ჩოგბურთში საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე კიდევ ერთი მოულოდნელობა მზადდებოდა, თუმცა ენდი მიურეიმ გაჭირვებით მაინც მოიგო.
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი დაძაბულ ბრძოლაში 3:6, 6:3, 6:3, 4:6, 12:10 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
მსოფლიოს მერვე ჩოგანი პირველი სეტის დათმობის შემდეგ გამოცოცხლდა და ზედიზედ ორი სეტი დამაჯერებლად მოიგო. მეოთხე სეტში ბრიტანელი 4:2 იგებდა, როდესაც კოლშრაიბერმა შესაშური ოსტატობა გამოიჩინა და მეტოქის ზედიზედ ორ მოწოდებაზე ბრეიკი შეასრულა და სეტი სათავისოდ 6:4 დაასრულა.
შეხვედრის გამარჯვებულის ვინაობა მეხუთე სეტში გაირკვა. საწყის წუთებში ჩოგბურთელები ნერვიულობდნენ და საკუთარი მოწოდებები ორ-ორჯერ დათმეს. ანგარიში 7:7 გახლდათ, როდესაც მოედანზე განათების პრობლემა შეიქმნა და ჩოგბურთელებს ერთდღიანი დასვენება მოუხდათ. მატჩი დღეს განახლდა და უკეთესად მიურეი გამოიყურებოდა. ბრიტანელმა გადამწყვეტი სეტი 12:10 მოიგო.
ჯამში მიურეიმ 21 ბრეიკის შესაძლებლობიდან 10 გამოიყენა (48%), ხოლო კოლშრაიბერმა - 12-დან 8 (67%). მიურეის მერვედფინალში ესპანელ ვერდასკოს დაუპირისპირდება, რომელმაც ფრანგების ერთ-ერთი იმედი რიშარ გასკე სამ სეტში იოლად 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა.
გიორგი ბალახაძე