებული გავხდით, წინასწარი მონახაზი შეგვეკვეცა, მაგრამ დავით დოიაშვილმა ეს ყველაფერი მაინც ისე ლამაზად შეკრა, ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ქართული პრეზენტაცია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვამ გახსნა. საქართველოს პრეზიდენტის დელეგატებისადმი მიმართვა და “თბილისი-2015”-ის უმაღლეს დონეზე ჩატარების გარანტიის მიცემა, მართლაც უმნიშვნელოვანესი მუხტი იყო. ამას დაემატა თბილისის მერის, გიგი უგულავას, ვიცეპრემიერ გია ბარამიძისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის კომენტარები და ანსამბლ “კავკასიონის” გაბრწყინება. პრეზენტაციის გამოკვეთილი ფიგურა კი პატარა ანა ბარამიძე გახდა, რომელმაც დამსწრეთ ფრანგულ ენაზე მიმართა. ეს მიმართვა ისეთი შთამბეჭდავი იყო, ბევრი აატირა კიდეც. თვით ვლად დივაციც კი, თვალცრემლიანი ჩაეხუტა ანას და უთხრა, მე მხარს შენ გაძლევო. ბოლოს კი, სპეციალურად “თბილისი-2015”-ისთვის შექმნილი ჰიმნი დუეტმა “ჯორჯიამ” ცოცხლად შეასრულა. ეს ათწუთიანი პროგრამა, ისეთი ეფექტური იყო, სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლები მოდიოდნენ და წინასწარ გვილოცავდნენ გამარჯვებას. გვითხრეს – თქვენ, ფაქტობრივად, გაანადგურეთ კონკურენტიო”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
წილისყრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოსა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუს კოლეგას შეხვდა და თუ რუსული გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ამ მოლაპარაკების შემდეგ, ჟუკოვმა ხმა თბილისს მისცა. ნაცვლიშვილმაც აღნიშნა, რომ თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსებმა ფარულ კენჭისყრაში საქართველოს სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, თუმც იქვე დასძინა, წინასწარი გათვლებით 29 ხმას ველოდით და, სულ ცოტა, 3-მა ქვეყანამ მოგვატყუაო. კონკრეტულად ვინ არ შეასრულა დანაპირები, ამის დაზუსტება უკვე შეუძლებელია.
პრესკონფერენციის ბოლოს, ნაცვლიშვილმა ოლიმპიური ფესტივალისთვის საჭირო სპორტული ნაგებობების შესახებაც გააკეთა კომენტარი:
“ჩვენი კონკურენტის, ბრნოს დევიზი იყო - “ჩვენ მზად ვართ”. ეს ქალაქი დღესვე მზადაა ფესტივალის სამასპინძლოდ. გადამწყვეტ არჩევნებში ზედიზედ მესამედ მონაწილეობდა და მესამედაც დამარცხდა. ჩვენ კი, ინფრასტრუქტურის მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი. ოლიმპიური სოფელი ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობას თბილისის მერია და კერძო ინვესტორი აწარმოებენ, თუმც ჯერ დასაზუსტებელია, კონკრეტულად როდის დაიწყება სამუშაოები. ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად უახლოეს მომავალში შევიკრიბებით. ის კი აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიური სოფელი, ფესტივალის შემდეგ, საუნივერსიტეტო ქალაქად იქცევა და მასში სტუდენტები დაიდებენ ბინას”.
საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქართული მხარე, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს ანგარიშს 6 თვეში ერთხელ ჩააბარებს.
ოთარ მაღლაკელიძე




