პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატში მოასპარეზე ლისაბონის “ბენფიკაში”, კვლავ წამყვან პოზიციებზეა 18 წლის ქართველი მცველი - ბაქარ მირცხულავა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატის პერსონას, ამ დღეებში, ვრცელი სტატია მიუძღვნა პორტუგალიურმა ინტერნეტ-გამოცემა academia-de-talentos-მა.
ვიდრე აღნიშნული სტატიის შემოკლებულ ვარიანტს შემოგთავაზებდეთ, შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატში, გუნდები ფლეი ოფის სტადიაზე გადაერთვნენ, სადაც ჩრდილო და სამხრეთ ზონების 4-4 საუკეთესო კოლექტივი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.
5 ტურის შემდეგ, გათამაშებას 12-12 ქულით, “გიმარაეში” და “პორტუ” ლიდერობენ, მირცხულავას “ბენფიკამ” კი 9 ქულა დააგროვა და “ბრაგასთან” III-IV ადგილებს იყოფს. მომავალ შაბათს, ლისაბონში, სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება ქართველ მცველს, მან, რეგულარული ეტაპის ჩათვლით, ლისაბონელთა რიგებში 23 მატჩი ჩაატარა. მირცხულავას ტრავმა არ აწუხებს და მთავარი მწვრთნელი, ჟოაო სანტოსი მას ყოველთვის შეუცვლელად ათამაშებს.
ბაქარ მირცხულავა - “ბენფიკას” დაცვის “ბურჯი” და ახალგაზრდა იმედი
“ბენფიკას” ჭაბუკთა გუნდის მესვეურებს, მრავალი ეროვნების ფეხბურთელთა შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ლისაბონური კლუბის 19-წლამდელები ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვიან, რაც მათთვის არცთუ შეუსრულებელი ამოცანაა. გუნდის წევრთა უმეტესობისთვის, შემდგომში დასაწინაურებლად, ამ ტიტულის მოგება კარგი შანსია. სწორედ ასეთი გახლავთ ამ ნარკვევის გმირი - ბაქარ მირცხულავა.
გუნდის რგოლებიდან, დაცვა ყველაზე მრავალეროვნულია. თუ ანგოლელ ედსონ სილვას, პორტუგალიელ კარლოს დიას “კაფუს” და ფრედერიკო ვენანციოს, დაცვის ცენტრში დასამკვიდრებლად, ერთმანეთში მძაფრი კონკურენცია აქვთ, სულ სხვაგვარადაა საქმე ქართველი “ცენტრის” შემთხვევაში. ბაქარ მირცხულავას თამაშის ელეგანტური და დამაჯერებელი სტილი, ბრაზილიელ ვინიციუს სილვასთან ერთად, მას “არწივების” დაცვის “ბურჯად” აქცევს. ეს ორი ფეხბურთელი თამაშის სრულიად განსხვავებულ მანერას მისდევენ, თუმცა, საერთო შეფასებით, ბრაზილიელი და ქართველი ერთმანეთს ავსებენ და გუნდის დაცვის საიმედოობის გარანტები არიან.
ბაქარ მირცხულავა ძალისა და კლასის შერწყმაა, რომელიც მას პერსპექტიულ ფეხბურთელად აქცევს. ვინიციუსისაგან განსხვავებით, ბაქარი მიწაზე თამაშს ანიჭებს უპირატესობას, რითაც “ბენფიკა” გაცილებით მეტ სარგებელს ნახულობს. ამის მიუხედავად, როცა მეტოქე საშუალებას იძლევა, იგი ხშირად გუნდის შეტევებშიც ერთვება.
ქართველის თამაშის მანერამ, ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოაყალიბა, რაც შეუმჩნეველი არც “ბენფიკას” მმართველობაში დარჩენიათ. იგი “წითლების” ვიცე-კაპიტანად აირჩიეს. ამ ფაქტორმა მირცხულავას დამაჯერებლობა შემატა, რასაც ხელი მისი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებში რეგულარულმა გამოძახებამაც შეუწყო.
“წითლების” დაცვის ცენტრალურ ფიგურად ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახეს. მან და მასზე 5 თვით უმცროსმა ჯანო ანანიძემ, მშობლიური ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში ერთად დაიწყეს თამაში. მისი მეგობარი უკვე ეროვნული გუნდის შეუცვლელი წევრია, ბაქარს კი ყველაფერი წინ აქვს.
მირცხულავას “ბენფიკას” მასტერ-კლასიც არაერთხელ აქვს გავლილი და მასზე გაცილებით გამოცდილ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია. ბაქარს პორტუგალიურ ფეხბურთში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს, მაგრამ იგი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს - თუმცა, კლუბთან კონტრაქტის ვადა 2011 წლის ზაფხულში ეწურება. ნარკვევის გმირის მთავარი მიზანი, პორტუგალიის პირველი ნაციონალური ტიტულის მოგებაა.
ფრიდონ კერვალიშვილი