საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების მეორე სათამაშო შაბათს აშშ-ის ნაკრებს რუსთავში დაუხვდება.
მასპინძელთა ნაკრებში რამდენიმე იძულებითო ცვლილებაა, ამერიკელები კი, საბრძოლველად ისედაც მზად არიან. მათ თამაშის წინ კომენტარებზე უარი თქვეს (მხოლოდ მათი ვარჯიშის გადაღების შესაძლებლობა მოგვეცა), ჩვენი გუნდი კი, სათამაშო განწყობას იქმნის და რუსთაველ მაყურებელს საინტერესო ჯახს ჰპირდება.
რიჩი დიქსონი (საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი): “ყველას თავისი დრო აქვს და ვფიქრობ, რომ მილტონი და მისი რაზმი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება მიზანს. გუნდიდან წასულმა მწვრთნელმა გუნდი უკეთეს მდგომარეობაში უნდა დატოვოს და ჩემი აზრით, მე ეს შევასრულე. ახლა ზუსტად ის პროცესია, როდესაც გუნდი შენდება, რაგბის კავშირი ამ ყველაფერს გვერდში უდგას. მე საქართველოს ნაკრების ნაწილი ვარ და მინდა ვნახო, როგორ გავლენ “ბორჯღალოსნები” მსოფლიოს თასის ფინალურ ტურნირზე ჯგუფიდან. ვფიქრობ, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენ ეს შეგვიძლია”.
ირაკლი მაჩხანელი (საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “ჩვენთვის ამერიკა უფრო უხერხული მეტოქეა ვიდრე კანადა, მაგრამ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ გასამარჯვებლად. მე ხვალ მოედანზე არ ვიქნები, მაგრამ მამუკა გორგოძე შეასრულებს იმ მითითებებს, რომლებიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“.
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „სამი ძალიან ძლიერი გუნდის მასპინძლობა დაიმსახურა საქართველომ, რაც ვფიქრობ, ჩვენს თამაშს სამომავლოდ უფრო მაღალ ხარისხში გადაიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მორაგბე გვაკლდა, კანადასთან მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ. ასეთ რთულ თამაშებში გამარჯვება უფრო ტკბილია, მაგრამ ეს წარმატება წარსულს ჩაბარდა და ახლა უფრო უხერხული მეტოქის - ამერიკის ძლევაზე ვფიქრობთ. იმედია, საბოლოოდ დავამტკიცებთ, რომ მასზე ძლიერი გუნდი ვართ“.
ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი): „ძალიან რთულია უყურო გუნდს როგორ ვითარდება და მასში არ მონაწილეობდე, მაგრამ ვერაფერს იზამ, დრო მიდის და ცვლილებებიც საჭირო და აუცილელებელია. შემეძლო კიდევ 2-3 წელი მაღალ დონეზე მეთამაშა, მაგრამ მწვრთნელებმა ასე გადაწყვიტეს... ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, გუნდს წარმატების მიღწევაში რომ დავეხმარო. ვფიქრობ, რაც კანადასთან ვაჩვენეთ, ეს ჩვენი მაქსიმუმი არაა, მეტი შეგვიძლია“.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „წინა თამაშში ზიბზიბაძე შევიდა მაჩხანელის ნაცვლად და ყველამ ნახა, რომ მონახაზში საუკეთესოდ ჩაჯდა. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც კაპიტანი გაკლდება, მაგრამ გორგოძე შეასრულებს იმ ამოცანებს, რომელსაც ჩვენ მას დავაკისრებთ. კოლელიშვილის მაგივრად სუთიაშვილს მოუწევს თამაშის დაწყება, რომელიც ასევე ძალიან მაგარი მოთამაშეა, უბრალოდ აქამდე არ უმართლებდა და მაგიტომ ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში.
ამერიკასთან და კანადასთან იოლი თამაშები უბრალოდ ვერ გვექნებოდა. მამუკა გორგოძე ბუნებრივადაა ლიდერი და ის კაპიტნის ფუნქციებს ისე კარგად შეასრულებს, რომ ვერც შევიგრძნობთ უკაპიტნობას“.
საქართველო - აშშ
16 ნოემბერი. რუსთავი. “ახალი”. ტესტ-მატჩი. 14:00 საათი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თედო ზიბზიბაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. დავით ხინჩიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კაპ.), 8. გიორგი ჩხაიძე.
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)
აშშ: 15. კრის ვაილზი, 14. ბლეინ სქაილზი, 13. ფოლაუნ ნიუა, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. თიმ მოპინი, 10. ადამ სიდელი, 9. მაიქ პეთრი 1. ნიკ ვოლესი, 2. ფილ თილი, 3. ერიკ ფრაი, 4. გრემ ჰარიმენი, 5. სამუ მანოა, 6. ტოდ კლევერი (კაპ.), 7. დერიკ ესბენი, 8. კემერონ დოულანი.
სათადარიგოები: 16. ზეკ ფენოლიო, 17. ოლივე კილიფი, 18. ტიტი ლამოზიტელე, 19. ინაკი ვასაური, 20. ჯონ ქვილი, 21. შონ დევისი, 22. შეიმას ქელი, 23. ლუკ ჰიუმი.
მთავარი მწვრთნელი: მაიკ თოლქინი
რეფერი: მაიკ ფრეიზერი (ახალი ზელანდია)
კიდეებზე: იან დევისი, მარტინ ლუისი (უელსი)