ოთხშაბათს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს უმასპინძლა. შეგახსენებთ, მალტის ქალაქ კოტონერაში 24-26 ივნისს ჩატარებულ ევროპირველობაზე, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გიორგი ვაზაგაშვილის გაწვრთნილი გუნდიდან ვანო მამისაშვილი (55 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) ჩემპიონები გახდნენ. თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ), შალვა ჩოჩელი (90 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+90 კგ) ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ, ლევან გუგავამ (73 კგ) და გურამ თუშიშვილმა (90 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
“საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს ასეთი შედეგი დიდი ხანია არ ჰქონია. ამ მონდომებისა და მოტივირებულად ჭიდაობისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ევროპის ჩემპიონატის შედეგებმა დაამტკიცა, რომ ძლიერი თაობა მოდის. იმედია, ცოტა ხანში ახალგაზრდულ ნაკრებში დამკვიდრდებით, შემდეგ კი ძირითადი ნაკრების წევრებიც გახდებით და იქაც უმაღლეს დონეზე წარმატებულად იჭიდავებთ. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და წარმატებებს გისურვებთ”, – უთხრა ვარძელაშვილმა ძიუდოისტებს და იქვე შეახსენა, რომ ევროპირველობაზე წარმატებული გამოსვლისთვის წასახალისებლად სამინისტრო ტრადიციულად, პრემიალურ თანხებს გამოჰყოფს.
გიორგი ვაზაგაშვილსა და მის შეგირდებს კარგი გამოსვლისთვის მადლობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემაც გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპორტსმენებმა მინისტრთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
ოთარ მაღლაკელიძე
თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტო