საქართველოს ეროვნული საკალთბურთო ნაკრები დღეს, გამთენიისას, ევროპული ტურნედან დაბრუნდა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 მატჩი გამართა – უნგრეთში, პორტუგალიაში და ჩეხეთში – ადგილობრივი ქვეყნების ნაკრებებთან.
იგორ კოკოშკოვის გუნდმა 2 უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა უნგრეთსა და პორტუგალიაში, რომლის შემდეგაც ისედაც ხალხნაკლული, გვარიანდ გადაღლილი ჩავიდა ნიმბურკში და ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა დიდი სხვაობით დათმო.
როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, რომელთა შესახებაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე გვესაუბრება. იგი გუნდს სამივე გასვლით მატჩში ახლდა...
- საკვალიფიკაციო ეტაპი ჩეხეთთან თბილისში გამარჯვებით დავიწყეთ, რასაც 3 გასვლითი შეხვედრიდან ორის წაგება მოჰყვა. ეს შედეგი რეალობას ასახავს, თუ ჩვენს ნაკრებს უფრო მეტის მიღწევა შეეძლო?
- მიუხედავად იმისა, რომ 3 უმაღლესი კლასის მოთამაშე გვკლია, ვფიქრობ, უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. ამის თქმის საშუალებას უნგრეთში 1 ქულით წაგებული მატჩი მაძლევს, რომელიც ყველამ ნახა და დამეთანხმებით, უპატიებელი შეცდომების გამო მასპინძლებს მოგება ვაჩუქეთ.
- ნაკრების დანაკლისი რომ არა, პროგრამა მაქსიმუმი რა იქნებოდა?
- ჩვენს ნაკრებს 3 წამყვანი კალათბურთელი აკლია – მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი და რიკი ჰიკმანი. ამ მოთამაშეებს დავუმატოთ 2 საშუალო დონის კალათბურთელი და ძლიერი ხუთეული გამოვა. რაც შეეხება ჰიკმანის შემცვლელის პოვნას: ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, გაცხადებულმა უარმა დრო აღარ დაგვიტოვა სხვა ნატურალიზაციის მსურველი ან ნატურალიზირებული სათანადო დონის მოთამაშის მოსაწვევად. ამან, თავისთავად გამოიწვია მწვრთნელთა მიერ დაგეგმილ სათამაშო ტაქტიკასა და დამუშავებულ კომბინაციებში კორექტივების შეტანა. ცალკე თემაა ვიქტორ სანიკიძის ტრავმა, რომელმაც უნგრეთსა და პორტუგალიაში სრული დატვირთვის ვერ ითამაშა. ანუ როგორც იტყვიან, ჩვენ გუნდში გუნდი გვაკლია და რომ არა ეს დეფიციტი, საქართველოს ნაკრების შესაფერისი შედეგი ჯგუფში ყველა მატჩის მოგება იქნებოდა.
- მიუხედავად იმისა, რომ კალენდრით ზედიზედ 3 გასვლითი მატჩი გვქონდა?
- კალენდარი ჩვენთვის ხელსაყრელი ისედაც არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკადრო პრობლემები შეგვექმნა, 3 გასვლითი შეხვედრა თითქმის დაღუპვის ტოლფასი გახდა. ნაკრებს ძირითადი ხუთეული არ შერჩა, მწვრთნელს კი სათანადო როტაციის საშუალება არ ჰქონდა და ბიჭები გადაიღალნენ. უნგრეთსა და პორტუგალიაში გადატანილი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ, ჯგუფის ფავორიტმა, ჩეხეთმა მიგვიღო და დიდი უპირატესობით დაგვამარცხა. ჩეხებიც სწორედ იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რაც ზემოთ ვახსენე. მათმა ლიდერმა, ტომაშ სატორანსკიმ მატჩამდე პრესასთან განაცხადა, რომ ქართველები ზედიზედ მესამე გასვლით შეხვედრას ატარებენ, გადაღლილები არიან, როგორც თამაშით, ისე ხანგრძლივი მგზავრობით და ეს კარგად უნდა გამოვიყენოთო. ჩეხებმა სწრაფ თამაშზე გააკეთეს აქცენტი და გაუმართლათ კიდეც.
- კალენდარი რომ შედგა, მაშინ მის შეცვლაზე არ გიზრუნიათ?
- კალენდარი ფიბა-ევროპის დებულების შესაბამისად, სპეციალური მატრიცის საშუალებით დგინდება, რომელიც წინასწარაა დაფიქსირებული და მის შედგენასა თუ ცვლილებაში ეროვნული ფედერაციები და გუნდები მონაწილეობას ვერ ღებულობენ. ფიბა-ევროპის სათანადო კომისიამ განსაზღვრა კალენდარი და დაამტკიცა თამაშების განრიგი, ასე რომ, როგორც მეტოქის შერჩევის, ასევე თამაშების კალენდრის დადგენის პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებდით.
- უნგრეთთან მატჩისთვის ნაკრები რეაბილიტაციას მოასწრებს?
- ნაკრები დაგეგმილი პროგრამით მოქმედებს და მისი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა. ჯერ ყველაფერი წინაა, უნგრეთთან მატჩი საკვანძოა, მას ფინალის მნიშვნელობა აქვს. უნგრეთის აუცილებლად დამარცხება გვმართებს და რაც უფრო მეტი ქულით მოვახერხებთ ამას, მით უკეთესი. ბიჭებმა ჩეხეთთან წაგებული მატჩი განიცადეს, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან და იციან, რომ უნგრეთი გვყავს დასამარცხებელი. ამიტომაც, მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებენ მიზნის მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. უნგრეთში მასპინძლებმა რომ მოგვიგეს, უდიდესი წვლილი მაყურებლებს მიუძღვით, რომლებმაც დარბაზში არნახული ატმოსფერო შექმნეს. ტრიბუნები 3 ათას მაყურებელს იტევდა, თუმცა სრულიად სავსე დარბაზი და მასპინძლების მხარდასაჭერად მოგუგუნე ფანები უნგრეთის ნაკრებს უდიდეს სტიმულს აძლევდნენ.
- საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან მატჩში გულშემატკივარი არ აკლდა...
- იმაზე მეტი უნდა მოვიდეს, რაც ჩეხეთთან იყო. დარბაზი უნდა გაივსოს, რადგან ამ მატჩში წყდება საქართველოს ნაკრების გასვლა-არგასვლის საკითხი. იმედი მაქვს, გულშემატკივარიც მოვა და ბიჭებიც მოახერხებენ ხელსაყრელი შედეგის მიღწევას.
www.gbf.ge