კალათბურთი

18:53 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: “უფლება არ მაქვს ნატურალიზებულ კალათბურთელს ფული გადავუხადო”

დღეს, 11 მარტს ქართულ კალათბურთში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. სერბმა სპეციალისტმა, “კლივლენდ კავალიერსის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იგორ კოკოშკოვმა, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებთან 2008 წლის შემდეგ მორიგი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებს ევრო-2015-ის ფინალური ტურნირის საგზური უნდა მოაპოვებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტი გაუქმდება და “ჯვაროსნებისა” და კოკოშკოვის გზები ავტომატურად გაიყრება.

მეორე ამბავი კომპანია “ჰიუნდაი ავტო საქართველოსა” და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობის გახანგრძლივებას ეხება, რომელსაც ხელი “ჰიუნდაის” ოფისში მოეწერა.

“ჰიუნდაი” საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორი 2009 წელს გახდა, რის შემდეგაც ჩვენმა ნაკრებმა, პირველად არსებობის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

“მსოფლიო სპორტი” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს ესაუბრა.

-       კოკოშკოვი ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ჩვენი გუნდი ბევრად უფრო კარგ  სპეციალისტს იმსახურებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კოკოშკოვი 2008 წლიდან ხელმძღვანელობს ჩვენს ნაკრებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდში რაიმე სიახლე შემოიტანოს. რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს ნაკრებისთვის კოკოშკოვზე უკეთესი მწვრთნელის მოძიება?

-       ჩვენთვის და ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის სასურველმა სპეციალისტებმა იმდენად დიდი თანხა მოგვთხოვეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ჩვენი და მათი თანამშრომლობა. ნაწილმა, რომლებიც წარმატებით მუშაობენ კლუბებში, ნაკრებში საქმიანობის გამოუცდელობა დაასახელეს. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ჩვენთვის მისაწვდომი და ყველაზე კარგი ვარიანტი შევარჩიეთ.

-       ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებიდან ბოლოს კოკოშკოვთან ერთად მისი ერთი თანამემამულე შემორჩა, რომლის დასახელებისგან აქამდე თავს იკავებდით...

-       მისი სახელის და გვარის დასახელებისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იგი დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის საკლუბო გუნდში საკმაოდ წარმატებით მუშაობს.

-       მაგ სპეციალისტზე რატომ თქვით უარი?

-       ის საკმაოდ ახალგაზრდა და ნაკრებისთვის გამოუცდელია.

-       აქამდე უცნობი იყო კოკოშკოვის ხელფასი...

-       კოკოშკოვის დაუკითხავად მისი ხელფასის გამჟღავნებისგან მეც თავს შევიკავებ. უხერხულია მისი ნებართვის გარეშე მასმედიასთან მის ხელფასზე ვისაუბრო.

-       სუპერლიგის რიგით მატჩებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კოკოშკოვი აქამდე ფინალური მატჩების სერიასაც კი არ ესწრებოდა. ამ მხრივ თუ შეიცვლება რამე მომავალში?

-       სამომავლო გეგმებს მაშინ დავსახავთ, როცა კოკოშკოვს შევხვდებით.

-       შესანიშნავად თამაშობს “ბარსელონაში” (ესპანეთი) საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ნატურალიზებული ლეგიონერი ჯეიკობ პულენი, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაში 15 შესაძლებლობიდან 12 სამქულიანი გამოიყენა. ხომ არ ფიქრობთ პულენის ჩვენს ნაკრებში დაბრუნებას?

-       პულენი არასტაბილური, ფეთქებადი კალათბურთელია, რომელიც იშვიათად გაიბრწყინებს ხოლმე. ჩემი აზრით, პულენს ისევ რიკი ჰიკმანი სჯობია, რომელიც უფრო გამოცდილი და მაღალი დონის კალათბურთელია. ევრო-2015-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ისევ ჰიკმანი დაეხმარება.

-       რის ფასად თამაშობენ ჩვენს ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელები?

-       მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის სანაცვლოდ, რომელიც არაევროპელი კალათბურთელებისგან განსხვავებით დიდ შანსს აძლევს ცნობილ ევროპულ საკლუბო გუნდებში ითამაშონ.

-       სამწუხაროდ, ჩვენი ნატურალიზებული კალათბურთელების უმეტესობა კლუბებში უკეთ თამაშობენ, ვიდრე ნაკრებში. არ შეიძლება ხელფასი დავუნიშნოთ, რათა ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯონ და უკეთ ითამაშონ?

-       სხვა დროს რა იყო, ეგ ჩემი გასარკვევი არაა, ამჟამად საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მე არ მაქვს უფლება ეროვნული ნაკრების წევრს, ნატურალიზებული იქნება თუ ადგილობრივი, ხელფასი დავუნიშნო. ხელფასებს მხოლოდ მწვრთნელები და გუნდის მომსახურე პერსონალი იღებს. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობისთვის დიდი ხელფასების დანიშვნას უმჯობესია ეს თანხა ბავშვთა კალათბურთის განვითარებას მოვახმაროთ, სადაც ტალანტები ყოველთვის იყვნენ და არც ახლა გვაკლია.

-       შესარჩევ ტურნირში ჩვენი მეტოქეებიდან (ჩეხეთი, უნგრეთი, პორტუგალია) რომელ გუნდს თვლით ჩვენი ნაკრებისთვის ყველაზე სერიოზულ კონკურენტად?

-       პორტუგალიაც კი, რომელიც გამოკვეთილი აუტსაიდერია, ანგარიშგასაწევი გუნდია და ყველა მეტოქეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დავისაჯოთ.

-       დაბოლოს, “ჰიუნდაისა” და ფედერაციის ახალ თანამშრომლობაზე გკითხავთ. “ჰიუნდაის” ფედერაციასთან თანამშრომლობა მხოლოდ ეროვნული ნაკრების სპონსორობით შემოიფარგლება?

-       ეროვნული ნაკრების გარდა, კომპანია “ჰიუნდაი ავტო საქართველო” იმ ახალგაზრდულ ნაკრებსაც დაეხმარება, რომელიც თბილისში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზებს.

0.190273