სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან 12 ივლისს გამართულ ერთობლივ თათბირზე ყველა ფედერაციას ინდივიდუალური საქმიანი შეხვედრისკენ მოუწოდა. პირველი შეკრება გაცნობითი ხასიათისა იყო. დღეიდან კი სპორტული სახეობების თავკაცები სამინისტროში კონკრეტულ სამუშაო გეგმებს წარადგენენ. პირველები ვარძელაშვილის კაბინეტს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები ესტუმრნენ.
ქართველი ძიუდოისტები 9-13 სექტემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ცხადია, მხარეებმა ნაკრების სამზადისიც შეაფასეს. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო და დეტალებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სპორტის მინისტრმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა ეროვნულ ნაკრებში არსებულ პრობლემებსა და დაპირისპირებებზეც რომ ისაუბრეს, შეხვედრისშემდგომ კომენტარში თავად განაცხადეს.
“ეს პრობლემები მოგვარებადია და ძიუდო საქართველოში მომავალშიც ისეთივე წარმატებული სახეობა იქნება, როგორიც აქამდე იყო. ჩვენი ნაკრებისგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრადიციულად, უმაღლეს შედეგებს ველი. ასეთი სახის მუშა შეხვედრები იმისთვის დავგეგმე, რომ თავად ფედერაციების ხელმძღვანელებისგან შევიტყო სამომავლო სტრატეგიის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად გავეცნო სპორტის ყველა სახეობაში არსებული პრობლემების დეტალებს. გარდა ამისა, ყველა ფედერაციის პრეზიდენტს დავავალე წარმოადგინონ სამომავლო აქტივობის გაწერილი გეგმები".
დღესვე, სამინისტროს სამბოს, ჩოგბურთის, მშვილდოსნობისა და ტანვარჯიშის ფედერაციების თავკაცებიც ესტუმრნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ანალოგიური შეხვედრები უახლოეს დღეებშიც შედგება. 14 ივლისს მინისტრი ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებს მიიღებს, 15 ივლისს კი ვარძელაშვილი ძალოსნებს, მოფარიკავეებს, მოკრივეებს, ფრენბურთელებსა და მოჭადრაკეებს გაესაუბრება.
ოთარ მაღლაკელიძე







