მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი ტომას მიულერი აღიარებს, რომ ბოლო დროს, მისი გუნდი ზედმეტად თავდაჯერებულია, რამაც “რეკორდმაისტერი” “მანჩესტერ სიტისთან” წაგებამდე მიიყვანა.
“ცუდად ვითამაშეთ, რადგან ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, მოგება ვერ მოვახერხეთ. უნდა დავეთანხმო კრიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზედმეტად თავდაჯერებულები ვართ. გავიტანეთ რა 2 გოლი, ვიფიქრეთ, რომ ამ მატჩში ცუდი არაფერი მოხდებოდა. “ბაიერნი” საკუთარ ძალებში ზედმეტად იყო დარწმუნებული, თუმცა, ბოლო თამაშების შედეგების გათვალისწინებით, ეს ლოგიკურიცაა.” – ციტირებს მიულერის სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “ბაიერნი”, 2:0 დაწინაურების მიუხედავად, “სიტისთან” გამართულ საშინაო მატჩში 2:3 დამარცხდა.