ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 50-ე მატჩი წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამჯერად “ვაშინგტონ უიზარდსს” დაუხვდა და 107:114 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელები მე-2 მეოთხედის მიწურულს 28 ქულით (!) იგებდნენ, თუმცა, გამარჯვების მიღწევა მაინც გაუჭირდათ. “ბაქსმა” თითქმის შეუძლებელი მოახერხა და საფინალო სირენამდე 02:13 წუთით ადრე, თურქი ერსან ილიასოვას საჯარიმოების შემდეგ, სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანა – 101:104.
საბოლოოდ, წარმატება მაინც “უიზარდსს” დარჩა, რომელმაც ბოლო 9 მატჩიდან მე-8 მოიგო, გუნდის ლიდერმა ტრევორ არიზამ კი 28 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. აქვე ვთქვათ, რომ ზაზას პოლონელმა ვიზავიმ მარჩინ გორტატმა ვაშინგტონელებს 31 წუთში 11 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.
“ბაქსის” რიგებში საუკეთესო ბრენდონ ნაიტი იყო 25 ქულით, 10-ქულიან ზღვარს კი კიდევ ხუთმა კალათბურთელმა უწია – კრის მიდლტონი (15), რამონ სეშნსი (14), ერსან ილიასოვა (13), ჯონ ჰენსონი (12), ნეტ ვოლტერსი (10).
როგორც აღვნიშნეთ, “მილუოკიმ” 12 მოგების წილ 50-ე მარცხი განიცადა და კვლავაც ლიგის უარეს გუნდად რჩება. “ბაქსი” მომდევნო შეხვედრას 11 მარტის დილას ფაჩულიას ერთ-ერთ ყოფილ კლუბ “