ფეხბურთი

11:41 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ჰონდას შეუთანხმდა

“მილანი” იაპონიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ კეისუკე ჰონდას შეუთანხმდა და 2014 წლის იანვრიდან 27 წლის ფეხბურთელი იტალიურ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება.

Sky Sports 24-ის ცნობით, ჰონდას ძმა და მისი პირადი აგენტი “როსონერის” ვიცეპრეზიდენტ ადრიანო გალიანისა და შუამავალ ერნესტო ბრონძეტის შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იაპონელი 6 თვეში კარიერას სერია A-ში გააგრძელებს.

დღესდღეობით კეისიკუ მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელია. მის კონტრაქტს ვადა 2013 წლის ბოლოს ეწურება და იაპონელი სწორედ ამის შემდეგ შეუერთდება “მილანს”. არსებობს ვარიანტი, რომ ჰონდა იტალიაში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მილანელებს უახლოეს პერიოდში რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ, რათა მოსკოველებისგან იაპონელის კონტრაქტი გამოისყიდონ.

ჰონდა ცსკა-ში 2010 წელს ჩაირიცხა და რუსულ კლუბში გატარებული სამი სეზონის განმავლობაში 101 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას ის 2008 წლიდან იცავს და 45 თამაშში 15 გოლი გაიტანა.

 

0.113277