სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონი ანდრეი ზინჩენკო მიიღო.
მინისტრთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, კარატეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი დოლაბერიძე და ევროპის ჩემპიონის პირადი მწვრთნელი ანზორ ჩუბინიძე ესწრებოდნენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ეროვნული ნაკრების პრესკონფერენცია ჩატარდა.
30-31 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ახალგაზრდებსა და დიდებს შორის, სადაც 24 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ, ქართველმა კარატისტებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ევროპის ჩემპიონი 70 კგ. წონით კატეგორიაში ანდრეი ზინჩენკო გახდა. ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ზინჩენკომ 4 შეხვედრა მოიგო.
განსაკუთრებით გამოსარჩევი გამოდგა ნახევარფინალური ორთაბრძოლა, სადაც ზინჩენკომ ევროპის სამგზის ჩემპიონი, უნგრელი გაბორ როსზა დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანის წარმომადგენელს – ორუჯ საფაროვს სძლია. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ზინჩენკო ასევე დაასახელეს ტურნირის ყველაზე ტექნიკურ სპორტსმენად.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული კონტაქტურ კარატეში (შინკიოკუშინკაის ვერსიით) ქართველმა კარატისტებმა მესამედ მოიპოვეს (2009 და 2011 წლებში ჩემპიონი მიხეილ წიკლაური გახდა).
ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი უფროსებს შორის ემზარ ნიქაცაძე (+ 90 კგ.) გახდა, ახალგაზრდებში კი მე-3 საპრიზო ადგილი ანი ბოჭორიშვილმა (+65 კგ.) აიღო.
ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, ევროპის კარატეს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა. გაირკვა, რომ კონტაქტური კარატე საჩვენებელი გამოსვლით წარსდგება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 2016 წლის 20-21 მაისს კი. თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
www.msy.gov.ge