ძიუდო

13:22 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი გორში გურამ პაპიტაშვილის 80 წლის იუბილეს დაესწრო

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, 23 აპრილს გორს ესტუმრა და საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მწვრთნელისა და სპორტული მოღვაწის – გურამ პაპიტაშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.

აღნიშნული ღონისძიება გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, სადაც ლევან ყიფიანმა გურამ პაპიტაშვილი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

საღამოს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, მსოფლიო ჩემპიონი გურამ საღარაძე, ძიუდოში, ჭიდაობასა და სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, პრიზიორები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელები და გურამ პაპიტაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად, გურამ პაპიტაშვილი ასევე დაჯილდოვდა ოლიმპიური მედლით, რომელიც მას ლერი ხაბელოვმა გადასცა. საიუბილეო საღამოზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი გურამ პაპიტაშვილის შესახებ.

 

გურამ პაპიტაშვილის მცირე დოსიე

დაიბადა 15.04.1934, კირბალი, გორი. ძიუდო, მწვრთნელი.

სსრკ სტუდენტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1964-74, 85), სსრკ პირველი ნაკრების მწვრთნელი (1963-78). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, ანზორ ქიბროწაშვილი, როინ მაღალთაძე, გიორგი თენაძე (ყველა – ძიუდო) და ჯემალ მჭედლიშვილი (სამბო). გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრის გამგე (1995-იდან), ღირსების მედლის კავალერი, სპორტის რაინდი.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

0.11419