რაგბი

18:29 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მისაღები ანგარიში უხარისხო თამაშში

 

როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან გამარჯვების შანსს პრაქტიკულად ბოლო წუთამდე ინარჩუნებ და მასთან მხოლოდ 11 ქულით (18:29) ნამდვილ ბრძოლაში მარცხდები, აბსოლუტურად მისაღები შედეგია ისეთი გუნდისათვის, რომელიც დიდ რაგბიში პირველ ნაბიჯებს დგამს და ამგვარი შედეგის მიღწევა უდავოდ დასაფასებელია.

არგენტინასთან სან ხუანში, “ბისენტენიალზე” წაგებულმა მატჩმა კითხვები გააჩინა და თუ არ გვინდა რაგბიც იმ სპორტის სახეობას დაემსგავსოს, სადაც ყველაზე ხშირად “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ” ისმის, მაშინ მარტო წაგებულ კი არა, მოგებულ თამაშებსაც კრიტიკის თვალით უნდა შევხედოთ.

არის მეორე ვარიანტიც - შევეგუოთ იმ აზრს, რომ ჩვენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგის მოწინავე 15-ეულთან მოგების შანსი არ გვაქვს და მცირე სხვაობით მარცხი ყოველ ჯერზე აღფრთოვანებულებმა, გამარჯვებასავით აღვნიშნოთ.

არგენტინასთან შორეულ სამხრეთ ამერიკაში დავმარცხდით და ამ წაგებაში გასაკვირი არაფერია - ეს მოსალოდნელი იყო. მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ეს იყო არგენტინის ეროვნული სახელით მოთამაშე გუნდი, რომელსაც 21 წამყვანი მორაგბე აკლდა. ამ მორაგბეებს მწვრთნელები ოთხი ერისთვის ასვენებენ და იმ უახლოესი რეზერვით, რომლითაც ქართველებს ეთამაშნენ, ცოტა ხნის წინათ, ინგლისის ასევე გადახალისებულ გუნდთან ორი თამაში წააგეს (3:32 და 26:51).

გავიხსენოთ, რომ თითო თამაშში განაცხადში მხოლოდ 23 მორაგბე ხვდება; რომ მსოფლიო თასზე თითო გუნდს 30 მორაგბე მიჰყავს; იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ივნისში, ჩერჩილის თასზე, ჩრდილოამერიკულ ტურნეზე, ბუქარესტის IღB-ს ერთა თასზე თუ ახლახანს თბილისის თასზე 10-15 მორაგბის დაკლების დროს, შედეგებიდან გამომდინარე მუდამ იმაზე გვქონდა საუბარი, პრაქტიკულად “ა” ნაკრებით ვთამაშობდითო და შესაბამისად, ამ შემთხვევაში ნუ დავიმშვიდებთ თავს იმითი, რომ ტოლსწორად არგენტინის ეროვნულ გუნდს ვეთამაშეთ. არგენტინის ეროვნულ გუნდს სულ ცოტა ხანში, ოთხი ერის გათამაშებაზე ვნახავთ და სწორედ მაშინ გამოჩნდება, რომ არგენტინის ეროვნული გუნდი სხვა ძალაა და ჩვენთანაც და ინგლისთანაც უახლოესი რეზერვი გამოიცადა.

წაგების გარდა, განვლილ თამაშში პირადად მე გული იმანაც დამწყვიტა, რომ ჯამში ამხელა მანძილის გავლის შემდეგ საქართველომ სულ რაღაც 15-20 წუთი ითამაშა, დანარჩენი დრო კი, ჯარიმების შესრულებას თუ აუტში გადატანას, დერეფანში ბურთის აგდებას და შერკინებების მოწყობას დაეთმო. თამაში 80 წუთი გრძელდება, დრო არ ჩერდება არცერთ სტატიკურ მდგომარეობაში და შესაბამისად, დროის უმეტესი ნაწილი გუნდებმა მოედანზე უქმად გაატარეს. რაგბში არც მოედნის ცენტრისთვის ბრძოლაა გადამწყვეტი, თამაში კი, უმეტესად 22-იან ხაზებს შორის მიმდინარეობდა. მხოლოდ ერთხელ შეიქმნა სალელოვე სიტუაცია, როდესაც ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა (არგენტინელთა მიერ გატანილი ლელოს გამოკლებით), დანარჩენი დრო, მიმდინარეობდა ჭიდილი, რომელიც ჯარიმით სრულდებოდა. რაგბის უნახავი ადამიანი კი (ან თუნდაც ამ სახეობის თავგადაკლული ფანი), სიამოვნებას სწორედ ლელოებით და სალელოვე შეტევებით თუ მიიღებს და არა რაქებში ჭიდილით, ან ჯარიმის შესრულებისას ჩამწკრივებული მორაგბეებით, რომლებიც დამრტყმელის მზადებას შეცქერიან.

რა დაგვანახა განვლილმა მატჩმა? ის, რომ საქართველოს ნაკრები, თუნდაც ამხელა დანაკლისის ფონზე (მამუკა გორგოძე, დიმიტრი ბასილაია, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, თედო ზიბზიბაძე) მუდამ ბოლომდე იბრძვის და აღარ უფრთხის სახელებს, მაგრამ თბილისის თასისა არ იყოს, კვლავაც ამყარებს რეკორდებს უაზრო ჯარიმების მიღებით. დიახ, რეფერიმ რამდენჯერმე ისეთ სიტუაციაში ჩასტვინა, ახლაც რომ ჰკითხო, თანაც გამეორება აყურებინო, ვერ გეტყვის, სად და რაში დაინახა დანაშაული, მაგრამ ფაქტია, “ბორჯღალოსნები” საქმიანადაც საკმარისად დაჯარიმდნენ და ეს მილტონ ჰეიგის ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. რომ არა არგენტინელთა თანაზიარი უდისციპლინობა, მაშინ შედეგიც ბევრად უფრო არასახარბიელო იქნებოდა და ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა მხოლოდ იმ ხალხს თუ შეუძლია, რომელსაც პრობლემების დანახვა ურმის გადატრიალებამდე არ შეუძლია.

ქართველ მორაგბეებს თავდადება და ბრძოლა პირველ ტაიმში ოთხ დასარტყმელ ჯარიმად დაუფასდა, რომლებიც ბექა წიკლაურმა 12 ქულად აქცია. არგენტინელებმა ხუთჯერ დაჰკრეს კარში, მაგრამ მხოლოდ სამჯერ აიღეს 3-3 ქულა და “ბორჯღალოსნები” შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 12:9.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ირლანდიელი რეფერის ჯორჯ ქლენზის მეტ-ნაკლები “მონაწილეობით”, არგენტინელებმა 3 ჯარიმა გაიტანეს და 53-ე წუთზე 18:12 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ გაჭრა ხმალაძემ ხაზი და ფეხით გადაკიდებული ბურთი კარგად რომ ამხტარიყო, ეგებ ლელოც დადებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და 57-ე წუთზე წიკლაურმა 22-ის ხაზიდან არეკნით სხვაობა შეამცირა. არგენტინა კვლავ ორი ჯარიმით გაიქცა, რაზეც მალაღურაძემ ჯარიმითვე 72-ე წუთზე უპასუხა, მაგრამ ის ცენტრში მოკლე გადაკიდებისას შეცდა, ბურთი მეტოქეს დარჩა, სივრცეც გაჩნდა და ტომა კუველიმ ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საფინალო სასტვენამდე რეფერიმ ისღა მოასწრო, რომ ვიტო კოლელიშვილი გაასინბინა და თამაშიც დასრულდა.

 

არგენტინა - საქართველო 29:18 (9:12)

არგენტინა: 15. მარტინ ბუსტოს-მოიანო (22. ვენხამინ ურდაპიჟეტა 73), 14. ველისარიო აგუჟა, 13. მატიას ორლანდო, 12. გონსალო ტიესი (23. გაბრიელ ასკარატე 69), 11. ტომა კარიო, 10. ვენხამინ მადერო, 9. ტომა კუველი; 1. გილერმო როანი (17. ბრუნო პოსტილიონი 79), 2. მარტინ გარსია-ვეიგა (16. მაურისიო გიდონე 80), 3. მასიმილიანო ბუსტოსი (18. ფრანსისკო გომეს-კოდელა 80), 4. ესტევან ლოსადა (19. ტომა ვარეხო-სინალი 62), 5. მარიანო გალიარსა, 6. როდრიგო ვაესი, 7. ტომა დე ლა ვეგა (20. ტომა ლეონარდი 62), 8. ვენხამიენ მაკომე.

1 ლელო: კუველი

8 ჯარიმა: ბუსტოს-მოიანო

საქართველო: 15. ბექა წიკლაური (23. ირაკლი ყიასაშვილი 72), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 68), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 68); 1. ვასილ კაკოვინი (17. ანტონ ფეიქრიშვილი 66), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. რევაზ ბელქანია 72), 3. დავით ზირაქაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 72), 4. ვახტანგ მაისურაძე (19. გიორგი ნემსაძე 65), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი (20. ბექა ბიწაძე 79), 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.

5 ჯარიმა: წიკლაური (4), მალაღურაძე

1 არეკნი: წიკლაური

1 სინბინი: კოლელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.205522