ფეხბურთი

14:43 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუ: “გამოჩნდა, რომ “დორტმუნდი” ჩვენზე ძლიერი არაა”

დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მისი გუნდის მეტოქე დორტმუნდის “ბორუსია” უკრაინულ გრანდზე ძლიერი არაა.
დონეცკელთა რუმინელმა თავკაცმა პირველი მატჩის ფრედ 2:2 დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ მისი შეგირდები საჭირო ტონუსში არ არიან და შეცდომებიც ამან გამოიწვია.
“შეცდომები, რომლებიც დავუშვით, იმ გუნდის შეცდომებია, რომელიც არ ატარებს ოფიციალურ შეხვედრებს. შეცდომები სწორედ სათამაშო ტონუსის არარსებობამ გამოიწვია. “დორტმუნდის” თამაშმა დაგვანახა, რომ ის ჩვენზე ძლიერი არაფრით არაა. მხოლოდ ის იყო ნათელი, რომ მან საკუთარ ჩემპიონატში ჩატარებული თამაშებით გვაჯობა. სამწუხაროდ, ჩვენ მათი მსგავსი სირთულის თამაშები არ ჩაგვიტარებია.
გერმანელები ძლიერები არიან საჰაერო ბრძოლებში, რაც დღეს როგორც კუთხურების, ასევე ფლანგიდან ჩაწოდებებისას ნათლად გამოჩნდა. მათ სამი ძალიან დინამიური ფეხბურთელი ყავთ შეტევაში - ლევანდოვსკი, როისი და გიოტცე. თავდასხმაში ისინი თამამად ირჯებიან. თუმცა, ჩვენც გვქონდა მომენტი, რომლის გამოყენების შემთხვევაში თამაშის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა. მაგრამ ეს უკვე წარსულია და ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ განმეორებით მატჩში. გული დამწყდება, თუკი ამ ბარიერს ვერ გადავლახავთ” - განაცხადა ლუჩესკუმ.
რუმინელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სათამაშო პრაქტიკის ვაკუუმის შევსებას ის “ცრვენა ზვეზდასთან” (20 თებერვალს) და მოსკოვის “დინამოსთან” (23 თებერვალს) გასამართი მატჩებით ეცდება, სხვა შეხვედრებში კი, უახლოესი რეზერვი და ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოიცდებიან. 



0.119201