რაგბი

22:30 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე შესარჩევი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა”

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან დღევანდელი გამარჯვებით (36:10) მსოფლიო თასის საგზური შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაიბევა. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “ბორჯღალოსანთა” თავკაცმა მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, ამით საბოლოო მიზანი ჯერ შესრულებული არაა და მნიშვნელოვანია გუნდი ინგლისში შესარჩევი ტურნირის პირველადგილოსნის რანგში გაემგზავროს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კინგსლი ჯოუნზი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მორაგბეებმა ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ ერთი-ერთზე ბოჭვებისას ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ღირსეულმა გუნდმა გაიმარჯვა. ქართველებს მსოფლიო დონის პირველხაზელები გყავთ და შეცვლაზეც ასევე მსოფლიო დონის მორაგბეები შევიდნენ. მე ველოდი ასეთ წნეხს და მოულოდნელი არაფერი ყოფილა.

ახლა ჩვენ პორტუგალიასთან მატჩზე ვიწყებთ ფიქრს, რათა რეპეშაჟში თამაშის უფლება მოვიპოვოთ, საქართველოს კი, ვულოცავ მსოფლიო თასზე გასვლას. თქვენს ისეთი გუნდი გყავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაში შოტლანდიას და იტალიასაც, სხვა ნებისმიერ გუნდსაც უნდა ეშინოდეს და ეჭვიც არ მეპარება, რომ მსოფლიო თასზე მინიმუმ ორი შეხვედრის მოგებას მოახერხებთ”.   

ალექსანდრ ვოიტოვი: “თქვენი ნაკრები იდეალური გუნდი არაა და მათთან ქულების აღება შესაძლებელია, რაც პირველ ტაიმში მოვახერხეთ კიდეც. მეორე ტაიმში თქვენმა მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა და საკუთარი შეცდომების გამო დავმარცხდით. მოხარული ვარ, რომ ამ დონის მეტოქესთან პირველი ტაიმი ტოლ-სწორად ჩავატარეთ”.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამინდმა ყველაზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა. მეტოქემ სწორი ტაქტიკა შეარჩია, მაღალ ბურთებს კიდებდა და ამის გამო შეცდომებს ვუშვებდით. ამასთან, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ რუსეთის ნაკრები ცუდი გუნდი სულაც არაა. შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტოქის ერთადერთი კოზირი სწორედ ეს მაღალი ბურთები იყო, ამიტომ, მიმღებს დამხმარეები დავუყენეთ და მეტოქეს ერთადერთი უპირატესობა ხელიდან გამოვაცალეთ. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი პირველი ლელო, რომელმაც მეტოქე საბოლოოდ გატეხა.

მთელი კვირა მშრალ ამინდში ვემზადებოდით და წვიმამ ამის გამო შეგვიშალა ხელი. დავინახეთ ისიც, რომ დაკიდებულ ბურთებზე ბევრი გვაქვს სამუშაო. ახლა ჩვენი მატჩის ვიდეოჩანაწერის ანალიზს ჩავატარებთ, ესპანეთის თამაშს განვიხილავთ და ამის მიხედვით შევარჩევ შემადგენლობას. ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა, პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე ორი თანაბარი ძალის მოთამაშე გვყავს და ეს ძალიან კარგია. შანსს მიიღებენ ისინი, რომლებიც თავდაუზოგავად იმუშავებენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არავის არა აქვს.

ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მსოფლიო თასზე მოხვედრა, არამედ იქ შესარჩევი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა. აქედან გამომდინარე, ესპანეთთან და განსაკუთრებით რუმინეთთან გასამართ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინდა ვთხოვო იმ ხალხს, რომელიც დღეს ტრიბუნაზე იყო შეკრებილი, რომ რუმინეთთან მატჩისასაც შეავსონ ტრიბუნები, ჩვენ მათი დახმარება ძალიან გვჭირდება”.

ირაკლი მაჩხანელი: “ყველას მოგილოცავთ ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასზე გასვლა. სამწუხაროდ, ამ მატჩში პრობლემები გვქონდა. პირველ ტაიმში ჩვენ სისტემაში ვერ ჩავჯექით, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ და ეს შედეგზეც აისახა. ჩვენი ორიენტირი ერთა თასზე რუსეთი არ ყოფილა. მთავარი მეტოქე სწორედ რუმინეთია, რომელსაც ბოლო ტურში ვეთამაშებით და იმედია, იმ მატჩამდე ბევრი რამის გამოსწორებას მოვახერხებთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158094