სტატიები

23:52 | 27.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“მინესოტა”

გასული სეზონები: ფსკერის მკვიდრნი
2007 წელს, “მინესოტას” უდავო ლიდერმა კევინ გარნეტმა გადაწყვიტა, რომ “მგლების” შემადგენლობაში ჩემპიონობის მოგების არანაირი პერსპექტივა არ ქონდა და თავი “ბოსტონში” გაქცევით უშველა. მძიმე დროება დადგა კლუბის ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს გუნდის ხელმძღვანელებმა დრაფტზე ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღეს და მეხუთე არჩევანის უფლება კევინ ლავზე დახარჯეს. გუნდის ახალწვეული ნელ-ნელა აუმჯობესებდა საკუთარ სტატისტიკურ მონაცემებს, თუმცა “თიმბერვულვზი” კვლავ აგრძელებდა საკალათბურთო ფსკერზე ცხოვრებას. გასულ სეზონში კლუბში რიკი რუბიოს მოსვლამ, დიდი ეფექტი მოახდინა, მან რეგულარულის სტარტზევე შესანიშნავად მოახერხა შეთამაშება კევინ ლავთან, თუმცა ესპანელმა შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და “მინესოტას” კვლავ რთულ რეალობაში მოუწია დაბრუნება. ზაფხულში, გუნდის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ დრო დადგა, საჩემპიონო გუნდი შეექმნათ. გენერალური მენეჯერი დავიდ კანი შეელია 2011-12 წლების სეზონის სრულფასოვნად ჩამგდებ ბიზლის, ასევე ჯონსონს და ვებსტერს. მათი ადგილი კი შეავსეს რუსული არმიული კლუბის ლიდერებმა, ანდრეი კირილენკომ და ალექსეი შვედმა, ტრავმებისაგან დატანჯულმა ბრენდონ როიმ, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო დიდ კალათბურთში და არჩევანი მანაც “მგლებზე” გააკეთა. წინა სეზონში გუნდი საშუალოდ მატჩში 100,1 ქულას იღებდა, დაცვის გასაძლიერებლად კლუბის რიგებში მოვიდნენ ბადინგერი, კანინგემი, სტიმსმა და ამუნდსონი. რეგულარულის წინ, “მინესოტა” წარმატებაზე დამშეული მგლების ხროვას დაემსგავსა, რომელიც არაერთ გუნდს “დაგლიჯავს”  მოახლოვებულ სეზონში.

მთავარი მწვრთნელი: რიკ ადელმანი
რიკ ადელმანის კლუბში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, “მინესოტასადმი” ნბა-ში მიდგომა სრულიად შეიცვალა, იგი ხომ რეალურად დიქტატორია და სადაც მივა, ყველგან, პირველ რიგში, წესრიგს ამყარებს. თუ მანამდე გუნდში ქაოსი სუფევდა და მის კალათბურთელებს კომიკურ, მულტიპლიკაციურ პერსონაჟებს ადარებდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ლოკაუტის არსებობის გამო, მთავარმა მწვრთნელმა წესიერად ვერ შეძლო სეზონის სტარტის წინ გაცნობოდა გუნდში არსებული კონტიგენტის სრულ შესაძლებლობებს), 2011-12 წლებში, “მგლებმა” თავისი შემტევი სათამაშო სტილით და ნაჩვენები შედეგით(რიკი რუბიოს ტრავმამდე), დიდი მოწონება და პატივისცემა დაიმსახურეს. ადელმანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის ასაკს(66) თუ გავითვალისწინბთ, ნათლად დავინახავთ, რომ რიკს სამწვრთნელო კარიერაში ბოლო შანსი ეძლევა, რათა ააშენოს ახალი გუნდი და მაქსიმუმი გამოწუროს გუნდში არსებული ნიჭიერი, ახალგაზრდა შემადგენლობისაგან.

უკანა ხაზი: რიკი რუბიო, ბრენდონ როი, ანდრეი კირილენკო
რიკი რუბიოს “ბარსელონაში” არცთუ ისე კარგად ჩატარებულმა სეზონმა და  ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მისმა არადამაჯერებელმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი გამთამაშებელი კვლავ კალდერონი გახდა, ხოლო საკალათბურთო სპეციალისტების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ რუბიოსათვის “დიდი კალათბურთის” თამაში უკვე შეუძლებელი იყო. თუმცა, რიკიმ გარისკა და თავისი კარიერა ნბა-ს კლუბ “მინესოტაში” გააგრძელა, სადაც მისი დებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა, “მგლების” მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა რუბიო - ლავის დუეტი, კერძოდ კი, მათი გათამაშებული პიკენროლები, რომლებიც ძალიან ხშირად, მოპოვებული ქულებით მთავრდებოდნენ. მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას, ესპანელის მიღებულმა მძიმე ტრავმამ სურათი სრულიად გააფუჭა. სავარაუდოდ დეკემბერში, იგი დაბრუნდება პარკეტზე და მთელი “მინესოტა” ამ დღის მოლოდინში ათენებს და აღამებს. . http://www.youtube.com/watch?v=flK0GrPsXp8
ბრენდონ როის ისტორია ოცდამეერთე საუკუნის ერთ ერთი ყველაზე ტრაგიკული ამბავია. უსაზღვრო შესაძლებლობებისა და ნიჭის მქონე კალათბურთელი ტრავმებმა დატანჯეს. საუბარი მიდიოდა არა მხოლოდ სპორტსმენის კარიერის დასრულებაზე, არამედ შეიძლებოდა, ბრენდონი საერთოდ ინვალიდად დარჩენილიყო. მას უკვე ერთი წელი გაუცდა,მაგრამ მიუხედავდ ამისა, ის დაბრუნდა. რა თქმა უნდა, როი ვეღარასდროს შეძლებს იმ დონეზე თამაშს, როგორსაც მას კარიერის ადრეულ წლებში სრულიად ჯანმრთელს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა  მიუხედავად მუხლის ქრონიკული ტრავმებისა, მას შეუძლია ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოს “მინესოტელ” მგლებს.

http://www.youtube.com/watch?v=KnGs57A-O0w
ანდრეი კირილენკოს დამატებით, გუნდმა პლეი ოფში წარმატებულად გამოსვლის სერიოზული პრეტენზია განაცხადა. რუსი ფორვარდის კლუბში მისვლით, “თმბერვულვზის” თამაში გაუმჯობესდება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, მისი გამოცდილება და თამაშის მიმდინარეობისას განხორციელებული ჩაჭრები მნიშვნელოვნად დაეხმარება გუნდს პლეი ოფში წარმატების მიღწევაში.

http://www.youtube.com/watch?v=wYyO65tkFPc&feature=related


წინა ხაზი: კევინ ლავი, ნიკოლას პეკოვიჩი
ბოლო წლებია, „მინესოტას“ თამაში მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე კევინ ლავზე იწყობა. მიუხედავად  გუნდის ცუდი შედეგებისა, ლავი გასულ სეზონში საშუალოდ 26 ქულას და 13,3 მოხსნას აგროვებდა. იგი დომინირებს როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფარზე. გამოირჩევა თამაშის აგრესიული სტილით და რაც მთავარია, არ თაკილობს შავი სამუშაოს შესრულებას. მას, უბრალოდ, გამარჯვება სწყურია და ნებისმიერ მსხვერპლზე წავა, რათა მიზანს მიაღწიოს. კევინს დიდი წარმატებით შეუძლია პერიმეტრზე ამოწევა და იქიდან მეტოქეთა განადგურება სამქულიანი ტყორცნებით, ამასთან ერთად, ფლობს ძალიან კარგი პასის კულტურას და დაჯილდოვებულია საკალათბურთო ინტელექტით.

http://www.youtube.com/watch?v=s-SMaqwCcCU

გუნდის სერბ ცენტრ ნიკოლას პეკოვიჩს შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს „მგლებს“ მომავალ სეზონში. გასულ წელს, ნახევარი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გატარების შემდეგ, ადელმანი მიხვდა, რომ სასტარტო ხუთეულის წევრად ნიკოლასი გაცილებით სასარგებლო იქნებოდა და ამჯერად, უკვე  მილიჩიჩი დაჯდა სკამზე. პეკოვიჩმა სეზონი საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით დაასრულა: საშუალოდ მატჩში 13,9 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა.

სათადარიგოთა სკამი:  ლუკ რინდური, ხოსე ბარეა, ალექსეი შვედი
ლუკ რინდურმა და ხოსე ბარეამ უნდა შეავსონ გუნდის ძიითადი გამთამაშებლის ადგილი, სანამ მძიმე ტრავმის შემდეგ რუბიო სრულად მოახერხებს გამოჯანმრთელებას. ბარეა „დალასში“ ნბა-ს ჩემპიონი გახდა და იმ საჩემპიონო გუნდში, არცთუ უმნიშვნელო როლი ჰქონდა. იგი ყველაზე სახიფათო და სასარგებლო სწორედ მაშინაა, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან ერთვება მატჩში. პუერტორიკოელი საკმაოდ ტანდაბალია, თუმცა ძალიან სწრაფია და ამ კომპონენტის ხარჯზე, ხშირად ვხედავთ 3 წამიან ზონაში, აქვს ასევე საკმაოდ ნორმალური სამქულიანი ტყორცნა.
ალექსეი შვედის თამაშის ხილვა ცსკა-ში ერთ რამედ ღირდა. ეს ბიჭი შეგვიძლია თამამად მივიჩნიოთ რუსული კალათბურთის მომავლად. მისი თამაში გაჯერებულია ქუჩური კალათბურთის ელემენტებით, რაც ასე აღაფრთოვანებს გულშემატკივარს. შვედი წლოვანებით ახალგაზრდა გახლავთ, იგი აუცილებლად მოუმატებს ადელმანის ხელში და რიგ მომენტებში მისნაირი მოთამაშე, რომელიც შეიძლება სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთოს მატჩში და უეცარი აფეთქებებით გადამწყვეტი როლი ითამაშოს საბოლოო შედეგზე, გუნდს 2012–13 წლების სეზონში ძალიან დასჭირდება.

სასტარტო ხუთეული: რიკი რუბიო, ბრენდონ როი, ანდრეი კირილენკო, კევინ ლავი, ნიკოლას პეკოვიჩი.

გუნდის ლიდერების სტატისტიკური მაჩვენებლები საშუალოდ მატჩში:

ქულები: ლავი 22,4
მოხსნები: ლავი 13,5
გადაცემები: რუბიო 9,3
ჩაჭრები:  რუბიო 2,3
დაფარებები: სტიემსმა 1,5
დაკარგვები: რუბიო 2,8

დასკვნა: „მინესოტასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ სტარტს აიღებს გუნდი რეგულარულში, რადგან „მგლები“ თუ თავიდანვე ჩამორჩნენ საპლეი ოფო ადგილებს, რეგულარულის ბოლოს ძალიან გაუჭირდებათ ჩამორჩენი ამოქაჩვა და კონკურენტებთან ფსიქოლოგიური ბრძოლების მოგება. სავარაუდოდ, ადელმანის გაწვრთნილები, მაინც გავლენ კონფერენციის რვა საუკეთესო გუნდში და იქ, ვის შეხვდებიან პირველ რაუნდში? ლეიკერსს? როგორი იქნება რუბიო – ნეშის დაპირისპირება? ანდაც კევინ ლავის და პაუ გასოლის ბრძოლა? სეზონის დაწყებამდე რამოდენიმე დღე დარჩა.........


გიორგი ბარბაქაძე

0.252648