ბოლო სეზონები: დარეკეთ ექიმთან
როდესაც „მილოუკი ბაქსში“, ანდრე ბოგუტს ბრენდონ ჯენინგსი შეუწყვილეს, საკალათბურთო სპეციალისტებმა ეს გაცვლა ჯონ ჰემონდს წარმატებულად ჩაუთვალეს, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, სკოტ სკაილზმა მიიღო ისეთი შემადგენლობა, რომელსაც სერიოზულ შედეგზე რეალურად ექნებოდა პრეტენზია. თუმცა, ავსტრალიელი ცენტრის ტრავმებისადმი მიდრეკილებამ საერთოდ არია სიტუაცია კლუბში. დრო გადიოდა, მაგრამ “მილოუკის” წინსვლა არ ჩანდა. საბოლოოდ, კლუბის მენეჯმენტი აღარ დაელოდა გაურკვეველი იმედებით აღსავსე სეზონს, რომ იქნებ გამართლებოდათ და უტრავმოდ ჩამთავრებულიყო სეზონი. გუნდის უპირობო ლიდერი და ცენტრალური ფიგურა - ბოგუტი „გოლდენ სტეიტში“ მონტა ელისზე გაიცვალა, ძირითადი აქცენტი, ამჯერად, უკანა ხაზის გაძლიერებაზე გაკეთდა. ეს რეფორმა როგორ გაამართლებს, უახლოესი სეზონი გვანახებს.
მთავარი მწვრთნელი: სკოტ სკაილზი
ადრე, ამ მოსაზრებას იშვიათად თუ მოისმენდით, მაგრამ ახლა ყველა საკალათბურთო კრიტიკოსს პირზე აკერია: სკოტ სკაილზი გაცილებით უკეთესია მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზე, ვიდრე, მთავარი მწვრთნელის რანგში. თითქოს, სწორედ ის საკალათბურთო „თავხედობა“ და გამბედაობა არ ყოფნის, რომელიც ხშირად, თამაშის დრამატულ მომენტებში, გადაწყვეტილებების მიღებისასაა საჭირო. ნაწილი სპეციალისტებისა კიდევ ერთხელ აღნიშნავენ ბოგუტის ტრამვას, რომელზეც აწყობილი ჰქონდა სკოტს გუნდის წარმატების მექანიზმი.
ახალი სეზონი დიდი გამოწვევაა სკაილზისთვის. ის ან საბოლოოდ “მოაკეტინებს” სკეპტიკოსებს, ანდაც ჩაიკარგება და ძალიან გაუჭირდება უკან „ძლიერი“ რეპუტაციით დაბრუნება.
ახალი იმედი: მონტა ელისი
მონტა და მისი გამოუსწორებელი ეგოიზმი ხშირად ღუპავდა „გოლდენ სტეიტს“. იგი გახლავთ მოთამაშე, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ სტატისტიკას, ვიდრე გუნდის საბოლოო შედეგს. ურჩევნია, ურთულესი სიტუაციიდან ისროლოს, ვიდრე, კარგ პოზიციაში თავისუფლად მდგომ პარტნიორს გადააწოდოს.
რა თქმა უნდა, საკალათბურთო ისტორიას ახსოვს ასეთი სტილის არაერთი მოთამაშე, თუნდაც ალან აივერსონი, მაგრამ აქ ერთი დიდი განსხვავებაა: “ფილადელფიას” ლეგენდა გამოირჩეოდა შეუდრეკელი მებრძოლი სულით და ასკდებოდა რა წინააღმდეგობას, სანამ თავისას არ გაიტანდა, ჯიუტად არ ნებდებოდა, ვიდრე ბოლომდე არ ჩამოშლიდა – ეს ყოველთვის მოწონებას და აღფრთოვანებას იწვევდა პუბლიკის თვალში; ელისში კი, ეს თვისება მაინცდამაინც მაღალ დონეზე განვითარებული არ არის. ყოფილ კლუბში მონტა გახლდათ გუნდის უდავო ლიდერი, მაგრამ ხშირად ბურთს ვერ იყოფდა სტივ კარისთან.
საინტერესოა, როგორ შეეწყობა “მილოუკიში” ბრენდონ ჯენინგს. თუ შეხმატკბილებული ურთიერთობა ექნებათ, მაშინ “ბაქსი” დამცველთა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დუეტს მიიღებს ლიგაში.
http://www.youtube.com/watch?v=dzO2DyKuhq0
მთავარი გმირი: ბრენდონ ჯენინგსი
სადებიუტო სეზონის მერე, როცა ჯენინგსმა თავი, მხოლოდ მატჩის დროს შეცდომების დაშვების მინიმალური ოდენობით დაგვამახსოვრა, ბრენდონი ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს.
ის ნელ-ნელა ეჩვევა იმ სტილზე თამაშს, რომელიც მომავალში ძალიან წაადგება მასაც და კლუბსაც, თუმცა, მთავარი პრობლემები მაინც სტაბილურობაშია. ტრავმებმაც დიდი გავლენა იქონია მის შედეგებზე და ჯერჯერობით, ვერ შეძლო ბოლომდე გამოევლინა საკუთარი პოტენციალი.
ხასიათით საკმაოდ შეუპოვარია და შეუძლია, სამაგალითოდ იქცეს გუნდელებისთვის, წარუძღვეს მათ რეგულარული გათამაშების ბარიერის გადასალახავად.
მაღალ დონეზე ფლობს საშუალო და შორეულ ტყორცნას, ეხერხება მიიზიდოს თავისკენ რამდენიმე მოწინააღმდეგე და გადამწყვეტ მომენტში განთავისუფლებულ პარტნიორს მიაწოდოს ბრწყინვალე პასი.
http://www.youtube.com/watch?v=ZAninQk5X4o
მეხუთე ბორბალი: ბენო უდრიჰი
შორეულ წლებში, უდრიხმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა “საკრამენტოს” რიგებში და ამით, თითქოს მოიშორა კიდეც ის სტატუსი, რომელიც „სან ანტონიოში“ მიიღო: სათადარიგო ხუთეულის საკმაოდ ძლიერი გამთამაშებელი. იგი საშუალო დონის მოთამაშეა, რომელსაც დღესდღეობით ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია „მილოუკიში“ ჯენინგსის ჯობნისა. შეიძლება ოდესღაც სჯობდა კიდეც ამჯამინდელ ოპონენტს, მაგრამ ახლა - ნამდვილად არა. ბრენდონი ხომ საშუალოდ მატჩში ორმოც წუთს ატარებს პარკეტზე და შემცვლელებს თითქმის არ ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. მაგრამ სლოვენიელს თებერვალში ეწურება კონტრაქტი და მაქსიმალურად უნდა მოინდომოს, რომ თავისი თამაშით კიდევ ერთხელ დააინტერესოს სხვა გუნდების გენერალური მენეჯერები და სარფიან წინადადებას გამოჰკრას ხელი. როგორც ხედავთ, მოტივაცია საკმაოდ დიდია და აქედან გამომდინარე, იგი შეეცდება, მაქსიმალურად დაიხარჯოს სეზონის პირველ ნახევარში და მეტი სარგებელი მოუტანოს მილოუკელ ხარ-ირმებს.
კარიერის განმავლობაში, მატჩში საშუალოდ 9,2 ქულას აგროვებს.
http://www.youtube.com/watch?v=nd2F7KtZhac
X-ფაქტორი: ჯონ ჰემონდი
გენერალური მენეჯერის ყველაზე სასარგებლო თვისება გახლავთ ის, რომ სწრაფად აუღოს კლუბში მიმდინარე პროცესებს ალღო და მოახდინოს დროული ჩარევა. არსებობს გენერალურ მენეჯერთა რამდენიმე ტიპი:
პირველი ტიპის წარმომადგენლებს უბრალოდ ბოლომდე სჯერათ საკუთარი თავდაპირველი არჩევანისა და ბოლომდე ენდობიან, როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე გუნდში არსებულ საკალათბურთო კოლექტივს.
მეორე ტიპის მენეჯერები, ცუდი შედეგების ფონზე მიეცემიან ხოლმე პესიმიზმს, ხელს ჩაიქნევენ და თვლიან, რომ იმდენია დაკარგული, ახალი სეზონის დაწყებამდე აღარაფრის შეცვლას აზრი არ აქვს.
მესამე ტიპის გენერალური მენეჯერები გუნდის მფლობელის გავლენის ქვეშ მოექცევიან ხოლმე და მისი პოლიტიკის გამტარებლები არიან ძირითადად... მაგრამ არსებობს მეოთხე ტიპიც – თუკი გუნდი სეზონის მიმდინარეობისას ვერ აჩვენებს კარგ შედეგს და კონკურენტებისგან აშკარად იჩაგრება, იმწამსვე ეძებენ გამოსავალს, მზად არიან, შეელიონ გუნდის უდავო ლიდერსაც კი, რომლის ირგვლივაც აწყობილია სათამაშო სქემები.
ვითომ, ამგვარი პოლიტიკა კარგი იქნებოდა “ბოსტონისთვის”? რა თქმა უნდა - არა, მაგრამ დღევანდელ “მილოუკის” პირდაპირ მიესადაგება. ეს არაერთხელ დაამტკიცა გუნდის გენერალურმა მენეჯერმა, ჯონ ჰემონდმა...
სასტარტო ხუთეული: ბრენდონ ჯენინგსი, მონტა ელისი, ლუკ რიჩარდ მბა მოუტე, ერსან ილიასოვა, სამუელ დალამბერი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მაჩვენებლები საშუალოდ მატჩში
ქულები: ელისი – 21,5
მოხსნები: დალამბერი – 7,8
გადაცემები: ჯენინგსი – 5,4
ჩაჭრები: ელისი – 1,8
დაფარებები: დალამბერი – 1,6
დაკარგვები: ელისი – 2,9
დასკვნა: 2012-13 წლების “მილოუკის” სათამაშო მოდელი, ერთი თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება. კლუბის ცენტრები - დელემბერი და იუდო - შეტევაში ვერასდროს ბრწყინავდნენ, შესაბამისად, ძირითადად დაცვაზე იქნებიან ორიენტირებული და 3-წამიან ზონას ჩაკეტავენ, იბრძოლებენ მოხსნებზე.
მბა მოუტეს ყურადღებით მოუწევს ყოფნა, რათა არ დაიკარგოს კავშირი დაცვასა და თავდასხმას შორის.
ხარ-ირმების მთავარი კოზირი იქნება კონტრშეტევა. პოზიციურ შეტევას, ძირითადად, მონტა ელისი და ბრენდონ ჯენინგსი დაასრულებენ. თუკი, მათ ეს ვერ შეძლეს, ალტერნატიული ვარიანტია, გუნდის მე-5 ნომერთან პიკ ენ როლის გათამაშება, ან ილიასოვას შორეული სამქულიანის ტყორცნა.
მთავარმა მენეჯერმა საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, აიყვანა რა დრაფტზე ჯონ ჰენსონი, რომელიც საკმაოდ გააძლიერებს სათადარიგოთა სკამს. სკოტ სკაილზის მთავარი მისია კი იქნება, ისე ააწყოს კომბინაციები, რომ ჯენინგსა და ელისს შორის ჰარმონია არ დაირღვეს.
გიორგი ბარბაქაძე