საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა, ბუქარესტის მსოფლიოს თასის მეორე დღის წინასწარი შეხვედრები უნაკლოდ ჩაამთავრეს და ფინალურ პროგრამას უდანაკარგოდ უწიეს. დღეს რუმინეთში დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში თამაშდება მედლები. საქართველოს სახელით კი ტატამზე მხოლოდ სამი ძიუდოისტი გავიდა და... სამივე ფინალშია.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში ისე იმარჯვა, მეტოქისთვის მინიმალური ქულაც კი არ დაუთმია. პირველ წრეში იტალიელ ლუკა პოეტას ვაზარ-იუკოთი აჯობა, ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩს ორმოცდაერთ წამში მოუმთავრა საქმე, ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიეს ერთადერთი იუკოთი გასცდა, ფრანგ ანტუან ჯანინს ვაზარით, ნახევარფინალში უკრაინელ ვიქტორ სავინოვს წმინდად მოუგო და ჩემპიონობას უკრაინელი არტემ ვასილენკოს ძლევაღა აშორებს.
ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) ფინალის გზაზე ავსტრიელი მაქს შირნჰოფერი, ჩეხი მიჰალ ჰორაკი, სლოვაკი მილან რანდლი და ყირგიზი ჩინგიზ მამედოვი ჩამოიცილა. თან ოთხივეს იპონით სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს გრიგორი სულემინს დაეჭიდება.
ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100 კგ) მსოფლიოს თასი ჩერნოგორიელი მარკო რადულოვიჩის დაიპონებით გახსნა. წმინდადვე აჯობა რუმინელ დანიელ ნატეასაც, ხოლო ნახევარფინალში, რუს მაგომედ ნაჟმუდინოვთან 2-იუკოიანი უპირატესობა იკმარა. ფინალში ქართველი მძიმეწონოსანი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ უნგრელს, ბარნა ბორს შეხვდება.
ოთარ მაღლაკელიძე







