ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში მის სამშობლოში საკლუბო ფეხბურთისგან პროგრესს არ უნდა ველოდოთ. რაიოლამ სისტემა გააკრიტიკა.
“ფეხბურთი საზოგადოების სარკეა და ეს იტალიაშიც იგრძნობა, მაგრამ ფეხბურთი იქ იმდენად პოლიტიზირებულია, რომ კლუბებს თანამედროვე ეპოქაში შესვლა არ შეუძლიათ. უბრალოდ, ვერ ახერხებენ. მაგალითად, ახალი სტადიონი რომ ააშენო, საამისოდ ბევრი პოლიტიკოსისგან უნდა აიღო ნებართვა. ისინი მიწის ფართობს არ აძლევენ კლუბებს. ინფრასტრუქტურა სასწრაფოდ უნდა გაუმჯობესდეს, უახლოეს წლებში კი ეს შეუძლებლად მიმაჩნია”.
რაიოლა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აგენტად ითვლება. ის გახლავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩის, მარიო ბალოტელისა და კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელის მენეჯერი. რაიოლას საფეხბურთო სამყაროში იცნობენ, როგორც უაღრესად პირდაპირსა და გაბედულ ადამიანს.