კალათბურთი

14:27 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: “ფიბა-ს საგანგებო კონგრესზე მსოფლიო საკალათბურთო სამყარო ერთსულოვანი იყო”

16 მარტს თურქეთმა ფიბა-ს საგანგებო კონგრესს უმასპინძლა, რომელმაც ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღო. გაუქმდა რეგიონალური საკალათბურთო ორგანიზაციების (ფიბა-ევროპა, ფიბა-აზია და ა. შ.) დამოუკიდებლობა და ისინი ფიბა-ს მმართველობის ვერტიკალში მოექცნენ, ევროპის ჩემპიონატების გამართვის ციკლი კი 2-დან 4 წლამდე გაიზარდა.

ფიბა-ს საგანგებო გენერალურ კონგრესში მონაწილეობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემაც მიიღო, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებებზე უფრო დეტალურად გვესაუბრება.

- ეს ფიბა-ს ისტორიაში მეორე საგანგებო კონგრესი გახლდათ. პირველი 1989 წელს გაიმართა და მაშინ 1992 წლის ოლიმპიადაზე ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელების დაშვების საკითხი მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, ესპანეთში დაგეგმილია ფიბა-ს კონგრესი, მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ საჭიროდ მიიჩნია, საგანგებო კონგრესი მოეწვია, რომელსაც 16 მარტს თურქეთმა უმასპინძლა და რომელმაც რამდენიმე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.

კონგრესის უპირველესი მიზანი ფიბა-ს წესებით მოთამაშე ტურნირების კალენდარის მოწესრიგება იყო. შეკრების ძირითადი ლეიტმოტივი იყო – “ერთი ორგანიზაცია, ყველას ხმა”. ანუ მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე რა საკალათბურთო ტურნირებიც ჩატარდება, უნდა იყოს ფიბა-ს მიერ ლიცენზირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ორგანიზაცია მკაცრ სანქციებს გაატარებს.

ფიბა-მ გააძლიერა მმართველობის ვერტიკალი ისეთი ორგანიზაციების მიმართ, როგორებიც არიან ფიბა-ევროპა, ფიბა-აფრიკა და სხვა დანარჩენი კონტინენტური  საკალათბურთო გაერთიანებები. დამოუკიდებლობა ფორმალურად შეუნარჩუნდათ, თუმცა მათი აღმასრულებელი ხელისუფლება ფიბა-მსოფლიოს მმართველობის ვერტიკალში მოექცა. მათ ხელმძღვანელებს ფიბა-ს საბჭო ყოველ 4 წელიწადში აირჩევს. ფიბა-ს მთავარ საბჭოში შევა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 1 წარმომადგენელი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ფიბა-ს კალენდრის მოწესრიგებაში ნბა-ს მიმართულებით.

ფიბა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კალათბურთის კომერციალიზაციისკენ, რაც მეტი სპონსორის მოძიებაში, ტელეტრანსლაციების გაყიდვების მოწესრიგებაში და მედიასთან აქტიურ ურთიერთობაში გამოიხატება. ძირითადი შემოსავალი უნდა მოდიოდეს კომერციული ტურნირებიდან და ეს თანხა ნაციონალურ ფედერაციებზე უნდა გადანაწილდეს. კალათბურთში მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიური მარკეტინგული საქმიანობა უნდა წარიმართოს.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს კონტინენტური, კონკრეტულად კი ევროპის ჩემპიონატების გამართვის 4-წლიანი ციკლია. 2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ აღნიშნული შეჯიბრი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება და მის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას კონტინენტის ყველა ქვეყნის ნაკრები ერთიანად მიიღებს. აღარ იარსებებენ “ა” და “ბ” დივიზიონები. ასევე ცალკე ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. აქამდე მსოფლიოზე ის გუნდები ხვდებოდნენ, რომლებიც კონტინენტურ ჩემპიონატში თავს გამოიჩენდნენ. 2017 წლიდან ესე აღარ იქნება და ყველა დამოუკიდებლად მოიპოვებს კონტინენტური თუ მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს. ჯერ არაა დადგენილი, თუ როგორ მოხდება ოლიმპიადაზე მოხვედრა, თუმცა ამ საკითხს ფიბა უახლოეს პერიოდში მოაწესრიგებს.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შესარჩვი ტურნირების მატჩები ზაფხულთან ერთად შუა სეზონში, სავარაუდოდ ზამთარშიც ჩატარდება. ფიბა-მ იზრუნა იმაზე, რომ აღნიშნულ პერიოდში არ მოხდეს ეროვნული ნაკრების წევრთა დაკავება ნბა-სა თუ ევროლიგაში და აღნიშნულ სტრუქტურებთან აქტიური მოლაპარაკების შედეგად, წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ანუ არ იარსებებს იმის საშიშროება, რომ ვთქვათ, ზამთარში, როცა ეროვნული ნაკრებები შესარჩევი ტურნირის მატჩებს ითამაშებენ, კალათბურთელების კლუბებში დაკავება მოხდეს. ყველაფერი ერთიან კალენდარზე აეწყობა, ასევე მოგვარდება სხვა საჭირო საკითხებიც.

- რამდენად მისაღებია ეს ფორმატი საქართელოსთვის და ზოგადად, ევროპული ქვეყნებისთვის?

- ქართველ მაყურებელს ეძლევა შანსი, მსოფლიოს ისეთი გრანდები იხილოს თბილისში, როგორებიც არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ლიტვა და ასე შემდეგ. მარკეტინგულად ეს ძალიან მომგებიანია და თუ არ იქნება ნბა-დან და ევროლიგის გუნდებიდან მოთამაშეების ჩამოსვლის პრობლემა, რა თქმა უნდა, უკეთესია, ზაფხულის პერიოდს ზამთარიც დაემატოს. ფიბა ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, წამგებიანი რომ იყოს. როგორც ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით ნბა-სთან და ულებ-თან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

- ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების მიღებას თქვენც დაუჭირეთ მხარი?

- რა თქმა უნდა. მსოფლიო საკალათბურთო სამყარო ერთსულოვანი იყო. საგანგებო კონგრესში 198 ქვეყანა მონაწილეობდა და აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებას ყველამ მხარი დაუჭირა – მხოლოდ ერთმა ქვეყანამ შეიკავა თავი.

- შესაძლოა, უკრაინაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო ევროპის ჩემპიონატი ამ ქვეყანაში აღარ გაიმართოს. ამ მხრივ თუ იმსჯელეს საგანგებო კონგრესზე?

- ოფიციალურ დონეზე ეს საკითხი არ განხილულა. მე შევხვდი უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრ ვოლკოვს და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სახელით მწუხარება გამოვთქვი იმ პროცესებზე, რაც მის ქვეყანაში ვითარდება. მან თქვა, რომ უკრაინაში დარბაზების მშენებლობა დიდი შეფერხებით მიმდინარეობს და შექმნილი პოლიტიკური ვითარება ყველანაირად ხელს უშლის ევრობასკეტის ჩატარებას.

უკრაინელები ძალიან შეშფოთებულები არიან და კონტინენტის პირველობის მათ ქვეყანაში ჩატარებას რეალური საფრთხე ემუქრება. გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. ყველა მოვლენების განვითარებას ელოდება, რის შემდეგაც საბოლოდ გადაწყდება, უმასპინძლებს თუ არა უკრაინა ევროპირველობას.

სხვათა შორის, მიმდინარე თვეში უკრაინაში უნდა გამგზავრებულიყო საქართველოს 1999 წელს დაბადებულთა ნაკრები, რომელიც შექმნილი ვითარების გამო თბილისში დარჩა. გასარკვევია ასევე 18-წლამდელთა ევროპის პირველობის გამართვის საკითხიც, რომელიც დონეცკშია დაგეგმილი. ამაზე პასუხს ფიბა-ევროპა 23 მარტს იტყვის.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11099